ქართველი ჟურნალისტების ნაწილი ბეჭდური მედიის გავრცელების ალტერნატიული გზის წინააღმდეგ, ანუ როგორ ნაწილდება გრანტები მედია–სივრცეში

ქართველი ჟურნალისტების ნაწილი ბეჭდური მედიის გავრცელების ალტერნატიული გზის წინააღმდეგ, ანუ როგორ ნაწილდება გრანტები მედია–სივრცეში

 

 

 

 

 

თბილისის მერია კვლავაც ძველ ვერსიაზეა - რომ დედაქალაქში პრესის გავრცელების ჯიხურების აღების პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს (თუმცა, რაკი კანონს ხელისუფლება იღებს, ფორმალურად „კანონიერი“ ქართულ რეალობაში არცთუ იშვიათად უკანონოსაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, კანონიერების ნამდვილი არსის გათვალისწინებით). მეტიც, ახალ ჯიხურებზე გამოცხადებულ ტენდერებში პრესის გამავრცელებელებსაც ეპატიჟებიან (ეჭვი მაქვს, წინასწარვე იციან, რომ პრესის გამავრცელებლების ჯიბე ამ საქმეს ვერ ეყოფა). რელურად კი, პრესის გავრცელებაში უკვე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი შეფერხება, იმ მარტივი მიზეზით, რომ პრესის გასაყიდად ადგილები, უბრალოდ, აღარ არის.

ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა როგორც ცალკეულ გამავრცელებლებს, ისე - პრესის გავრცელების ორგანიზიციებს, დახმარება შესთავაზა. შეხვედრაც შედგა და პრესის გავრცელების ალტერნატიული გზის უზრუნველსაყოფად ორიოდე კვირის წინ ახალი ორგანიზაციაც შეიქმნა. თუმცა ამ ფაქტს მედიის წარმომადგენლები ცალსახა სიხარულით არ შეხვედრიან: მაგალითად, ია ანთაძეს მიაჩნია, რომ მედიაში პოლიტიკური ფულის გამოჩენა ნეგატიური მოვლენაა (თუმცა, ძნელი სათქმელია, რა შუაშია გაზეთის გაყიდვის თავისუფლება ჟურნალისტურ თავისუფლებასთან), ამ ინიციატივისთვის უპირობო მხარდაჭერა არც ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს გამოუცხადებია.

რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა თავად ჟურნალისტებში პრესის გავრცელების ხელშეწყობის შესაძლებლობამ და, საერთოდაც, რა პერსპექტივა აქვს 2012 წლის საპარალმენტო არჩევნებამდე გართული ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას? – თემას ელისო ჩაფიძესთან ერთად განვიხილავთ.

 

როგორ ხსნით იმ აჟიოტაჟს, რომელიც გამოიწვია ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ხელშეწყობის ინიციატივამ, რა არის სადავო ჟურნალისტების მხრიდან იმაში, თუ გაზეთები გაიყიდება?

– აქ არის რამდენიმე საკითხი. როგორც კი ჯიხურების აღება დაიწყო და ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით იმ სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ ბეჭდური მედია ვეღარ გავრცელდებოდა, შეხვედრებს ვმართავდით აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ მხარესთან – დისტრიბუტორებით თუ გამავრცელებლებით დაწყებული და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებით დამთავრებული. ეს შეხვედრები მიმდინარეობდა თბილისიის მერიაში ბატონ მამუკა ახვლედიანთან.

 

“პრესის ასოციაციამ” მოამზადა კონკრეტული კანონპროექტი გარე ვაჭრობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, თვითონ ეს ადამიანები – გამავრცელებლები და დისტრიბუტორები – ორი წელია ითხოვენ, რომ მათ ურთიერთობას თბილისის ხელმძღვანელობასთან მისცემოდა სამართლებრივი ფორმა, მაგრამ თვითონ მერია არ იძლეოდა ამის საშუალებას. ისინი ელოდებოდნენ, როდის გაუვიდოდა ვადა ჯიხურების მფლობელებს, რომ შემდეგ ასეთი „ბართლომეს ღამე“ მოეწყოთ მათთვის.

 

რას ამბობდნენ თბილისის მერიაში, როდესაც მათ ხვდებოდით? გასაგებია, რომ აშკარად არ იტყოდნენ, ვადის გასვლას ველოდებითო, მაგრამ რაღაც მიზეზს ხომ ასახელებდნენ?

– ისინი ამბობდნენ, რომ არსებული ჯიხურების დიზაინი არ მოსწონდათ და ამ ყველაფერს ქალაქის იერ-სახეზე ზრუნვით ხსნიდნენ. როგორც ვიცი, არაოფიციალურ საუბრებში გიგი უგულავას უთქვამს, რას ჰგვანან ეს ადამიანები, რომლებიც გაზეთებს ჰყიდიანო. მოგეხსენებათ, ისინი დილის ოთხ საათზე მიდიან ბირჟაზე გაზეთების ასაღებად, მათ ცუდად აცვიათ, თვალები ჩასისხლიანებული აქვთ...

 

თუ უგულავას უნდა, რომ „ნარცისია როდრიგესისა“ და „შანელის“ სუნამონაპკურები,  „ლაპიდუსის“ ტანსაცმელში გამოპრანჭული დისტრიბუტორები გვყავდეს, მათ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას შესაბამისი პირობები. ამ ადამიანების ბედით შეშფოთებულებმა იმ დღეებში, გარდა იმისა, რომ  აქცია გავმართეთ მერიის წინ, შევხვდით, ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებს, ბიძინა ივანიშვილმა კი თავად გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მასაც შევხვდით, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და, სხვათა შორის, უპირველესად, სწორედ ჩვენი ხელისუფლებისგან მოვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას ისევე, როგორც ეს დარეგულირებულია ბევრ ქვეყანაში.

 

ჩვენ ყველას ვხვდებით და ვუხსნით ამ პრობელმის არსს. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, ამერიკის საელჩოს, ჰილარი კლინტონის მოადგილესაც მივაწოდეთ ინფორმაცია.

 

რაზე თანხმდით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე?

– ეს იყო მისი მხრიდან გადამოდგმული ნაბიჯი. მას აინტერესებდა, რა პრობლემებია ამ სფეროში. თქვა, რომ ძალიან ეცოდება ეს ადამიანები. კონკრეტულ დეტალს გეტყვით და არა იმიტომ, რომ მინდა, წარმოვაჩინო ივანიშვილი, როგორც პანაცეა. მან გვითხრა – როდესაც ისტორიას ვსწავლობდი, ძალიან მტკივნეულად დამამახსოვრდა ერთი ეპიზოდი, როდესაც მიწების დანაწილება ხდებოდა მონათმფლობელობის დროს, სახელმძღვანელოში ეხატა კაცი, რომელიც ცალ ფეხზე იდგა, იმიტომ რომ მემამულემ აღარ დაუტოვა მეორე ფეხზე დასადგომი მიწის ნაკვეთი და ასე მგონია, ეს დისტრიბუტორებიც ასეთსავე მდგომარეობაში არიანო.

 

არა ჩვენ, არამედ იმ დისტრიბუტორებსა და გამავრცელებელი კომპანიების წარმომადგენლებს ჰკითხა, რით შემიძლია, დაგეხმაროთ, რომ ეს სამსახური არსებობდესო. სიტყვა-სიტყვით გეტყვით მის ნათქვამს: მოდი, იმ ადამიანებს, რომლებიც გაზეთებს გაყიდიან, წახალისების მიზნით, ერთი წილს განმავლობაში დავუნიშნოთ გარკვეული ოდენობის ხელფასი, რომ არსებობა შეძლონო. ლაპარაკი იყო მათთვის ყოველთვიურად  300 ლარის დინიშვნაზე. პლუს დავუტოვოთ მოგება, უამრავი ახალგაზრდა და ასაკოვანი ადამიანია დაუსაქმებელი და ეს მათ დასაქმებას წაადგებაო. თავიდან ისიც კი თქვა, ხომ არ მივიღოთ მონაწილეობა ჯიხურების აუქციონშიო.

 

აქ უნდა გავმიჯნოთ რამდენიმე საკითხი: ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანხას არ აძლევს არც „პრესის ასოციაციას“ და არც კონკრეტულად ჟურნალისტებს, თუმცა ჩვენი შეხვედრის შემდეგ დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა ასი ათასი გადმოგვირიცხა. არც „პრესის ასოციაციის“ და არც გაზეთების წარმომადგენლებს არც ერთი თეთრი არ მიუღიათ. პირიქით – ლაშა ტუღუშმა, მე, ირაკლი თევდორაშვილმა და სხვა ადამიანებმა ჩვენი ხელფასიდან გარკვეული თანხა ჩავურიცხეთ იმ ადამიანებს, რადგან ვმოქმედებთ იმ პრინციპით, რომ, თუკი ივანიშვილი ეხმარება დისტრიბუტორებს, ჩვენც უნდა დავეხმაროთ მათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენს პროდუქცას ასაღებენ.

 

თუმცა, ისინი იმაში, რომ თქვენს პროდუქცას ასაღებენ, პროცენტს იღებენ?

– რა თქმა უნდა. უბრალოდ, ახლა შეუტიეს იმ ბიზნესს, რომლის გარეშეც ჩვენ უბრალოდ ვერ ვიარსებებთ. ამან, რატომღაც, ძალიან არაჯანსაღი ინტერესი გამოიწვია და ჭკუის დამრიგებლებიც გამოჩნდნენ. უამრავი ადამიანი მირეკავს დღის განმავლობაში: ზოგი ამბობს, რომ „ნეტგაზეთიდან“ არის, ზოგი – საიდან და ზოგიც – საიდან. ისინი ინტერესდებიან, გადმორიცხა თუ არ გადმორიცხა ივანიშვილმა თანხა, ავიღებთ თუ არ ავღებთ ამ თანხას, მიგვაჩნია თუ არა ეს მართებულად…

 

თუ ეს თანხა გამავრცელებლების ხელფასებისთვისაა განკუთვნილი, თქვენ როგორ აიღებთ? ან, მაგალითად, მე თუ ვიქენი გამავრცელებელი, რატომ არ უნდა ავიღო?

– ის ადამიანები ამ ყინვაში ქუჩაში უნდა იდგნენ დილიდან საღამომდე, ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ იმოქმედებს ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვის რა დაუშავდება, თუ გაზეთების გამყიდველები ანაზღაურებას მიღებენ?! საუბარია იმაზე, რომ მათ შევუძინოთ თბილი ტანსაცმელი, გადაადგილების საშუალებები და ასე შემდეგ. თან, არა ჩვენ, არამედ იმ ახალმა ორგანიზაციამ, რომელიც შეიქმნა.

 

სწორედ ეს უნდა მეკითხა სამართლებრივად როგორ დარეგულირდება ეს საკითხი?

– იმის გამო, რომ „პრესის ასოციაციას“ არ უნდოდა, პირდაპირ ყოფილიყო ვინმესგან გრანტის მიმღები, დააფუძნა „თავისუფალი პრესის ასოციაცია“, რომელსაც ჰყავს თავისი დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა. სიმართლე გითხართ, არც ვიცნობ.

 

ჟურნალისტებთან ამ ორგანიზაციას რამე კავშირი აქვს?

– არანაირი. თუმცა, ვრცელდება ბინძური ჭორები. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამას ის გააკეთებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი ეს ბიზნესი მომგებიანი უნდა გახდეს. მისი მხრიდან ეს არის ერთჯერადი გრანტი.

 

რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება?

– ბევრი ადამიანი პირად საუბრებში გამოთქვამდა საკუთარ აზრს, რომ ეს თანხა არ უნდა აიღოთო. ჯერ ერთი, ჩვენ არაფერს ვიღებთ. ია ანთაძის კომენტარში წავიკითხე და ძალიან გამიკვირდა – პოლიტიკური ფული არ უნდა იყოს ჟურნალისტიკაშიო. მაპატიეთ, მაგრამ, როგორ არის ის ფული ჟურნალისტიკაში, თუ პრესის დისტრიბუციაში ჩაიდება?! რა ვალდებულებას იღებს ამის გამო ბიძინა ივანიშვილის წინაშე რომელიმე კონრეტული ჟურნალისტი?! თუ, ადამიანური თვალსზრისით, პირადად მე თავს არა მარტო ბიძინა ივანიშვილისადმი ვგრძნობ დავალებულად, იგივე დამოკიდებულება მაქვს „ქრისტიან-დემოკრატებთანაც“, რომლებმაც მოინდომეს ჩვენი  დახმარება საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბუნებრივია, ეს ხელს არ შემიშლის იმაში, რომ მათი საქმიანობა გავაშუქო.

 

სხვათა შორის, ეჭვებს გამოთქვამენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გრანტებს სხვადასხვა ფონდებიდან იღებენ, რაც არანაირად არ ეხმარება ქართული მედიის განვითარებას. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ სამდღიანი ქეიფი და დროსტარება ლოპოტას ტაზე ხელს უწყობს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას, რაშიც ათეულ–ათასობით დოლარი იხარჯება, ან, რომ ჯორჯ სოროსი უფრო კეთილშობილი და ქველმოქმედია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ სოროსისგან შეიძლება გრანტის მიღება, ივანიშვილისგან კი არ შეიძლება, საერთოდ წავალ ჟურნალისტიკიდან. მე მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებიც იძიებენ ამ საკითხს, მაგრამ მაინტერესებს...

 

ერთი ია ანთაძე. კიდევ ვინ დააფიქსირა თავისი მკვეთრი პოზიცია?

– ამაზე „ეთიკის საბჭოშიც“ იყო საუბარი.

 

წინააღმდეგი არიან?

– ზოგადად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ სხდომაზე მყოფ ადამიანებს ვთხოვე, მხარდაჭერა გამოხატულიყო პრესის დისტრიბუციასთან დაკავშირებით, მაგრამ ქვორუმი არ იყო. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი, მაგრამ ამან ძალიან არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. ძალიან ვთხოვ ყველა ამ ადამიანს, მათ შორის – „ნეტგაზეთის“ წარმომადგენლებს, მაგალითად, მაია მეცხვარიშვილი არის ეთიკის საბჭოში, ასეთივე წარმატებით დაინტერესდნენ ეთიკის საბჭოს მიერ ათვისებული გრანტების ხარჯვის კანონიერებითა და მიზნობრიობით და იმით, თუ რამდენად დაეხმარა ეს გრანტები ქართული მედიის განვითარებას. იმიტომ რომ ამ ორგანიზაციას – „თავისუფალი პრესის ასოციაციას“ – ჯერ არანაირი თანხა ჯერ არ მიუღია, „ეთიკის საბჭო“ კი ორი წელია, არსებობს და საკმაოდ სოლიდური თანხებია გრანტების სახით შემოსული. საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ არ ვიცი, რაში იხარჯება ეს ფული, თუკი ანალოგიურად დაინტერესდება „ნეტგაზეთი“ ამ საკითხით მადლობელი დავრჩები.

 

გასაგებია, რომ ცალკეულ დისტრიბუტორებს დაენიშნებათ ხელფასი, შეექმნებათ მეტნაკლებად ასატანი სამუშაო პირობები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებაში რა ფუნქცია ენიჭებათ პრესის გავრცელების ორგანიზაციებს?

– როგორც ვიცი, გავრცელების სამსახურებს შესთავზეს, რომ ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე, სადაც განთავსდება ეს გაზეთები, იმიტომ რომ დასაწყობების პრობლემაა. ჯიხურში შენახვა შეიძლებოდა, ახლა კი უჭირთ.

 

თან, ყოველ დღე ბირჟაზე უნდა იარონ...

– ჩვენ ვსაუბრობთ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ ორგანიზაციაზე და ვიღაცეებს უნდათ, რომ ის ჩანასახშივე მოკლან, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ. ორგანიზაცია 13 დეკემბერს დარეგისტრირდა, მათ გამოაცხადეს კონკურსი. მე შიდა–ორგანიზაციულ საკითხებში ვერც ჩავერევი და არც ჩავერევი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიები პასუხისმგებელნი იქნებიან ამა თუ იმ ლოჯისტიკური ცენტრის მომარაგებაზე და ისე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ორგანიზება, რომ ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი. ანუ პრესის გავრცელების იმ ადგილებს, რაც დარჩა თბილისში, არ გაუწიონ კონკურენცია.

 

ფაქტობრივად, თუ სწორად გავიგე, ბეჭდური მედიის გავრცელების ალტერნატიული ქსელი იქმნება?

– დიახ, რაც დღემდე, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს. თბილისში, ასე თუ ისე, არის, მაგრამ რეგიონებში ასაწყობია. თუმცა, მე ვერ გეტყვით, რამდენად გაქაჩავს ეს ახალი კომპანია და შეძლებს ფეხზე დადგომას, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ გვაქვს იძულების ისეთი მექანიმზები, როგორებიც „ტაბულას“ გააჩნია, მაგალითად, „სილქნეტის“ ჩასმა მომსახურებაში.

 

სტლაჟებზე ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის უფლება დარჩათ?

– ჯერჯერობით კი, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯიხურებში იყვნენ, ქუჩაში გადმოინაცვლეს. ზოგმა ვერ გაუძლო ამას და სახლში წავიდა. იმის შიშიც გვაქვს, რომ ჯიხურების შემდეგ, როგორც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს სტელაჟებისგან, თბილისისი იერ-სახეზე ზრუნვის მოტივით დაიწყება აქცია ქუჩაში მდგომი გამავრცელებლების წინააღმდეგაც. მგონია, რომ თბილისის იერ-სახეზე ზრუნვა უნდა ადვიწყოთ მისი მოქალაქეებით.

 

იერ-სახეზე ზრუნვის მოტივი არ არის ახალი, როდსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო თბილისისი მერი, მახსოვს, აპირებდა, ყოველ შემთხვევაში, თქვა, რომ მშრალ ხიდზე ბაზრობა უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ დედაქალაქს იერს უფუჭებსო?

– ეს არის აბსოლუტურად არაჰუმანური და არაცივილიზებული მიდგომა. ბერლინში, შპრეეს ნაპირებზე, არსებობს ზუსტად ისეთი ბაზრობა, როგორიც ჩვენთანაა მშრალ ხიდზე. მსგავის ბაზრობები მინახავს ფრანკფურტში და დრეზდენში. თუკი იქ არავინ მიიჩნევს ამას არაესთეტიურად, რატომ ითვლება ეს არაესთეტიურად თბილისში?! ხომ არ შეიძლება, ადამიანები ჩაცმულობის ან სიმაღლის მიხედვით განვასხვავოთ?! ეს მართლაც ფაშისტური მიდგომაა.

 

თქვენ როგორ ხსნით იმას, რომ თვითო მედიაში, ჟურნალისტების მხრიდან გაჩნდა ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც თავად ამბობთ, ჯერ ჩანასახში მყოფი ორგანიზაციის მიმართ?

– ქართულ მედიას რამდენიმე ჯგუფად ვახარისხებ: არიან აშკარად პროსახელისუფლო ჟურნალსიტები და მედიასაშუალებები, რომლებიც უბრალოდ არ იმჩნევენ ამ პრობლემას და თავიანთი კოლეგების გაჭირვებას. ისინი არიან მდგომარეობაში, როდესაც ცხოვრება მშვენიერია და ამაში აჯერებენ მოსახლეობასაც და თავიანთთვის, მართლაც, მშვენიერი ცხოვრება მოიწყვეს. მაგრამ ისინი კულტურულად იქცევიან, იმ თვალსაზრისით, რომ, მართალია, საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, მაგრამ შენ ქვებს მაინც არ გესვრიან. განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს თავდაჭერილობა სახელისუფლო ტელევიზიების მხრიდან. მაგალითად, მერიასთან გამართულ აქციაზე იყვნენ „რუსთავი-2-ის“ წარმომადგენლები და საკმაოდ ობიექტურადაც გააშუქეს

 

მეორე კატეგორიაა უკიდურესად აგრესიული სახელისუფლო მედია – „რეალ ტივი“, „პრესა ჯი“. მე მათ კოლეგებად არ მოვიხსენიებ და არც მიმაჩნია, რომ ისინი ჟურნალისტიკაში მუშაობენ. უფრო – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან და მათ შორის ბევრია წინა ხელისუფლების აგენტურა.

 

და მესამე – არიან ბუფერული მედიასაშულებები, რომლებიც, როგორც ჩანს, მაინც სახელისუფლო გრანტებით იკვებებიან. გეტყვით, როგორი საგრანტო პოლიტიკაა საქართველოში…

 

აშკარად თვალშისაცემია, რომ გრანტებს მუდამ ერთი და იგივე სახეები და სახელები იღებენ, თითქოს ერთხელ თუ მოხვდი წრეში, შედეგი პერმანენტულადაა გარანტირებული.

– გრანტებს ერთი და იგივე ადამიანები იღებენ და მე ძალიან სერიოზული პრეტენზია მაქვს ამის გამო, ოღონდ არა იმიტომ, რომ მე არ მაძლევენ და ვინმე სხვას აძლევენ. შეიძლება, ათ კონკურსში მივიღო მონაწილეობა და ერთი მოვიგო და ამაში არაფერია საკვირველი და გასაოცარი, მაგრამ მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ადამიანები გრანტებს იღებენ ისე, რომ პროექტი არ არსებობს. საოცრებები ხდება ამ სფეროში და, რაც მთავარია, არავინ აკონტროლებს ხარისხს. მაშინ თქვან, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას თანხები გამოყოფილი აქვს იმისთვის, რომ დაისვენონ ბათუმში, ლოპოტაზე, გუდაურსა და ბაკურიანში, ზამთარია და ამიტომ ზამთრის კურორტები უფრო აქტუალურია, მაგრამ ნუ იტყვიან, რომ ისინი ამით ქართულ მედიას ეხმარებიან.

 

ამას გარდა, არის რამდენიმე პრიორიტეტული ორგანიზაცია (არ მინდა, რომ ისინი ჩამოვთვალო), რომლებსაც ყოველთვის შეუზღუდავად აქვთ გრანტები და რომლებიც რეალურ პრობლემებზე, სამწუხაროდ, არასდროს იღებენ ხმას.

 

საოცარი თავგადასავალი მქონდა ეთიკის საბჭოში, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს წინააღმდეგ შეტანილი  იყო საჩივარი, ისე, რომ არც ნომრის რედაქტორი ვიყავი, არც შეხება მქონია სტატიასთან. როდესაც სარჩელის ავტორი ქალბატონი მოვიდა და ვკითხე, რა უნდოდა ჩემგან, მან ჩვენი საბჭოს ერთ-ერთ წევრზე მიმითითა და მითხრა, აი, მისი თხოვნით შემოვიტანე საჩივარიო. როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება ორგანიზაციაში, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. თუმცა ისიც მინდა, ვთქვა, რომ ზვიად ქორიძის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

 

ეთიკის საბჭო მხოლოდ გრანტებით არსებობს?

– რა თქმა უნდა. პირველი ერთი წელი უმძიმესი იყო, რადგან არანაირი გრანტი არ გვქონდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ არანაირი ანაზღაურება ეთიკის საბჭოში არ ამიღია და ამით მინდა გავემიჯნო ეთიკის საბჭოს გრანტების თემას.

 

სხვები იღებდნენ?

– ზოგადად, ჩემთვის ცნობილია, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი სხვადასხვა პროექტში იყო, მაგრამ ამის შესახებ, იმედია, თვითონ ისინი ილაპარაკებენ.

 

ეთიკის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას?

– დიახ.

 

ეს არ ჰგავს ინტერესთა კონფლიქტს?

– არ ვიცი, მათ ჰკითხეთ.