უმუშევრობა საახალწლოდ, ანუ “ნულოვანი ტოლერანტობა”

უმუშევრობა საახალწლოდ, ანუ “ნულოვანი ტოლერანტობა”


2011 წელი იმით იყო გამორჩეული, რომ სამსახური დაკარგეს საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა, ექიმებმა, პედაგოგებმა. უკვე წლის ბოლოს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს პორტის თანამშრომლები, საერთო ჯამში 800-მდე ადამიანი. ამას ყოველდღიურად ემატება თბილისის ქუჩებიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღების შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ერთი სიტყვით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში სამსახური მინიმუმ 1000 ადამიანმა დაკარგა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ათასმა დასაქმებულმა.

წინა კვირას ბათუმის პორტიდან 200 თანამშრომელი გაუშვეს, ფოთის პორტიდან კი - 600 ადამიანი. სამსახურიდან გათავისუფლებული პირები ამბობენ, რომ პორტებში მხოლოდ იმ კადრებს იტოვებენ, რომელთა ასაკი 35 წელზე ნაკლებია, ამ პირობებს კი სულ რამდენიმე ადამიანი აკმაყოფილებს. 

ბათუმის პორტიდან გათავისუფლებულებმა საზღვაო ვაგზალთან საპროტესტო აქციაც გამართეს და საკუთარი უფლებები დაცვა მოითხოვეს. პორტის ადმინისტრაციამ კი მხოლოდ ის პირობა დადო, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც ასაკით 35 წელზე ზევით არიან, მშენებლობებზე დასაქმდებიან.

ფოთში კი ადამიანთა უსამსახუროდ დატოვების შესახებ ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება თავად ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ითავა. ლემონჯავას განცხადებით, მასიური შემცირება, დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, თუმცა, ახალი მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ამ ვადამ წლის ბოლომდე გადმოიწია.

“კომპანიის, რომელიც კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” აქციების 80%-ის მესაკუთრე გახდა, მენეჯმენტი ფიქრობდა მიმდინარე წლის მაისში 700-მდე თანამშრომლის შემცირებას. კონსულტაციები იყო ჩვენთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და წლის ბოლომდე თავი შეიკავეს ამ პროცედურისგან. დიალოგის რეჟიმში, ნელნელა შეიმუშავეს სოციალური დაცულობის პროექტი იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც შემცირდებოდნენ.

საბოლოოდ, მათ გაათავისუფლეს 387 თანამშრომელი, რომელთაგან 246 პენსიონერია, ან უკვე საპენსიო ასაკისაა. გათავისუფლებულ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, სტაჟის მიხედვით, მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა სხვა სამსახურებში, ერთი წლის განმავლობაში, 50-დან 90%-მდე მიეცემათ შრომის ანაზღაურება. ხოლო, ერთ წლამდე სტაჟის მქონე ადამიანებს, ერთდროულად მიეცემათ ოთხი თვის ანაზღაურება”, _ აცხადებს ლემონჯავა.

ფოთის პორტის თანამშრომელთა უმრავლესობა, რომელთაც სამსახურის დატოვება მოუხდათ, გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ, რაც პორტის მხრიდან, გარკვეული პერიოდით, მათი ფინანსური უზრუნველყოფითაა განპირობებული.

ამბობენ, რომ პრეტენზიებით და ქუჩაში წივილ-კივილით, მაინც ვერაფერს მივაღწევთ და იმ ერთწლიან ანაზღაურებასაც დავკარგავთ, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დაგვენიშნაო.

Mმოკლედ, ასეთია რეალობა და იმ დროს, როდესაც ხალხი სამსახურს კარგავს, ქვეყნის მესამე პირი ცალსახად ირწმუნება, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა. ნიკა გილაურის მტკიცებით, 2011 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და ახლა ის ნაცვლად 16,3%-სა, უკვე 15,5%-ს შეადგენს.
 
გილაურის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უმუშევრობის მაჩვენებლის 0,8%-ით შემცირებას, საშუალოდ, 4 ათასი სამუშაოა დგილის შექმნა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთი რამ ქვეყანაში არ მომხდარა. მეტიც, რეალური უმუშევრობა არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც და დღეს ეს მაჩვენებელი 50%-საც კი აჭარბებს.

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ:
“საქართველოში უმუშევრობის დონე ნამდვილად არ შემცირებულა და ეს ვერც მოხდებოდა. წლის განმავლობაში არ მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ რაღაც საწარმო გახსნილიყო და იქ ადამიანების დასაქმება მომხდარიყო. ჩვენი მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი არის 27%, დასაქმებულების 25% კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს.

“ვის თვლის ხელისუფლება დასაქმებულად და ვის არა, ეს მეორე საკითხია, მთავარი ისაა, რომ დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი და მასშტაბურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება წინა წლებს, თუ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. 2003 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 12,3% იყო, 2004 წელს ის 0,3%-ით გაიზრდა და 12,6% შეადგინა. 2005 წელს - 13,8% შეადგინა, უკვე 2006 წელს კი - 13,6%.

უმუშევრობის რაოდენობამ დაიკლო 2007 წელსაც, მაშინ ეს მაჩვენებელი 13,3%-ს შეადგენდა. უკვე 2008 წლიდან კი უმუშევრობის მაჩვენებელი, წინა წელთა შედარებით, 3,2%-ით გაიზარდა და 16,5%-ს მიაღწია. 2009 წელს კი რეკორდი დამყარდა - 16,9%, ხოლო 2010 წელს კი სულ რაღაც 0,6%-ით შემცირდა და 16,3%-ზე დაფიქსირდა.