ემა ტუხიაშვილი, "კვირის პალიტრა"
საქართველოს რიტეილის (საცალო ვაჭრობის) ბაზარი ჯერ კიდევ ველური კაპიტალიზმის მეთოდებით მუშაობს. "ამუშავე სხვისი ფული" -ამ პრინციპით დღეს თითქმის ყველა მსხვილი, ე.წ ბრენდული ქსელური ობიექტი ხელმძღვანელობს. პირველადი ნაშთის ჩატოვება, "რეტრო ბონუსი", დახლში დამატებითი თანხის გადახდა -ეს ის ძირითადი პირობებია, რომელთა გარეშე დღეს სავაჭრო ქსელებში პროდუქციას ვერ შეიტან.
ბოლო დროს "ეკოპალიტრას" რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიიდან დაუკავშირდნენ, მათ შორის ბაზარზე ახალშემოსული ფირმიდანაც. კომპანიის წარმომადგენლები, აღშფოთებასთან ერთად, გაოცებასაც გამოხატავდნენ, რომ სავაჭრო ქსელები დისტრიბუტორებთან ურთიერთობისას ერთნაირი პირობებითა და ორმხრივი თანამშრომლობის მსგავსი ხელშეკრულებებით ხელმძღვანელობენ. პროდუქციის მიმწოდებელს არჩევანი, ფაქტობრივად, არ აქვს და იძულებულია, შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს, რადგან გაყიდვის თვალსაზრისით მსხვილ სავაჭრო ქსელში პროდუქციის განთავსება მათი საქმიანობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
დღეს საქართველოს ბაზარზე, "საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შემოტაც რომ დააპიროთ, მზად უნდა იყოთ, რომ ბრენდულ, ქსელურ მაღაზიებში ერთნაირი პირობები დაგხვდებათ. რატომ აქვთ ერთი შეხედვით კონკურენტებს ერთნაირი პოლიტიკა, ამაზე შეგვიძლია მხოლოდ მოსაზრებები გამოვთქვათ. წესით, მსხვილი სავაჭრო ობიექტები ერთმანეთთან უნდა კონკურირებდნენ და ცდილობდნენ, პროდუქციის რაც შეიძლება მრავალფეროვანი ასორტიმენტი მისაღებ ფასად წარმოადგინონ, მაგრამ ასე არ ხდება. მსხვილ სავაჭრო ქსელებს რიტეილის ბაზარი, ფაქტობრივად, გაყოფილი აქვთ და ერთნაირი პირობების დაწესებით ცდილობენ მაქსიმალურად მაღალი მოგების მიღებას. ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ქსელები კიდევ უფრო ფართოვდება, მაგალითად კომპანია "გუდვილი", რომელმაც "ჯიმარტის" სუპერმარკეტების ქსელი შეიძინა, ახალ სავაჭრო ობიექტს აშენებს ქავთარაძეზე, "იოლი" მაღაზიების გარდა ქალაქში ჯიხურების ქსელის განვითარებას გეგმავს. ქსელური სავაჭრო ობიექტების ისედაც უპირატესი მდგომარეობა ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ცალკეული ობიექტების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს და არც სადისტრიბუციო კომპანიებს დაგვადგება კარგი დღე.
სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებიან: ჩვენ გვაქვს კარგი ბრენდი, გვყავს დიდი მომხმარებელი და თუ გსურს, შენი პროდუქცია ჩვენთან იყოს წარმოდგენილი, რამდენიმე კონკრეტული პირობა უნდა დააკმაყოფილოო. პირველი და ყველაზე გავრცელებული პირობა არის ქსელში პროდუქციის ღირებულების ნაშთის ჩატოვება. მარტივად რომ ვთქვათ, პირველი ერთი თვის, ერთი კვირის, ან პირველი პარტიის გაყიდვით შემოსული თანხა რჩება სავაჭრო ქსელს მანამ, სანამ შენი პროდუქცია მათთან იქნება წარმოდგენილი. ამას ნაშთის ჩატოვებას ეძახიან, რეალურად კი საბრუნავ თანხებს იზრდიან. ყველა სადისტრიბუციო კომპანიას, მწარმოებელს, როგორც წესი, ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და საკმაოდ დიდ საპროცენტო სარგებელს იხდის, მაშინ როცა რეალიზატორი მისგან ფაქტობრივად უპროცენტო სესხით სარგებლობს. ასეთ პირობებში მიმწოდებელი იძულებულია პროდუქტი გააძვიროს, ეს კი საბოლოოდ მომხმარებელს აწვება ტვირთად.
კიდევ ერთი პირობა, რომლის შესრულებასაც სავაჭრო ქსელები მიმწოდებლებისგან ითხოვენ, "რეტრო ბონუსია". ეს არის გაყიდული პროდუქციის 1%, 2%, 3% და ზოგჯერ 15%-იც კი, რომელსაც უკან უბრუნებ სავაჭრო ობიექტს. და კიდევ ერთი -გაყიდული პროდუქციის კიდევ 1%-ის დატოვება სავაჭრო ქსელისთვის იმის გამო მოგიწევს, რომ შენი პროდუქცია კარგ დახლზე მოათავსონ, რასაც მარკეტინგული მომსახურების საფასურს უწოდებენ. ასეთ პირობებში, ფაქტობრივად, მატერიალური რესურსი აღარ გვრჩება, რომ ცალკეულ მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტებში შევიტანოთ პროდუქცია, აღარაფერს ვამბობ ბიზნესის განვითარებაზე. რაც შეეხება გაყიდული პროდუქციის თანხის დაგვიანებას სავაჭრო ქსელების მხრიდან, არახალია", -გვიამბო ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაგები მიზეზით ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"ის, რაც საქართველოს რიტეილის ბაზარზე ხდება, ველური კაპიტალიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინდრომია, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან. მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ აქ ბიზნესისთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი პირობები დაგვხვდებოდა", -გვითხრა ერთ-ერთი ახალშემოსული სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელმა.
ამირან გიგუაშვილი (ადვოკატი): "საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი ლეგალურად ხდება. ყველა ეს პირობა წერია ხელშეკრულებებში, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. რა თქმა უნდა, ამის აფიშირება არ ხდება, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. ამ ხელშეკრულებების შესახებ საგადასახადო მაკონტროლებლებმაც იციან და მათ არ შეუძლიათ შეედავონ რეალიზატორებს, რადგან "რეტრო ბონუსებიც", ნაშთის ჩატოვებაცა და სხვ. მხარეებს ნაჩვენები აქვთ საგადასახადო დეკლარაციებში. პრობლემა ის არის, რომ არანაირი კანონი ამ მხარეების ურთიერთობას არ არეგულირებს, არავინ უკრძალავს ქსელებს ასეთ ქმედებებს. ჩვენი სახელმწიფო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზეა ორიენტირებული, არსებობს ლიბერალური მიდგომები, სახელმწიფო საერთოდ გასულია კერძო სამართლებრივი სუბიექტების ურთიერთობებიდან და შესაბამისად, არანაირი ნორმა არ არსებობს, რომელიც მხარეს ან აუკრძალავს, ან ნებას დართავს, რომ ერთმანეთში ასეთი ვალდებულებები განსაზღვრონ. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში მეტწილად მძიმე სოციალური ფონია, უპრიანი და მიზანშეწონილი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა საბაზრო ურთიერთობების განვითარებას და მომხმარებლის უფლებების დასაცავად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით რეგულაციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ იქ არის ასეთი მუხლი -არაკონკურენტული საბაზრო რეგულირების პირობები, სადაც მომხმარებელთა ინტერესების დამატებითი გარანტიებისთვის, უნდა ჩამოყალიბებულიყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის სამსახური, ანუ მომხმარებელთა ინტერესების დამცველი ომბუდსმენი. მიუხედავად იმისა, რომ შესწორება ამის თაობაზე კანონში 2003 წელს შევიდა, ომბუდსმენის სამსახური დღემდე არ შექმნილა.
არის ერთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გარკვეულწილად აღწერილ შემთხვევებს ეხება. კოდექსის 195-ე მუხლი ამბობს, რომ მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა, მაღალი ან დაბალი ფასების დაწესება, ბაზრის გაყოფა მასზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების მიზნით, ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან/და შენარჩუნების გზით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე. ხოლო ასეთი ქმედება ჯგუფურად ან არაერთგზის განხორციელებული, ისჯება 2-დან 4 წლამდე. შესაბამისად, კანონი ორ სუბიექტს შორის ურთიერთობებს პირდაპირ არ არეგულირებს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის ერთგვარი პრევენციული ნორმები ამ მიმართულებით არსებობს. იდეის დონეზე, ამ ნორმებით შესაძლებელია დაცული იყოს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლისა და რეალიზატორების ინტერესებიც.
ამ პირობებში, როდესაც სადისტრიბუციო ქსელი იძულებულია, მეტისმეტად მაღალი ფასი გადაიხადოს თავისი პროდუქტის წარდგენისთვის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში, ზარალდებიან ინდივიდუალური სავაჭრო ობიექტები, რადგან მათთან შესასვლელად და პროდუქციის განსათავსებლად მიმწოდებელს ხშირად რესურსი აღარ ჰყოფნის, ის დიდ მოთამაშეებთან ურთიერთობას ხმარდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამაში უხეშად არ უნდა ჩაერიოს და ეს უნდა დატოვოს სუბიექტებს შორის ორმხრივი მოლაპარაკების დონეზე, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე ბაზრის მონიტორინგი და რეგულაცია მაინც უნდა განახორციელოს, თუნდაც მომხმარებლების ინტერესების დასაცავად".
838
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85