თუ არ ჩავთვლით თბილისსა და ბათუმს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით უძრავი ქონების ბაზარი სხვაგან არც არსებობს. 2011 წლის ბოლოსაც სამშენებლო სექტორში დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2-3 წლის წინათ. ფასები შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ზემოთ მიცოცავს, მშენებლობები (თუ არ ჩავთვლით სახემლწიფო დაკვეთებს), ფაქტობრივად, არ ხორციელდება.
ექსპერტები უძრავი ქონების სექტორში გაიაფებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება და შესაძლოა, ფასებმა მომავალი წლიდან 10-15 პროცენტით მოიმატოს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ის კი არადა, უძრავი ქონების უმსხვილეს სააგენტოებში მიმდინარე წელს უძრავი ქონების გაძვირებაზე საუბრობენ. “ერდო ჯგუფის” განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, ბინების ფასები 20%-მდეა გაზრდილი, თუმცა მოთხოვნა საცხოვრებელ ფართებზე უცვლელია.
მენეჯმენტის თქმითვე, გაყიდვების მაჩვენებელმა კომერციულ ფართებსა და მიწის ნაკვეთებზე, საშუალოდ, 60%-ით მოიმატა. “ერდო ჯგუფის” განცხადებითვე, ქართველ მომხმარებლებში პოპულარული კომერციული ფართები, ასევე ახლადაშენებულ კორპუსებში ბინებია.
უძრავი ქონების კიდევ ერთი სააგენტო “ელიტ გრუპის” ხელმძღვანელის თქმით, 2011 წელს გასულ წელთან შედარებით თბილისის ცენტრალურ უბნებში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები, საშუალოდ, 20%-ით გაიზარდა. მისივე ცნობით, ბინებზე მოთხოვნა ფასების ზრდის პროპორციულად 1/5-ით არის მომატებული. “ელიტ-გრუპშიც” აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებლებში მეტი პოპულარობით ახალი ბინები სარგებლობს.
თუმცა, ეს ყველაფერი დედაქალქში ხდება, რეგიონებში აბსოლუტური სტაგნაციაა. გამონაკლისია აჭარა, უფრო სწორედ ბათუმი, სადაც ბოლო დროს სამშენებლო ბუმია.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი ადასტურებს, რომ მშენებლებისთვის რეგიონები ნაკლებად საინტერესოა და ამ მხრივ ვითარება არასახარბიელოა. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზრისთვის მიმზიდველია ის ტერიტორიები, სადაც ტურისტული აქტივობა შეინიშნება. სხვა მხრივ რეგიონი სამშენებლო ინფრასტრუქტურისთვის უინტერესო გახდა.
“სამშენებლო სექტორისთვის რეგიონებში საინტერესო ვითარება მაინც და მაინც არ გვაქვს თუ არ ჩავთვლით აჭარას, სადაც აქტიურობენ. დანარჩენ საქართველოში, ქუთაისის გარდა, სადმე თუ უძრავი ქონებისადმი ინტერესი გამოიკვეთა, ის სასოფლო-სამეურნეო მიწებს შეეხება. ბოლო დროს მოთხოვნა შედარებით მაღალია მიწის ნაკვეთების მიმართ.
ბაზრისთვის მოთამაშეებისათვის საინტერესოა ის ტერიტორიები, სადაც ტურისტული აქტიურობაა, ანუ ეს საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან. ამ მხრივ ანაკლიაში გამოცოცხლება მაინც და მაინც არ გვაქს, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა მთიან ზოლში - გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მშენებლობები.
პარლამენტის ქუთაისში გადასვლამ იქ უძრავი ქონების ბაზარი გამოაცოცხლა. დიდი აქტიურობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე წინა წლებში იყო. კახეთში სამშენებლო ბიზნესისთვის ცვლილებები თელავში იგეგმება. მალე იქ სასტუმრო “რედისონის” მშენებლობა” დაიწყება”, - ამბობს ბარვენაშვილი.
კომპანია “აქსისის” გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოთხოვნა ბაზარზე დიდია. რაც შეეხება რეგიონებს, კაპანაძის განმარტებით, ამ მხრივ დეველოპერებისთვის საინტერესოა ბათუმი, მიუხედავად იმისა, რომ “აქსისი” ამ ქალაქში არ მუშაობს.
“რეგიონებიდან დეველოპერებისთვის ყველაზე საინტერესო ბათუმია. “აქსისი” იქ პროექტებს არ ახორციელებს, თუმცა სხვა კომპანიები ბათუმში წარმატებით მუშაობენ. ჩვენ უახლოესი 2 წლის განმავლობაში, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში აქტიურ ქმედებებს არ ვგეგმავთ”, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.
1015
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85