როგორაა მოწყობილი ეს ქვეყანა, ღმერთმა იცის. ვინ ვისთან მიდის, ვის ვინ სჭირდება, როგორ ჩამოვეკიდეთ და გადავებით ერთმანეთს ამდენი ხალხი ჩვენ–ჩვენი სურვილებით და საქმეებით.
– ულიცა ახმედოვა გდე? – ყეფს გოგლიკო ამოთხვრილი „ძევიატკის“ ფანჯრიდან.
– ნაფრავო, ნალევო, ჩერეს მოსთ, ჩერეს ულიცა ყიურბანოფ...
რას გაიგებ ამათ ჩიფჩიფს.
– თამ მილიცია იესთ...
– ბოზიშვილი ვიყო, – ნერვიულობს გოგლიკო – თათარ ძაღლებზე ჩათლახები მარტო ქართველი ძაღლები არიან...
ბოლოს ვიღაცა გვეუბნება:
– დრუგოი ქანეს, ფასიოლოქ, თამ სფროსიშ, თოჩნა სქაჟუთ...
მივდივართ, მშია და აღარ ვიცი, რა ვქნა. მშია, მწყურია. ხათრის და ძმობის დედა ვატირე. ყიფიანის ხათრის და ძმობის. რანაირად ვართ ერთმანეთში, რატომ ვუკეთებთ ერთმანეთს ამას, არ ვიცი.
(აკა მორჩილაძე, „მოგზაურობა ყარაბაღში“)
ჰოოო... ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, მგონი ყინული მართლაც დაიძრა და დასრულდა ჟამი შუღლისა და მტრობისა, თავპირისმტვრევისა, ქირქილისა, უკბილო ხუმრობისა და უკბილო ღიმილისა.
გაიღიმეთ ქართველებო – მიშა კბილებს გვიკეთებს. გიხაროდენ, ქართველებო – მიშა კბილებს აღარ გვამტვრევს.
უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდება. 18:18 21-12-2011 ინტერპრესნიუსი. პრეზიდენტის ინიციატივით უახლოეს მომავალში ამოქმედდება საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხანდაზმულებისთვის სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის მეორე მუნიციპალურ სასადილოში სტუმრობისას განაცხადა. „ჩვენ ვამზადებთ დანტისტებს, გამოვყოფთ თანხებს. გავაკეთოთ საპრეზიდენტო პროგრამა, დავარქვათ „ღიმილიანი საქართველო“, დავიწყოთ ამ სასადილოში მყოფი ადამიანებისგან, მერე გადავიდეთ სოფლებში და საქართველოში ყველა ხანდაზმულ ადამიანს გავუწიოთ სტომატოლოგიური მომსახურება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველ მოხუცებთან ერთად ისადილა და მათ მეგობრების ნაჩუქარი ხიზილალით და ესპანური ყველით გაუმასპინძლდა“.
იშვიათად, რომ ნიუსი სრულად გადმოვწერო და ასე – საათებით და წუთებით – საერთოდ პირველად მოვიქეცი და აი რატომ: ჩვენ აღარ გვახსოვს, პირველად როდის მოგვატყუა; აღარ გვახსოვს, პირველად როდის გაგვაცურა; აღარ გვახსოვს, პირველად როდის დაგვცინა; აღარ გვახსოვს, პირველად როდის ჩაგვრეცხა, დაგვარბია, დაგვწამლა, დაგვხოცა...
კარგი ხალხი ვართ ქართველები. მხოლოდ კარგი გვახსოვს, ცუდს ვივიწყებთ და ახლაც, ახალი წელი კარზე რომ მოგვიკაკუნებს, ავწევთ სასმისებს და წავიოცნებებთ – ყველაფერი ცუდი ძველ წელს წაეღოსო... და ძველ წელს მხოლოდ ცუდი მოგონებები მიაქვს, ვივიწყებთ იმას, რისი გახსენებაც არ გვინდა და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან გვგონია, რომ გვექნება კბილები და გავღეჭავთ ვიღაცის მიერ გადმოგდებულ ესპანურ ყველს და ხიზილალას.
მგონი, გადავუხვიე... სრული ციტირების არგუმენტაციაზე ვსაუბრობდი (ვაჰ, რა კარგად ვთქვი! როგორც კი შემთხვევა მომეცემა, „ეპატაჟური რელევანტურობის პერმანენტული ავთენტურობაც“ უნდა ვახსენო). მოულოდნელი სიხარულის მოსალოდნელ ხიბლზე მინდოდა მეთქვა. მოკლედ, კარგი უნდა გვახსოვდეს (რაღაც ხომ კეთდება?!) და უნდა გვახსოვდეს ზუსტად, საათებით და წუთებით. გასულ კვირაში კი კარგი ის იყო, რომ უკვე ნამდვილად ვიცით – მალე ყველას ჰოლივუდური ღიმილი გვექნება. დაპლომბვა, დაბჟენვა და რა ვიცი კიდევ რა, პირველ რიგში იმ გაუბედურებულ ადამიანებს შეეხებათ, გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა „მეგობრების ნაჩუქარი ხიზილალით და ესპანური ყველით“ რომ გააბედნიერა.
უმალ ყველა ქართველის ჰოლივუდურ ღიმილს დავიჯერებ, ვიდრე იმას, რომ სააკაშვილს მეგობრები ყავს. ვერ დავიჯერებ და ამიტომ მგონია, რომ ხიზილალისა და ესპანური ყველის მავან უიღბლო იმპორტიორს ერთ არამშვენიერ ღამეს გაეღვიძა, ნოტარიუსთან გაიქცა და, საკუთარი ნებით და კანონის სრული დაცვით, მთელი განბაჟებულ–დაფასოებული საქონელი დელიკატესების სახელმწიფო ფონდს გადასცა.
„დავარქვათ „ღიმილიანი საქართველო“, დავიწყოთ ამ სასადილოში მყოფი ადამიანებისგან, მერე გადავიდეთ სოფლებში და...“ – თქვა ვასიკოს მაღალმა და დედიკოს გრძელმა... დავიწყოთ და დავიწყოთ! როგორ იწყება? პირველ რიგში, უნდა მოიკლას ნერვი. ნერვები უნდა მოიკლას და ამის შემდეგ ვიწყებთ დაბჟენვას, მაგრამ ნერვები... სადღაა ნერვები! ნერვები მკვდარია, დაწყვეტილი. ნახევარი, ყველაზე რთული საქმე გაკეთებულია. წინ ვართ.
წინ, ახალი გამარჯვებებისკენ! დიდება შრომას! ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს! მეტი შავი ქვა პარტიას! მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები! ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – აპლოტ მირა ი კაპიტალიზმა!
ერთი უკბილო ხუმრობა გამახსენდა: თემურ ალასანია – სამშობლოზე შეყვარებული პრეზიდენტის მამულზე ფიქრით დამაშვრალი ბიძა.
„ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა...“ – გაიფიქრა თემურიმ, როდესაც მისმა დაიკომ კენჭივით ბიჭი შვა. „ისმინე, სწავლის მძებნელო...“ – გონებაში გაუელვა თემური ბიძიას, როდესაც მოკლეშარვლიანი ჩატრუკუნებული ბიჭი პირველ მასწავლებელს მიაბარა (კარგად ასწავლე, თორემ დაგხვრეტო – ესეც უთხრა). „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი“ – გაულექსა დისშვილს, როცა ამ უკანასკნელმა სუკის სამხრეებიანი ფარაჯა მოირგო. ფიქრობდა და ფიქრობდა თემური ბიძია, თან – სულ ლექსადა. დრო გადიოდა... „ის გადარჩა და სახელად, ეწოდება საქართველო“ – შესძახა ბატონმა თემურმა, როდესაც მოახსენეს, რომ დისშვილს გორის მახლობლად თვითმფრინავმა გადაუფრინა.
„მოოდი, მოდი, გაზაფხულო...“ – წაიღიღინა დისშვილმა, როცა უთხრეს, ძია პენსიაში გადისო. „კბილებს ჩავუსვამ და მრჩევლად დავნიშნავ“ – სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და უკვე გადაწყვეტილი ამბავია – თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნება. ერთი–ორი კარგი მარკშეიდერიო კი არა... ერთი–ორი კაგებეშნიკით მეტი გვინდაო. უნდათ და შეე... შეეკითხე. ერთი–ორი კაგებეშნიკით მეტი რომ ყოლოდათ, ქართველები ერთი–ორი მილიონით ნაკლებნი ვიქნებოდით. ასეა თუ ისე, ქინძძმარში განაბულ ლოქოს მალე ახალი მრჩეველი ეყოლება. არც ერთი იყო ლოქო და არც მეორე – ტალსტალობიკი. ორივენი ერთი აკვარიუმის შვილები იყვნენ. თევზები უყვარდა იური ვლადიმირის–ძეს... ოპერასთან მეგობრობს დავით კეზერაშვილი.
„ოპერის მეგობართა ფონდს“ თბილისის მერი გიგი უგულავა უხელმძღვანელებს. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ფონდის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გაიმართა. ფონდის დაფუძნების დოკუმენტს ხელი მოაწერეს დავით კეზერაშვილმა და ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით საყვარელიძემ...“ – ერთი კვირით ადრე ვიცოდით, ეს რომ მოხდებოდა. მოხდა. მოსახდენი იყო... „დღეს ვეხმარებით ოპერას. თავდაცვის უწყება ჩაბარდა წარსულს, უკვე 3 წელია, ვარ ბიზნესში. ეს იდეა გაჩნდა, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოპერას და მე ამ საქმეს მივესალმები, როგორც რიგითი ბიზნესმენი. მე არ მივიღებ ფონდის მართვის საქმეში მონაწილეობას. მე დავაფინანსებ, დანარჩენს საბჭო გადაწყვეტს. თანხა არ იქნება ცოტა“, - განაცხადა დავით კეზერაშვილმა და ვინც ამ ქვეყანაში ფულს პატიოსნად შოულობს, ყველა იმას აგინებს, „ვინც ეს ოპერა მოიგონა“. აგინებს, რადგან ფონდს კეზერაშვილი „დააფინანსებს“ და „თანხა არ იქნება ცოტა“.
მაინც, რომელია კეზერაშვილის საყვარელი ოპერა? ის ხომ არა... სახელი დამავიწყდა... აი ის, სულ ბოლოში ლაპშა პლანს რომ ეწევა და იღრიჭება. მგონი – ეგ, და კიდევ – „აბესალომი და ეთერი“. ამ ოპერაში „რიგით ბიზნესმენს“ ყველაზე მეტად ის ადგილი მოწონს, მურმანი აბესალომს ცოლის წილში რომ ჩაუჯდება და მერე სულ რომ წაართმევს. მკვდარია საქართველო და მკვდარია სამაჩაბლო. შუაში ვარდზე დამყნობილი „რიგითი ბიზნესმენი“ ამოვიდა.
„თავდაცვის სამინისტრო ჩემთვის წარსულია“ – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა. გია ყარყარაშვილისთვის თავდაცვის სამინისტრო არასოდეს იქნება წარსული. რიგითი ბიზნესმენი... აბა, დაკრიჭე კბილებიო... აბა, დაკრიჭე ვენებიო...
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა“ – ასე იწყებოდა ნიუსი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამაკრეჭინა კბილები. უცნაური ქართველი ვარ – ცუდი რაღაცეებიც მახსოვს. მახსოვს, შარშანწინ, აპრილის აქციების დროს, თურქულმა გაზეთმა რომ დაბეჭდა – საქართველოს პრეზიდენტი ბოდრუმში იმყოფებაო და ოპოზიციამ ერთი ამბავი რომ ატეხა. გახსოვთ? თუ გახსოვთ, მაშინ ისიც გეხსომებათ, რომ მიშამაც ატეხა ერთი ამბავი – თქვენი შიშით სასათბურე მეურნეობები ვერ დამითვალიერებაო. მაშინ თორთლაძემ დაიგინა. ჰოდა, ამ ნიუსის შემდეგ – „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა“ – კბილები დავკრიჭე და ფიქრებს მივეცი: „რა იმალება ამ ნიუსის უკან? მაგას სათბური ისე აინტერესებს, როგორც კურდღელს – ჩალაღაჯი. მაშ რა? მაშ სად? მაშ როდის?“ ბოლოს მივხვდი – ფეისბუქი, ძმებო, ფეისბუქი!!! ანეკდოტია, რა!
სულ მაინტერესებს, ვინ იგონებს ანეკდოტებს. ერთხელ ვცადე და მეც გამოვიგონე – ტოტალიზატორში მოთამაშე სვანი ცოლს ფრეზე გაეყარა. რა თქმა უნდა, დებილობაა. აი, ანეკდოტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა, მართლაც სასაცილოა: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ხვალ, უზენაესი სასამართლოს გუმბათიან ჰოლში, ჩატარდება პირველი ჩემპიონატი საერთო სასამართლოების გუნდებს შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ჩემპიონატი ერთ ეტაპად ტარდება. მონაწილეობას საერთო სასამართლოების 13 გუნდი მიიღებს - თითო გუნდი ექვსი მოაზროვნისგან შედგება. ყველა გუნდისთვის ერთნაირად დასმული იქნება 30 კითხვა, რომელსაც პასუხის სისწორეს „განსაზღვრავს“ წამყვანი ლაშა კილაძე. ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდის ლიდერი“.
ამ ნიუსზე იმდენი ვიცინე, რომ ჩემს მეექვსე კბილს შერცხვა და ამოვიდა (კოსტა კახრიმანოვიჩი იტყოდა, სიცილით ვიჟლიტებოდითო). რა? – ნულოვანი ტოლერანტობა. სად? – საქართველოში. როდის? – გუშინ, დღეს, ხვალ და მანამ, სანამ ნუგზარ წიკლაურს პარაშასთან არ მივუჩენთ ადგილს. „თითო გუნდი ექვსი მოაზროვნისგან შედგება“ – ანუ, თითო გუნდში ექვსი ჩმორიკია. „პასუხის სისწორეს „განსაზღვრავს“ წამყვანი ლაშა კილაძე“ – ანუ, პასუხის სისწორეს მურთაზ ზოდელავა განსაზღვრავს. „გამოვლინდება გამარჯვებული გუნდის ლიდერი“ – ანუ, ზურაბ ადეიშვილი. კითხვებს ვანიჩკა მერაბიშვილი დასვამს, შავ ყუთს გურამ დონაძე შემოიტანს. ყუთში იქნება ძუძუსთავი.
ნაციონალური მოძრაობა იქნება ახალ ოფისში – კახეთის გზატკეცილზე, #45ა-ში, ანუ – დიდ მწვანე ველზე დიდი მწვანე შენობა რომ დგას, იმის გვერდით, ანუ – ხერხემალთან. კარგად დაიმახსოვრეთ – კახეთის გზატკეცილი, #45ა. თუ ვერ დაიმახსოვრეთ, არც ეგ არის პრობლემა, შეგხვდებათ რომელიმე ბობოლა, ან, თუნდა ლაწირაკი ნაციონალი და ჰკითხავთ:
– სად არის თქვენი ახალი ოფისი?
– კახეთის გზატკეცილი, #45ა.
- როგორ, როგორ? – ვითომ ვერ გაიგეთ.
– 45ა.
და აქ, თქვენ ფართოდ გაიღიმებთ (კბილების რაოდენობას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ) და ძალიან დამაჯერებლად ეტყვით:
– ა და...
ზუსტად ასე უნდა უთხრათ. შეგიძლიათ დაიყვიროთ, შეგიძლიათ დაიღრიალოთ, დაიბღავლოთ, დასჭექოთ... შეგიძლიათ, კბილებში გამოსცრათ და შეგიძლიათ ამ დროს მარცხენა ხელის დარტყმით მარჯვენა ხელი იდაყვში მოხაროთ. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ, რადგან:
ა) დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა ბაღათურიასა და ცაგარეიშვილის პარტიებს შანსს აძლევდა – თქვა პეტრე ცისკარიშვილმა; ბ) პუტინი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძაღლად აღარავინ აგდებს, ივანიშვილისთვის დემოკრატიის მაგალითია – თქვა გივი თრგამაძემ; გ) ვხედავ, როგორ ხდება ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმირება "რესპუბლიკელებისა" და ალასანიას პარტიის ოცნებად – თქვა გიორგი თრგამაძემ; დ) 2012 წელს საქართველო არჩევანს "ნაციონალურ მოძრაობასა" და 1990-იან წლებში დაბრუნებას შორის გააკეთებს – თქვა ნუგზარ წიკლაურმა; ე) რუსული ფული "რესპუბლიკელებს", ალასანიას, დავითაშვილისა და ძიძიგურის პარტიებს ურიგდებათ – თქვა გია თორთლაძემ...
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მთავარი პროკურატურის ჩარევის გარეშე გამოაქვეყნოს მათი ფინანსური ანგარიშები. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა“ – იტყობინებოდა ჩემი გულის მურაზი სააგენტო.
რომელ პროკურატურაზეა საუბარი – დღევანდელზე თუ ხვალინდელზე?
„სამტრედიის იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მღრღნელები და მორიელები დააფიქსირეს“– ამასაც სააგენტო იტყობინებოდა, ოღონდ გასულ კვირაში და არ ვიცი ვინ, მაგრამ ერთ–ერთი მომავალი წლის ერთ–ერთ მომავალ კვირაში აუცილებლად შევიტყობთ, რომ იგივე იზოლატორში მღრღნელებისა და მორიელების ადგილი დაიკავეს ქვეწარმავლებმა, ამ რვა წლის წინ მთელ საქართველოს თავი ზეწარმავლებად რომ მოაჩვენეს.
გასულ კვირაში გენეტიკური ანალიზის საფუძველზე მამობის დადგენა უკვე დაკანონდა და ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენის წესის ახლებური რეგულირება ძალაში შევიდა. საკითხის ინიციატორი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი იყო...
ახლა, რა გენეტიკური ანალიზი იმას უნდა, „დექსუსის“ მამა „ცენტრ პოინტი“ რომ არის? ანაც, რომელი გენეტიკური ანალიზი შეძლებს იმ ადამიანების მორალურ–პოლიტიკურ–ფსიქოლოგიური მამების ვინაობის დადგენას, რომელთა შესახებაც აქ ვრცლად და თბილად ვისაუბრე?
მ.ო.ე.ა. (მიშას ოცნებაც ეგ არის) აი, ეგეთია გოგლიკო. „მოგზაურთა კლუბს“ უყურებს ხოლმე შაბათობით და ველურების მეფობა უნდა.
– ზიხარ, სიმონ და ყველაფერი მოაქვთ, ქალები მოყავთ, მარაოთი დარბიან, და რამე.
ამის მეტი არაფერი უნდა.
– ფული მომინდება და გავყიდი ერთი ათ ქალს, რა, არ იყიდიან? და ა.შ.
ეგაა მაგის მთავარი ოცნება.
(აკა მორჩილაძე, „მოგზაურობა ყარაბაღში“)