რატომ დუმს რუსეთი შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს შეიარაღებაზე

რატომ დუმს რუსეთი შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს შეიარაღებაზე


როდესაც გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს კონგრესმა ობამას ადმინისტრაციას სამხედრო სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზებაზე“ თანხმობა მისცა, მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე, ამ ნაბიჯს მოსკოვისგან სასტიკი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. კრემლი ხომ აცხადებდა, რომ ყველაზე ნეგატიურად „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე სწორედ ეს ნაბიჯი აისახებოდა. გარდა ამისა, ბოლო დროს, რუსეთი ძალიან მკვეთრად რეაგირებდა ანალოგიურ თემებზე, როგორებიცაა მაგალითად ნატოს რიტორიკის კორექტირება საქართველოს მიმართ. კრემლი სკანდალის გაღვივებას შეეცადა, განაცხადა რა, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე ანტირუს „ტერორისტებს“ ამზადებს, და არაერთხელ დაემუქრა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებასთან დაკავშირებულ გეგმებს.

დღეს კი, ერთი კვირა გავიდა კონკრესის მხრიდან შესაბამისი რეზოლუციის მიღების დღიდან, მოსკოვი კი დუმს. მე საკითხი გადავამოწმე მთელ რიგ ინფორმირებულ წყაროებთან მოსკოვში, თბილისში და ვაშინგტონში, ვთხოვე რა მათ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი თეორიები გაეზიარებინათ. აი რამდენიმე მათგანი:

- რუსეთი იმდენად არის დაკავებული ოპონენტების კრიტიკით ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო ნაკლებად აღელვებს. ეს ვერსია, შეიძლება ლოგიკურიცაა, მაგრამ თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართველების თეორიას იმის თაობაზე, რომ ბოლოდროინდელი „ტერორისტული“ შეთქმულება კრემლის ხრიკი იყო, რომლის მიზანიც საგარეო საფრთხის წინაშე რუსული საზოგადოების კონსოლიდაციაა. კრემლს რომ ასეთი მიზანი ჰქონოდა, კონგრესის ეს კონკრეტული ნაბიჯი მოსკოვისთვის გაცილებით ხელსაყრელი საბაბი იქნებოდა, ვიდრე გამოგონილი ტერორისტული შეთქმულება.

- კრემლს მიაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია, ამიტომ რეაგირებაც არ ღირს. რა თქმა უნდა, კანონს ჯერ პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოაწეროს ხელი, და დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციებს მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსთვის შეიმუშაონ ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებული სამოქმედო პროგრამა. მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც კანონებსა და მათ გამოყენებაში ერკვევიან, დამარწმუნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზაზე საჭირო გახდება რამდენიმე შუალედური ნაბიჯის გადადგმა, დოკუმენტი მაინც მოსთხოვს აშშ-ს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას. სახელმწიფო დეპრატამენტი ვერ შეძლებს (სურვილის შემთხვევაშიც კი) ყველაფრის დამუხრუჭებას. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მოსკოვმაც კარგად იცის.

- კულუარებში, ამერიკელმა დიპლომატებმა თავის რუს კოლეგებს უთხრეს: „ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ, ყველაფერი მაკკეინის ბრალია“. ანუ, აღნიშნული წინადადება თავდაცვის კანონში სენატორ მაკკეინის ინიციატივით მოხვდა, ხოლო სენატორი რუსეთში ცნობილია, როგორც რუსოფობი და ქართველების თაყვანისმცემელი. იმ ფაქტს, რომ ეს – მისი ინიციატივაა, შეიძლება რეაქცია შეერბილებინა.

- თბილისს, მოსკოვს და ვაშინგტონს შორის ერთგვარი კულუარული შეთანხმება არსებობს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე რეალური ვარაუდია, თუმცა ცოტა არ იყოს შეთქმულების თეორიის ელფერი დაკრავს. საქართველოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დაბლოკვის უფლება ჰქონდა, მაგრამ აშშ-მ შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყო და თბილისიც დათანხმდა. აბსოლუტურად ცხადია, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ საქართველოს რამე უნდა მოეთხოვა, და რატომ არ მოითხოვდა სწორედ ამას? ესეც ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ ჰქონდა საქართველოს მთავრობას ასეთი თავშეკავებული რეაქცია აღნიშნულ ინფორმაციაზე: თუკი აშშ ხელს შეუწყობდა შეთანხმების მიღწევას, ის ორივე მხარეს სთხოვდა, რომ ამ ამბავს ხმაურის გარეშე ჩაევლო. (ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ გამოთქვა საჯაროდ პროტესტი, რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ). მაგრამ მაკკეინის როლის ახსნას ეს სცენარიც მოითხოვს. ის ან თეთრ სახლთან თანამშრომლობს, ან თეთრ სახლს შეიძლება ეთხოვა მაკკეინის ოპონენტებისთვის მომენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ხმაური არ აეტეხათ. ეს ცოტა არ იყოს ჩახუჭუჭებული ვერსიაა, მაგრამ სხვებს არ ჩამოუვარდება.

გააქვთ სხვა ვერსიები? გამიზიარეთ!..
foreignpress.ge