ბრიტანეთი ევროპას ემიჯნება

ბრიტანეთი ევროპას ემიჯნება


გასულ კვირაში ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა კრიზისთან საბრძოლველად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების 150 მილიარდი ევროთი გაზრდის საკითხი შეათანხმეს. გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღეს, გამონაკლისი მხოლოდ ბრიტანეთი გახდა, რომელმაც საერთოევროპულ პროექტზე პირველად როდი თქვა უარი და ევროკავშირთან დისტანცია კიდევ უფრო გაზარდა. 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთი უკვე გახლდათ კონტინენტზე მიმდინარე პროცესების დამკვირვებლის როლში. პრემიერ-მინისტრ ბენჯამინ დიზრაელის და მისი მიმდევრების მიერ გატარებულ პოლიტიკას “ბრწყინვალე იზოლაციას” უწოდებდნენ. მისი არსი ბრიტანეთის იმპერიის რესურსების ევროპაში მინიმალურად განკარგვასა და ლონდონის გავლენის სხვა კონტინენტებზე გაზრდაში მდგომარეობდა. 

როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. დიდი ბრიტანეთი კონტინენტზე მიმდინარე კრიზისს აკვირდება და ევროკავშირისაგან, რომლის წევრად კვლავ რჩება, თანდათან დისტანცირდება. თუ ადრე ლონდონისა და ბრიუსელის დაპირისპირება პრინციპულ ხასიათს არ ატარებდა, ახლა, როცა ევროს ზონის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ყოველი მოქმედება თუ განცხადება ორივე მხარის მიერ ძლიერ მტკივნეულად აღიქმება. 

ჯერ კიდევ ოქტომბერში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ჯონ მეიჯორმა, რომელიც ყოველთვის ევროინტეგრაციის მომხრედ ითვლებოდა, განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ჭკუაზე არ უნდა იაროს და ეკონომიკურ ალიანსში შესვლის შემდეგ დაკარგული უფლებამოსილებების დაბრუნებაზე უნდა იფიქროს. ცოტა ხანში უკვე მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროს კრახისათვის ემზადება და მალე სრულ მზადყოფნაში იქნება. ოფიციალური პირისაგან მეტად ნეგატიურ გამონათქვამს ალბათ კაცი ვერ მოიფიქრებდა. 

სიტყვებს საქმე მოჰყვა. 9 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების უფლებების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ერთადერთი მოწინააღმდეგე ბრიტანეთი იყო. პრემიერმა კემერონმა თავისი ქვეყნისათვის ევროკავშირის შიგნით განსაკუთრებული სტატუსი მოითხოვა, რომელიც მას ფინანსური რეგულირების წესების ნებისმიერ ცვლილებაზე ვეტოს დადების საშუალებას მისცემდა. კონტინენტის ქვეყნები, ცხადია, წინააღმდეგი წავიდნენ. 

საბოლოოდ, 19 დეკემბერს ბრიტანეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირა და ევროკავშირის ქვეყნები იძულებული გახდნენ არა 200, არამედ 150 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმებულიყვნენ. უნდა ითქვას, რომ ბრიტანელთა დემარში მხოლოდ საფრანგეთმა გააკრიტიკა და ისეთი მწვავე გამონათქვამები გაისმა, რომ საქმე კინაღამ დიპლომატიურ სკანდალამდე მივიდა. 

უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის მოქმედება გასაგები გახდება, თუ ქვეყნის შიდა პროდუქტის სტრუქტურას შევისწავლით. საქმე იმაშია, რომ გაერთიანებული სამეფოსათვის შემოსავლის მთავარი წყარო ფინანსური სექტორი და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების ბაზარი და ვაჭრობის სფეროა. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი ბირჟები და ბანკებია. ამ დროს კი ევროპა თანდათანობით ავიწროვებს ფინანსისტებს და მათ კრიზისის დაწყებაში ადანაშაულებს. 

თუ ფინანსური საქმიანობის რეგულირება გამკაცრდება, ბრიტანეთს შეიძლება კაპიტალდაბანდებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი ჩამოერთვას. როცა ფინანსისტებს მაღალი გადასახადები და ჩინოვნიკებისაგან გაზრდილი კონტროლი შეაწუხებს, ისინი ლონდონს, მაგალითად, ნიუ იორკს, სინგაპურს, ჰონგ კონგს ან კიდევ სხვა ადგილს ამჯობინებენ. ბრიტანეთისათვის კაპიტალის გადინება, შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. 

თანაც, ბრიტანეთს სულაც არ სურს ევროპის ქვეყნების კრიზისიდან გამოსაყვანად ფული ხარჯოს. ჯერ ერთი, არავინ იცის, ეს მცდელობები ნაყოფს გამოიღებს თუ არა, და ამასთან, ბრიტანელებს თავიანთი გასაჭირიც აქვთ. ქვეყანას გვარიანი ვალი აქვს, რომელიც ბოლო სამ წელში შიდა პროდუქტის 50-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კემერონმა საკმაოდ მკაცრი ზომები გაატარა, მდგომარეობა კიდევ კარგა ხანს არ გამოსწორდება. დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპი და მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. მოდი ახლა და ასეთ მდგომარეობაში საბერძნეთის და იტალიის გადარჩენაზე იფიქრე. 

ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენად “ბრწყინვალე” აღმოჩნდება ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპას შორის გაჩენილი ბზარი. ფაქტი ის არის, რომ ამის მიზეზი არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.