დიდი დეპრესიის განმეორების ზღურბლზე

დიდი დეპრესიის განმეორების ზღურბლზე


მსოფლიო ეკონომიკა, შესაძლოა, ღრმა დეპრესიაში აღმოჩნდეს, კერძოდ, განმეორდეს გასული საუკუნის 30-იანი წლების მოვლენები. ამგვარი საოცრად პესიმისტური და შემაშფოთებელი პროგნოზი თვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა გააკეთა. მისი თქმით, ამგვარი რამ გარდაუვალია, თუ ევროპის ქვეყნები თავიანთ პოლიტიკურ უთანხმოებებს არ მოაგვარებენ და კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად სერიოზულად არ გაერთიანდებიან.

ლაგარდმა თავისი განცხადება ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის გამწვავების და საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური სიტუაციის ფონზე გააკეთა. მისი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, მსოფლიოს “პროტექციონიზმის ზრდა და იზოლაცია” ემუქრება. “ეს სწორედ ის არის, რაც 1930-იან წლებში მოხდა და ჩვენ მას წინ უნდა აღვუდგეთ” – განაცხადა ქალბატონმა თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობს კრიზისის გავრცელება შეაჩეროს, რომელიც უკვე გასცდა ევროს ზონას და ძლიერ ქვეყნებს შეუტია. ფონდის მიერ ბრიუსელის სამიტზე შეთანხმებული გეგმის მიხედვით ევროპის ქვეყნები კრიზისთან ბრძოლისათვის 200 მილიარდ ევროს გაიღებენ, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. ამგვარად, პირველ რიგში, მოგეხსენებათ, ჩინეთი მოიაზრებოდა, მაგრამ პეკინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს. 

“არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კრიზისისაგან, რომელიც ბოლო დროს ძლიერ სწრაფად ვითარდება”, - განაცხადა ჩინეთის პასუხად ლაგარდმა, რომელიც თვლის, რომ ევროპა კრიზისს მარტო ვერ გაუმკლავდება. მისი აზრით, აუცილებელია ყველა ქვეყნის შეხმატკბილებული მოქმედება. ლაგარდმა სასტიკად გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის ახალი შეთანხმების დაბლოკვის გამო ინგლისთან მწვავე დიპლომატიური სკანდალი გააჩაღა. 

რაც შეეხება ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებას, იგი მას შემდეგ დაიწყო, რაც პეკინმა ამერიკული წარმოების ავტომობილებზე გადასახადები გაზარდა. ამაზე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ პასუხი არ დაახანებს და იგი ერთობ მკაცრი იქნება. “ჩვენ იმ წერტილამდე მივედით, როცა ჩინეთის მიერ ვაჭრობის ყველანაირი წესის უგულებელყოფის იგნორირება აღარ შეგვიძლია”, - თქვა ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა ჯონ ბრაისონმა, რომელმაც მსოფლიოს შეახსენა, რომ ჩინელები მუდმივად არღვევენ ინტელექტუალური საკუთრების წესებს და პერიოდულად ახდენენ თავიანთი კომპანიების სუბსიდირებას, რაც უცხოელი მწარმოებლების დისკრიმინაციაა. 

კრიზისის გაღრმავებაზე მეტყველებს კონსალტინგური სააგენტო Fitch-ის განცხადება, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ბანკის, მათ შორის Barclays-ის, Bank of America-ს და Deutsche Bank-ის რეიტინგი დაადაბლა. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ, მართალია, ამ ბანკებმა განსაცდელს ჯერჯერობით გაუძლეს, მაგრამ გვარიანი რყევა განიცადეს და ახალ პრობლემებს გაუძლებენ თუ არა, კაცმა არ იცის. 

ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება ლაგარდს გულზე მართებულად მოხვდა. მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენის და შემდეგ გამოცოცხლების იმედები ხომ სწორედ განვითარებად ქვეყნებს, უპირველესად კი ჩინეთს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას ძალიან დიდი ფინანსური რესურსები აქვს, რითაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას უსწრებს. 

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის დაყოლიება ევროპელებს რაიმე გაცილებით მიმზიდველის შეთავაზებით შეუძლიათ, ვიდრე ეს ობლიგაციებია, რომელთა საიმედოობაც დღითიდღე მცირდება. გარდა ამისა, ჩინელებს საკუთარი პრობლემაც აქვთ მოსაგვარებელი, რაც ბოლო დროს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაში მდგომარეობს. 

ევროს ზონის ქვეყნებმა რომ შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს, ბაზრებზე სიტუაციას ძალიან ძაბავს. გერმანიის, რომელიც პრობლემატურ ქვეყნებში ბიუჯეტის დეფიციტის სერიოზულ შეზღუდვას მოითხოვს, პოზიცია გასაგებია. მართლაც, სადამდე შეიძლება ერთმა ქვეყანამ დეფიციტი ზარდოს და შემდეგ მეორემ ამისათვის იხადოს. ერთხელაც სიტუაცია კრიტიკული გახდება. ამას დაუმატეთ რეცესია და დეფლაცია და აშკარაა, რომ მდგომარეობა მართლაც რომ კრიტიკულია და ლაგარდმა განგაშის ზარს ტყუილად არ შემოკრა.