ვის უნდა დავუდგათ ძეგლი?

ვის უნდა დავუდგათ ძეგლი?

ვის უნდა დავუდგათ ძეგლი?
ჩვენ ხელისუფლებას არ ენანება უცნაური და უგემოვნო, საეჭვო ღირსების ძეგლებისთვის ასეულ ათასების გაღება და შემდგომ ამით ტრაბახი, არადა გასაკეთებელი მართლაც რომ ბევრია. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ხაშურის რაიონში, ქვიშხეთში რამდენიმე წელია იშლება ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაც შერაცხული დიდი პატრიოტის და მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი. შენობაში შიგნით ჩამოსული წყალი ანადგურებს იქ არსებულ ექსპოზიციას და მთლიანად შენობას და მალე ამ მუზეუმიდან აღარაფერი დარჩება.

ასევე ვერ მოინახა თანხა დიმიტრი ყიფიანის ძეგლის ან ბიუსტის დასადგმელად (მხოლოდ პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა გაიღო ამისთვის 3 ათასი ლარი თავისი წიგნის ჰონორარიდან, ხელისუფლებას კი კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან ასეთი ეროვნული საქმისათვის).

იმედია, ეს ამბავი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მიაღწევს და ის გადაარჩენს ამ დიდი პატრიოტის სახლ-მუზეუმს განადგურებისაგან. ამას, როგორც მეზობელი და ხაშურელი, პირადად ვთხოვ ბ-ნ ბიძინას!

რატომ არ იღებენ ფილმს დავით აღმაშენებელზე?
რამდენიმე წლის წინ ამ საკითხზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა საქართველოში, ახალი ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას ჰპირდებოდა უდიდეს ქართველ მეფეზე ფილმის გადაღებას, რაც მართლაც იქნებოდა დიდი მოვლენა ქართული კინოს და ჩვენი ერის ისტორიაში. გავიდა დრო და ფილმი კი არა, დავით აღმაშენებლის ძეგლიც ქალაქგარეთ გაიტანეს და ეს თემაც დაიხურა.

2009 წელს ქართველმა მწერალმა (რომელიც ამჟამად დროებით ნიჟნი-ნოვგოროდში ცხოვრობს) ვასო კუკუნაშვილმა დაასრულა და წიგნად გამოსცა შესანიშნავი 800 გვერდიანი რომან-ეპოპეა დავით აღმაშენებელზე - “ჯვარ-პატიოსანი”. ეს არის ფაქტიურად ეროვნული იდეოლოგიის უმთავრესი საკითხების გაშლა და დავითის მიერ მისი პრაქტიკული განხორციელება – თუ როგორ უნდა უპატრონოს ერმა თავის თავს და ააშენოს ძლიერი, ეროვნული, ზნეობრივი სახელმწიფო.

ბ-ნ ვასოს მზად აქვს ამ წიგნის საფუძველზე შექმნილი კინო-სცენარიც, რომლითაც ძალზე დაინტერესდნენ ქართველი რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი და თემურ ბაბლუანი (“აგვისტოს 5 დღის” სუსტი ფილმის გადაღებას, რომელიც 20 მილიონზე მეტი დაჯდა, ჯობდა ფილმი ამ თემაზე გადაეღოთ, მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესაო, ხომ გაგიგონიათ).

იქნებ ისევ ბატონი ბიძინა დაინტერესდეს ამ საკითხით და ქართველობას აჩუქოს ეს დაუვიწყარი ქმნილება ფილმის სახით და ამით ძეგლი დაუდგას დავით აღმაშენებელსაც და საკუთარ თავსაც.
 
P.S.  ისე, საარჩევნო რეკლამაზე, ბუკლეტებსა და ბილბორდებზე ამდენი ფულის დახარჯვას, მართლაც ამ ფილმის გადაღება სჯობია. ფილმით მიღებული ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე რეკლამით. ამასთან სამთავრობო ტელევიზიებიც ვეღარ გამდიდრდებიან ამ სარეკლამო ფულებით. ამ ფილმის ეფექტი მთლიანად გადაფარავს იმ 300 მილიონიან ზარალსაც, რომელიც მთავრობამ მიაყენა ბ-ნ ბიძინას.

ამოცანა ლოგიკაში
დასამალი არაა, რომ აშშ-ის, რუსეთის და აგრეთვე ევროკავშირის (გერმანია-საფრანგეთის) ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ვერც აზერბაიჯანში, ვერც საქართველოში და ვერც სომხეთში ხელისუფლების ცვლილება ვერ მოხდება და ახალი მმართველი ვერ მოვა.
ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდის.
გამოდის რომ...

... ამბობენ, რომ ხშირად მოღალატე ცოლის ქმარი ყველაზე ბოლოს იგებს მეუღლის ღალატის შესახებ, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქმრებმა ეს ყველაფერი  თავიდანვე კარგად იციან, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდებიან ამის შესახებ.

ასევე პირველ რიგში ნაციონალებმა იციან, რომ ხელისუფლებას კარგავენ და ივანიშვილი მოდის, თუმცა თავის თავს არ უტყდებიან და ამაზე ერთმანეთში არ ლაპარაკობენ. ამბობენ იმასაც, რომ ნაციონალთა საშუალო და დაბალი რგოლები გულის სიღრმეში ბიძინას ემხრობიან, მაგრამ შიშით ამაზე საუბარს ვერ ბედავენ (გასაგებია, რადგან “ისინი” თავისიანებსაც არ ზოგავენ-ეს შიდაპარტიული მონობა კი ყველას ყელში აქვს ამოსული).

ჩამშვები აპარატები
ზოგიერთი უღირსი ქართველის მიერ თავისი თანამოძმის ჩაშვებას პოლიციაში და საგადასახადოში ხალხი დღემდე შეგუებულია და ხმამაღლა არ აპროტესტებს. ახლა ამას ჩამშვები საგადასახადო აპარატებიც დაემატა.

ზაფხულიდან ყველა გადასახადის გადამხდელს ძალით აყიდინეს “ვიღაც” მონოპოლისტის მიერ შემოტანილი ახალი სალარო-აპარატები (თუმცა ძველებიც კარგად ართმევდნენ ამ მოვალეობას თავს). აპარატი 300 ლარზე მეტი ღირს. მას აქვს ჩიპი, რომელშიც ჩამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა. თუ მისი მფლობელი დრაკონული კანონიდან ცოტათი გადაუხვევს ან მთავრობაზე აუგს იტყვის, აპარატი ამას აფიქსირებს და საგადასახადოს შეუძლია ეს მეწარმე მაშინვე დააჯარიმოს ან დააპატიმროს. ესეც ადამიანთა უფლებების აღმაშფოთებელი დარღვევაა და მეწარმეზე ზეწოლის განხორციელების და დაშინების ეფექტური იარაღი.

ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე
(როგორ დავეხმაროთ ქართულ ემიგრაციას)
პარიზთან ახლოს, ლევილის ქართულ მამულში განისვენებს ქართველი პოეტი და პატრიოტი კოკი დადიანი. მის  საფლავს ამშვენებს უნიკალური ეპიტაფია:

მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი რომ წარწერა იხილე ლოდზე -
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!...

შეუძლებელია ეკალი არ დაგაყაროს ამ ეპიტაფიის წაკითხვამ და ცრემლი არ მოგერიოს.

საქართველოზე ფიქრსა და ოცნებაში გალიეს ქართველმა პატრიოტმა ემიგრანტებმა თავისი სიცოცხლე, სამშობლოს სიყვარულში ნოსტალგიით ჩაიფერფლნენ და ვეღარ ეღირსნენ თავისი ლამაზი ქვეყნის ხილვას (თუნდაც გრიგოლ რობაქიძის ტრაგედია რად ღირს!). საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო მათი ოცნება და გასაგებია ზოგიერთი მათგანის “გაბოროტება” იმ “დემოკრატიულ” მსოფლიოზე, რომელსაც მისი ქვეყნის უბედურება ფეხებზე ეკიდა:

ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,
თუ საქართველო ვერ ვიხილე თავისუფალი,
ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო...

დღეს საქართველო დამოუკიდებელი (ფორმალურად მაინც) ქვეყანაა, მაგრამ აქედან წამსვლელ ემიგრანტთა ნაკადი არ წყდება გაუარესებული სოციალური და სხვა უამრავი მიზეზის გამო. თუ ემიგრანტთა წინა თაობები პოლიტიკური მიზეზებით მიდიოდნენ უცხოეთში, დღეს უკიდურესი გაჭირვება, სიღატაკე და ვალები ერეკება ქართველობას უცხოეთში, საიდანაც ძალიან ცოტა ბრუნდება. მათი უმრავლესობაც უკვე არა იმდენად საქართველოს, არამედ თავისი ოჯახის და ნათესავების გადარჩენაზე ფიქრობს. მათი ხვედრიც ძალზე მძიმეა, “უცხოობაში რაა სიამე”, განსაკუთრებით იქ, სადაც ქართველებს მეორეხარისხოვან ხალხად გვთვლიან, ზემოდან გვიყურებენ და ისე გვექცევიან, როგორც სერიალებში კრიმინალებს ან მოსამსახურეებს. შეიძლება მაინცდამაინც ცუდ პირობებში არ იყო, მაგრამ ემიგრანტობის მძიმე ხვედრს ჯერ კიდევ არჩილ მეფე უჩიოდა:

თუ კაცსა ყოფნა გრძლად მოხვდა,
უცხო თემსა და მიწებსა,
შარბათიც ჰქონდეს სასმელად,
ნაღველად აღმოიწებსა!

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ახალგაზრდათა უმრავლესობა იმ ქვეყნებში აპირებს დარჩენას (მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ შინ მხოლოდ 30-50% ბრუნდება, ანუ ნახევარი მილიონი ქართველი აღარ დაბრუნდება), თხოვდებიან და ქორწინდებიან იქაურებზეც დამამცირებელი პირობებით (ხშირად ასაკოვან, მაგრამ ფულიან კაცებზე და ქალებზე), ოღონდ კარგად იცხოვრონ. მათ იმდენად აღარ აწუხებთ სამშობლოზე სევდა, ფრანგები ლამაზ სიტყვას “ნოსტალჟის” რომ უწოდებენ. არადა, როგორ მოისაკლისებს მათ მალე საქართველო. ალბათ სიბერეში გაახსენდებათ თავიანთი სამშობლო, ბევრსაც ივიშვიშებენ, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

თუ სომხები ბოლომდე არ ფრანგდებიან, არ რუსდებიან და არ ქართველდებიან, ქართველთა უკვე მესამე თაობა (მამა-შვილი-შვილიშვილი) ფაქტიურად აღარ ფლობს ქართულ ენას და ქართულენადავიწყებული ქართველი მალე ეროვნებასაც დაკარგავს.

ქართულ ემიგრაციას ისიც ასუსტებს, რომ მათ არა აქვთ ემიგრანტული ცხოვრების გამოცდილება, ცალ-ცალკე ებრძვიან პრობლემებს, უჭირთ გაერთიანება, კონსოლიდაცია და კოორდინაცია. იქ არსებული სათვისტომოებიც ვერ დგანან სათანადო სიმაღლეზე, მათ არ ეხმარება საქართველოს ხელისუფლებაც.

ამიტომ ისევ ჩვენ უნდა დავეხმაროთ აქედან. ქართული ეკლესიის მორალური მხარდაჭერით ქართველ პატრიოტთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური საიტი ემიგრანტებისთვის ( გიმგ.გე), რომელზეც გაშუქდება ემიგრანტთა პრობლემები. ეს საჭიროა, რათა მათ არ გაწყვიტონ სულიერი კავშირი მშობელ ქვეყანასთან, იცხოვრონ ქართული ცხოვრებით.

ამ საიტზე დაიდება ქართული პოეზიის, სიმღერისა და ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ანალიტიკური ხასიათის მასალები ზოგადქართული პრობლემების შესახებ, სამეცნიერო გამოკვლევები, სიახლეები კულტურის სფეროში. ეს ძალიან სჭირდება როგორც ემიგრანტთა უფროს თაობას, ისე პატარებს, რომლებიც ქართველებად უნდა გაიზარდონ. საიტი მალე მთელი დატვირთვით ამუშავდება. გთხოვთ ბლოგერებს და დაინტერესებულ პატრიოტებს საიტს მიაწოდოთ მასალები.