ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ ბიზნესმენისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის შეხვედრის შესახებ განცხადება და ფოტომასალა გაავრცელა. პრესაგე.ტვ პრესსამდივნოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე დღეს დილით საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო.
შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის დეტალებით. კათოლიკოს–პატრიარქმასინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმინდესმა ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: "ცხოვრება სირთულეებისგან შედგება და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება".
ილია მეორე ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა. საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" სათავო ოფისის გახსნასაც. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ხატი "საქართველოს იმედი" აჩვენა. ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ხატის - "საქართველოს იმედის" შექმნის იდეა დიდი ხანია ჰქონდა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.