დეველოპერულმა კომპანია „აქსისმა“ მოსახლეობას მშენებლობების დასრულების ვადებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა. კომპანიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რომელი მშენებლობა რა პერიოდში უნდა დასრულდეს. „აქსისში“ აცხადებენ, რომ მშენებლობების დასასრულებლად კომპანიას სხვადასხვა ფინანსური რესურსი აქვს. გარდა ამისა, კლიენტების მოზიდვის მიზნით კომპანია ბინებისა და საოფისე ფართების შეძენის მსურველებს ხელსაყრელ პროდუქტებს სთავაზობს.
„აქსისის“ გრაფიკის მიხედვით მშენებლობები 2012 წლამდე დასრულდება. კომპანია კვარტალში საშუალოდ 24 სართულს ააშენებს. მიმდინარე 6 პროექტზე - აქსისი პალასი I, აქსისი პალასი II, საირმის 51, ჭავჭავაძის 75, აბაშიძის 34-36, ახალი იპოდრომი 2012 წლამდე დასრულდება. მანამდე კი კომპანია ყოველ კვარტალში დასრულებულ ფართებს შესთავაზებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის თქმით, პალასი I-ის პირველი ბლოკი, პალასი II-ის მეორე ბლოკი და აბაშიძის 75-ის პირველი ბლოკი უკვე დასრულებულია.
„მოსახელობას ზაფხულში შევპირდით, რომ მშენებლობების ახალ გრაფიკს წარმოავადგენდით. დღეს დეტალური დაგეგმვა უკვე შესაძლებელია. ამ გრაფიკის მიხედვით, ირთვება მოთხოვნა-მიწოდების ციკლი და „აქსისი“ მშენებლობის კრიზისამდელ ტემპს დაუბრუნდება. ჩვენ კვარტალში საშუალოდ 24 სართულს ავაშენებთ. ამ გრაფიკის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ თვითონ დავუკავშირდებით თითოეულ კლიენტს და მივაწვდით ინფორმაციას“, -აცხადებს „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე.
გარდა ამისა, „აქსისში“ შეიქმნა კლიენტებთან ურთირთობის სპეციალური კომისია. კომისიის წევრები თითოეულ კლიენტს დაურეკავენ და მშენებლობების დასრულების ვადებს გააცნობენ. კაპანაძის თქმით, აღნიშნული მშენებლობების დასრულების გარანტი კომპანიის დივერსიფიცირებული ფინანსური რესურსებია.
კერძოდ, „აქსისი“ ფინანსებს 5 წყაროდან იღებს. პირველია, დასრულებული საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები. მეორე - გაქირავებული ფართებიდან მიღებული შემოსავალი, მესამეა- დებიტორული დავალიანებები, მეოთხე საბანკო რესურსი, ხოლო მეხუთე – თვითონ კომპანიის შიდა რესურსი.
„აქსისის“ გაყიდვების დირექტორის ოთარ დიხამინჯიას თქმით, კომპანიის შიდა რესურსი კრიზისის პერიოდში ყველაზე გამართულად მუშაობდა. მისი თქმით, ამ რესურსის საშუალებით „აქსისმა“ დაახლოებით 100 სართული ააშენა.
კიდევ ერთი დეტალი, გიორგი კაპანაძის ინფომაციით, კომპანიამ კრიზისის შემდეგ ბანკებთან დაფინანსების გამოყოფის შეთანხმებას პირველად მიაღწია. ანუ ეს სესხი, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში არ შედის. კომპანიამ ეს დაფინანსება პროექტის გარეშე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ბოლო ეტაპზე ბევრი სამშენებლო კომპანია დაფინანსების გარეშე დარჩა.
კაპანაძის განცხადებით, 2 ობიექტის დასრულებისთვის ბანკიდან პირველი ტრანში უკვე გამოიყო, თუმცა მოლაპარაკებები სხვა ობიექტების დაფინანსებისთვისაც გრძელდება.
მისივე თქმით, კლიენტების მოზიდვისა და ნდობის ამაღლების მიზნით „აქსისი“ ბაზარზე სხვადასხვა მოქნილ და ინოვაციურ პროდუქტს უშვებს. მაგალითად, კომპანია მომხმარებელს საკუთარ მშენებარე პროექტებში ბინას ბანკის გარანტიით სთავაზობს.
ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მშენებარე სახლში ბინის ყიდვის მსურველი, თანხას, რომელიმე ბანკში გახსნილ საკუთარ დეპოზიზე ათავსებს. კომპანია ამ თანხას მანამდე ვერ ახლებს ხელს ვიდრე კლიენტს დასრულებულ ბინას არ ჩააბარებს.
„ეს პროდუქტი კლიენტისთვის აბსოლუტურად ურისკოა. უფრო მეტიც, იგი სარგებელსაც ნახულობს დეპოზიტზე დარიცხული პროცენტების სახით. კომპანიას ამ თანხის მოხსნის უფლება არ აქვს, სანამ კლიენტის წინაშე აღებული ვალდებულებები არ შესრულდება. თუ საკონტრაქტო ვადა, თუნდაც ერთი თვით დაირღვა, კლიენტს შეუძლია ან თანხა გაიტანოს თავისი დარიცხული პროცენტით, ან გააგრძელოს კონტრაქტი ერთი-ორი თვით“, - ამბობს კაპანაძე.
ასევე კლიენტებისთვის ხელსაყრელია გამრეკელის ქუჩაზე (ყოფილი კუტუზოვი) არსებულ საოფისე ცენტრში ოფისების ყიდვა ახალი პროდუქტით „იყიდე ოფისი ქირის ფასად“. ამ პროდუქტის მეშვეობით ნებისმიერი მსურველს საშუალება აქვს შეიძინოს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი, რისთვისაც ყოველთვიური გადასახადი იმდენივე იქნება, რასაც ქირაში იხდის, მაქსიმუმ 10 წლის შემდეგ კი ოფისი კლიენტის საკუთრებაში გადავა.
„აქსისში“ აცხადებენ, რომ მოსახლეობა აღარ რისკავს და მშენებარე ობიექტებში ფულს აღარ დებს. მოთხოვნა მხოლოდ დასრულებულ ფართებზეა, ამიტომ კომპანიებმა ბაზარზე ისეთი პროდუქტები უნდა გამოიტანონ, რომლებიც კლიენტის ნდობას აამაღლებენ.
„ოქტომბრიდან ჩვენ ბაზარზე შემოგვაქვს დივერსიფიცირებული პროდუქტები. დასრულებული ბინები, დასრულებული საოფისე და კომერციული ფართები. ახალი ოფისი და შოპინგ ცენტრები. გარდა ამისა, აქსისს ბაზარზე გამოაქვს საბანკო გარანტიებით მიმდინარე მშენებლობები და უძრავი ქონების შესყიდვის დივერსიფიცირებული და ურისკო შეთავაზებები. ჩვენი რესურსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროსაც კი ჩვენ 100-ზე მეტი სართული ავაშენეთ“, -ამბობს დეველორეპი გიორგი ჭყონია.
რაც შეეხება, „აქსისის“ სავაჭრო ცენტრს, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ცენტრი ოქტომბერში უკვე 50%-ით შეივსება, ხოლო წლის ბოლოსთვის იგი 80%–ით დაიტვირთება.