რაც რუსებს გადაურჩა, აზერბაიჯანელები ყიდულობენ

რაც რუსებს გადაურჩა, აზერბაიჯანელები ყიდულობენ

აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ქართულ საგადასახადო ინსპექტორებს უჩივიან, ქართველი ოპოზიციონერები კი - აზერბაიჯანელებს. უფრო სწორედ, ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ მათი ქმედება საქართველოს აზერბაიჯანისთვის მიერთებისკენაა მიმართული.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში მოქმედ მსხვილ ბიზნესმენებს საქართველოში „ყველაფრის ყიდვისკენ“ მოუწოდა.

ამის შესახებ სანიკიძემ ნაძალედევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას „მიხეილ სააკაშვილის ორ ბოროტ პროექტზე“ საუბრის კონტექსტში განაცხადა.

 

სააკაშვილის ბოლო ორი ბოროტი პროექტი ქვეყნის სინგაპურიზაცია და საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნაა. მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს საქართველოში არსებული მიწების, მშენებარე სახლების და ყველა სხვა ქონების შესყიდვისკენ მოუწოდა. უკვე გასაყიდადაა გამზადებული შირაქის ველები და ერთ-ერთ ყველაზე პოტენციურ მყიდველად სწორედ აზერბაიჯანი მოიაზრებაყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის პროექტი - აზერბაიჯან-საქართველოს კონფედერაციის შექმნა საქართველოს აზერბაიჯანისთვის მიერთებისკენაა მიმართული, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ბევრად უფრო მდიდარი, მრავალრიცხოვანი და ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა, - განაცხადა სანიკიძემ.

 

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი მოსახლეობას „სინგაპურიზაციაზეც“ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტიც ერის გადაგვარებისკენაა მიმართული.

„სინგაპური კუნძულოვანი სახელმწიფოა და ფართობით გორის რაიონის ტოლია. მას ოთხი სახელმწიფო ენა აქვს და მკვიდრი მოსახლეობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ამდენად, ამ პროექტით პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ ეუბნება საზოგადოებას, რომ საქართველოში ქართველები უმცირესობა გახდება“, - აღნიშნა სანიკიძემ.

 

სხვათა შორის, ბოლო დროს აზერბაიჯანური ბიზნესის გააქტიურება საქართველოში მართლაც შეინიშნება. ამის დასტურად აზერბაიჯანული ნავთობგიგანტის „სოკარის“ ქმედებებიც კმარა. ამ მომენტისათვის „სოკარის“ ხელშია საქართველოში აზერბაიჯანული საწვავის იმპორტი, უზრამაზარი სადისტრიბუციო ქსელი, უამრავი ავტოგასამართი სადგური, 30 რეგიონალური გაზის კომპანია, საავტომობილო გაზის იმპორტი.

 

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები პირდაპირ მიუთითებენ, რომ უშუალოდ არიან დაინტერესებულნი მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით, რისთვისაც ყველა საშუალებას მოიშველიებენ.

 

აზერბაიჯანი აფინანსებს ბაქო-თბილისი-ყარსის პროტს, მათ ხელშია ყულევის ნავთობტერმინალი და სამომავლოდ პორტიც. აზერბაიჯანული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში გზების მშენებლობის საკითხში. იმაზე აღარფერს ვამბობთ, რომ ბაქოს უკავშირდება ტანსაცმლისა და პირველიმოხმარების საქონლის იმპორტიც.

 

მიუხედვად ამისა, აზერბაიჯანელი დიპლომატები საქართველოს მისამართით გარკვეულ უკმაყოფილებას პერიოდულად აფიქსირებენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება საგადასახადო საკითხებს და აზერბაიჯანულ კომპანიებზე „ზეწოლას“. მაგალითად, მეზობელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანულ ბიზნესს საქართველოში ხშირად აქვს საქმე მოულოდნელ შემოწმებებთან.

 

საგადასახადო შემოსავლების სამსახური უფროსი გიორგი ცხაკაია კი ასეთი ფაქტების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ იმ ბიზნეს-კომპანიებმა, რომლებმაც ელჩებთან იჩივლეს, მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

საგადასახადო სამსახურის ინსპექტორი არ არის ის, ვინც უნდა უყვარდეთ, - მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა მეზობლებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა.