საქართველოს საბანკო ბაზარზე მოქმედ კომერციული ბანკებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები განსხვავებული კრიტერიუმებით ამოწმებენ. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განუცხადა, სარეიტინგო სააგენტოს მთავარი კრიტერიუმები ბანკის ძლიერი კაპიტალიზაცია და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელია.
გვასალია განმარტავს, რომ სააგენტოები ასევე ითვალისწინებენ ბანკების კორპორაციული მართვის დონეს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ კრიტერიუმებისა და საქართველოს სუვერებული რეიტინგის გაზრდის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო “ფიჩ რეიტინგსმა” სამ ქართულ ბანკს რეიტინგები გაუზარდა.
“ფიჩ”-ის ანალიტიკოსების გადაწყვეტილებით, რეიტინგები გაეზარდა “პროკრედიტ ბანკი-საქართველოს”, “საქართველოს ბანკს” და “ვითიბი ბანკი ჯორჯიას”. სარეიტინგო სააგენტოს ინფორმაციით, სამივე ბანკის პროგნოზი ამ დროისთვის “სტაბილურია”.
როგორც ბანკების ადმინისტრაცია აცხადებს, რეიტინგის გაზრდა პირველ რიგში საბანკო სექტორის მდგრადობასა და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებს. ბანკებში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სააგენტოს ასეთი შეფასება ევროპის კრიზისის ფონზე ქართულ საბანკო სექტორს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.
საინტერესოა, რომ “მდგრადი და სტაბილური” ბანკები საქართველოში საკრედიტო პროცენტების შემცირებას არ აპირებენ. არადა, წესით და რიგით, როდესაც ბანკებს “საჭიროზე მეტი” ფული აქვთ, სესხებზე განაკვეთი მცირდება. ასეთი რამ კი საქართველოში არ იგეგემება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბანკები არც ისეთი მდგრადები არიან როგორც თავად ამბობენ ან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ (მომხმარებელების ხარჯზე).
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პირდაპირ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საკრედიტო რესურსი არ გაიაფებდება. როგორც გილაურმა განაცხადა, რომ არა ევროპის კრიზისი, საქართველოში კრედიტები, შესაძლოა, გაიაფებულიყო. ახლა კი, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაიაფება მხოლოდ ევროპაში ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
არადა, საქართველოში ერთობ მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ეს მხოლოდ კლიენტების წუწუნის კი არა, შესაბამისი კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას.
მაგალითად, საგულისხმოა საერთაშორისო ორგანიზაცია “პენი ლეინ რეალითის” კვლევის შედეგები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. ორგანიზაციამ, ევროპის იპოთეკური ფედერაციაზე დაყრდნობით, იპოთეკური სესხების სიძვირის მიხედვით 60 ქვეყნის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მონაცემები არ ფიგურირებს.
ჩვენთვის უფრო საინტერესოა მეზობლების საბანკო სტრუქტურაა და ამიტომ მხოლოდ მათ შევეხებით. გარდა ამისა, სესხებზე განაკვეთების შესადარებლად აღებულია იპოთეკური კრედიტების განაკვეთები, რადგან იპოთეკური სესხები ზოგადად ყველაზე იაფად არის მიჩნეული.
მაშ ასე, თურქეთში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 6,8%-ია. რუსეთში სესხებს ბანკები წლიურ 11,6-12,5%-ად გასცემენ, თუმცა სესხის ამღებთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რამდენადაც ოპო-კრედიტის მიმღები პირს საშუალო თვიური შემოსავალი 50 ათას რუბლს უნდა აჭარბებდეს.
რაც შეეხება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, იქ პროცენტები ერთმანეთისგან რადიკალურადაა განსხვავებული. მაგალითად, სომხეთში იპოთეკური კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 12%-დან იწყება და 26%-მდე ადის, აზერბაიჯანში კი 11-13%-ია.
უკრაინაში კი იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთი არა მარტო მაღალია, არამედ იმდენად ცვალებადი, რომ თავად უკრაინელებს ვერ გაუგიათ, როდის და რა პროცენტით გასცემს ბანკი სესხს. მაგალითად, 2011 წლის აგვისტოში უკრაინაში იპოთეკური კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 16,8,-17,4%-ს შეადგენდა, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 17,8-20,3%-მდე გაიზარდა.
საქართველოში კი მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხს ოდენ 9 ბანკი გასცემს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 13%-დან 22%-მდე მერყეობს. იპოთეკური სესხის მოცულობა 1 000-დან 500 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
დაინტერესებული მკითხველი თავად შეადარებს არსებულ მონაცემებს და აღმოაჩენს, რომ ადგილობირივი ბანკები ზორბა პროცენტებს არიცხავენ საკუთარ კლიენტებს.
1006
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85