როდესაც ბიძინა ივანიშვილს საყვარელ პოეტებზე ვკითხეთ, დათო მაღრაძე გალაკტიონის, ბარათაშვილისა და მუხრან მაჭავარიანის გვერდით ახსენა. როგორ მიიღო ეს შეფასება, ამით დავიწყე საუბარი პოეტ დათო მაღრაძესთან:
- ადამიანს თუ შენი ლექსი მოსწონს, ძალიან სასიამოვნო და გასახარელი განცდა გეუფლება. ბატონ ბიძინას დიდი მადლობა, რომ ასეთი მწერლებისა და პოეტების რიგში დამასახელა თავისი ესთეტიკიდან და სულიერი სამყაროდან გამომდინარე. ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი ლექსის მიმართ თანაგრძნობა უჩნდება.
ზოგი ხელოვანი შემოქმედებას „ვერ თმობს“ და ამქვეყნიური ორიმტრიალისაგან განზე დოგმას არჩევს. თქვენ კი სულ მოვლენების ეპიცენტრში ხართ.
- რაც უნდა ბედნიერი წამები განიცადო სამშობლოს გარეთ, აქაური ტკივილიც და დღესასწაულიც უფრო მძაფრია.
ჩემო ქვეყანავ რაც ხარ ეგეც რომ
ვერ ყოფილიყავ, არ გყავს შემცვლელი,
მე მიყვარს ის რაც, ალბათ, შეგეძლო,
მე მიყვარს ის რაც, შენ ვერ შესძელი.
ეს არის ჩემი, ურთიერთობა სამშობლოსთან. სამშობლოდან მოწყვეტილს არასოდეს მიცხოვრია. ვცხოვრობ როგორც ამ ქვეყნის შვილი. აქ ყველაფერი მშობლიურია ჩემთვის. ჩემთვის აქ ტკივილიც დღესასწაულია.
ბანკ “ქართუში” ანგარიშის გახსენით ბევრს მიეცით მაგალითი.
- პრეცედენტს ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩემზე ბევრად ღირსეულ ხალხს შეუქმნია ასეთი პრეცედენტები და ჩემს შემდეგაც შექმნიან. სულ მესმის სახელოვნებო სამყაროს მიკედლებული ხალხისაგან, - ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთო. უინსტონ ჩერჩილისა და რუზველტის მიმოწერაში არ ჩავრეულვარ. პოლიტიკა ის იყო. რაც აქ ხდება პოლიტიკის საზღვრებს სცდილდება, როდესაც შემოვარდებიან სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, თავდასხმაა და ადამიანი ცდილობ თავი დაიცვა. ჩვენი საქმე რა არის, ეს ჩვენი შვილიშვილების თაობამ განსაჯოს. მე არ ვიცი ლექსის წერა არის ჩემი საქმე თუ არა. ისინი რატომ არიან ასე დარწმუნებულები, რომ იმას აკეთებან, რაც მათი საკეთებელია. ცვეტაევა ამბობს, „ჩემო მკითხველო ასი წლის მერე მოგესალმები“. თუ შენს მკითხველს ასი წლის მერე მიესალმე, ეს ყოფილა შენი საქმე, მაგრამ თუ შენ მიესალმე და იქიდან არავინ მოგესალმა, არ ყოფილა. ხელოვანის საქმიანობის ავკარგიანობა მისი ეპოქის განსასაზღვრი არ არის. ამიტომაც საკუთარ შემოქმედებაზე ასეთი თავდაჯერებული მსჯელობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ასე მოფიქრალ ხალხს მინდა შევახსენო სოკრატე, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე ხმლით იდგა, როდესაც ათენს გაუჭირდა. თუ ვინმე თვლის, რომ სოკრატეზე მეტი ტალანტი მისცა განგებამ და ამიტომ ეფარება ფუნჯს, კალამს, თუ კლავიატურას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავის ფუნჯიც და კალამიც. სინამდვილეში, ეს ხალხი ცდილობს საკუთარ პროფესიას ამოეფარონ და არცერთ ორპირში არ გავიდნენ.
მათი განზე გადგომის რეალური მიზეზი შიშია. შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს ამ ხალხს. რადაგან ეს ხელისუფლება აგრესიით გამოირჩევა ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის მიმართ. განგებ არ ვთქვი „განსხავებულად მოაზროვნეების“ მიმართ, რადაგან ეს რომ ვთქვა, ჯერ ხელისუფლების აზროვნება უნდა დავინახო. მათ აზროვნებას კი ვერ ვხედავ. ეს ხელისუფლება თავისუფალ ადამიანებს ემტერება მთელი თავისი აგრესიით. ოჯახის წევრებზე მუქარით, რეპრესიით, დაჭერით, საქმის შედგენით, დაბრალებით, რაც მზაკვრობაა ჩადებული კაცობრიობის ისტორიაში, ყველაფერმა დღევანდელ ხელისუფლებაში მოიყარა თავი. შიშის ფაქტორი მოქმედებს და ხელოვნებას მიკედლებულ ხალხს უნდა თავისი მშიშრობა ხელოვნებით გატაცებით გაამართლოს. „ხელოვნებაში ჩაკეტვის“ მეორე მიზეზი ანგარება და ცდუნებაა. რეჟიმის მხადამჭერობა მატერიალურად და პატივის მიგებით ფასდება. მესამე მიზეზი კი სამოქალაქო შეგნების ნაკლებობაა.
ამაში, ალბათ, სამშობლოს განცდის ნაკლებობაც იგულისხმება.
- სანდრიკა გირგვლიანი ბატკანივით რომ დაკლეს ოქროყანის ტყეში არ შეგეხო? ხელოვნების ნიადაგი თანაგრძნობაა. თანაგრძნობა თუ არ გაქვს, რას იქნევ კალამს? როდესაც ხელოვანი ჩუმდება, ის ჯალათის მხარეს დგება, მაგრამ ვერ ამოეფარებიან ამას. ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. ამათი გაკეთილშობილება არ იქნება, ეს ხელისუფლება უნდა შეცვალო.
ხომ არ იქნებით იმ გუნდში, რომელიც ამ ცვლილებას გეგმავს.
- საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ამ ბრძოლის ნაწილია. ეს არ უნდა იყოს ერთი ორგანიზაციის ჩარჩოებში მოქცეული მოძრაობა, ეს საყოველთაო მოძრაობა უნდა იყოს. ასე მესახება ეს ბრძოლა. ეს არის ჩემი წიაღი, სადაც ვიყავი, ვარ და ვიქნები. ორგანიზაციულად რას მოვკიდებ ხელს ამ წუთში არ ვიცი. თუ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყველაფერს გვერდით გადავდებ და უპირატეობას ქვეყნის ინტერესს მივანიჭებ. მე სულიერად იმ ხალხს ვემემკვიდრე, ვინც ასე იქცეოდა საქვეყნო განსაცდელის დროს. არაფერს არ გამოვრიხავ, მაგრამ არ დავასწროთ მოვლენებს.
სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება ერთჯერადი აქტი არ არის, ეს მარადიული პროცესია. ამ ქვეყანაში თავისუფლების ასპარეზი უნდა შეიქმას, რომ ადამიანმა ჟანგბადი ჩაისუნთქოს და არ იყოს განწირული ხელისუფლების აგრესიის წინაშე. ერთ პატარა ჩინოვნიკსაც კი შეუძლია ნორმალური ქართული ოჯახი გაანადუროს და მეზობელმაც ვერ უშევლოს. სანდრო გირგვლიანმა ჩვენი ღირსება აიტანა ოქროყანის ტყეში და არ დათმო. რას შეეწირა ეს კაცი? იმას, რომ ყველაზე ცუდ დროს, ყველაზე მძიმე განსაცდელში ყველა ჩვენგანის ღირსება ატარა. უიარაღო პატარა ბიჭი იდგა შეიარაღებული მაღალჩინოსნების წინაშე, მაგრამ მაგალითი მოგვცა...
ნაციონალური მოძრაობის უსუსრი მცდელობა, რომ ადამიანის ახალი ტიპი შეექმნათ, კრახით დასრულდა. ძალა, რომელიც ძალაუფლებაშია, ძალიან მხადაჭერილი იყო აშშ-სგანაც და ევროპისაგანაც. აშშ-ს მიაჩნდა, რომ სააკაშვილი მათი პროექტია, მაგრამ მათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ. იციან, რომ აქ დემოკრატიის არანაირი ნიშან-წყალი არ არის. საქმე იქამდე მივიდა, რომ, რაც მათ სამაგალითო პოროექტად მიაჩნდათ, მათ სადისკრედატაციოდ ტრიალდება. ჩემი აზრით, ენდომებათ როგორმე არჩევნებამდე მიიყვანონ ეს ხელისუფლება, რათა აქაც დამკვირდეს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების ტრადიცია და ამავე დროს, ეცდებიან უსასრულოდ არ გაგრძელდეს მათი სადისკრედიტაციო პროექტი. საქართველოს მოსახლეობის განწყობა პირველად ემთხვევა საგარეო ტენდენციას. ეს თანხვედრა არის იმედის საფუძველი, რაც საქართველოს მოსახლეობაში გაჩნდა.
ქართველ ხალხის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. იმ კაცმა, რომელსაც უშიშროების აივნიდან თვალი გამოსთხარეს, უნდა იგძნოს, რომ მისი სამართლიანობისათვის მოძრაობა გრძელდება. არ შეიძლება, რომ ეს მოძრაობა გარკვეულ, თუნდაც ძალიან საპატივსაცემო წრეში იყოს, ის ყველასი უნდა გახდეს. ნაპოლეონი ელბადან რომ დაბრუნდა, ჯარს მიმართა, - თქვენ ისე გაგიხადეს საქმე, რომ თქვენი ჭრილობების გრცხვენიათ. მე მოვედი იმიტომ, რომ თქვენი ჭრილობები დავაფასოო. ეს განცდა უნდა ჰქონეს იმ ნაბრძოლ ხალხს, ვინც გაუტეხელი, სამაგალითო სულისკვეთება აჩვენა მთელს გარე სამყაროს.