სადაზღვევო ბაზარი იზრდება, კომპანიათა რაოდენობა - მცირდება

სადაზღვევო ბაზარი იზრდება, კომპანიათა რაოდენობა - მცირდება


2011 წელი ბაზარზე მოქმედი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების შემცირებასთან არის გაიგივებული. სადაზღვევო სექტორში ეს პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ერთი კომპანია გაკოტრდა, მეორესაც იგივე ბედი ელის, ორი კომპანია უკვე შეერწყა ერთმანეთს და ასეთი გარიგებები მომავლშიც იგეგმება.

ახალი წლიდან სადაზღვევო კომპანიები “ჯიპიაი ჰოლდინგი” და “ირაო” “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” სათაო ოფისში გააგრძელებენ საქმიანობას. ორი კომპანიის აქტივები უკვე გაერთიანდა, თუმცა ისინი ბაზარზე დამოუკიდებელი სახელწოდებით დარჩებიან. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიები 16-დან 14 კომპანიამდე შემცირდა.

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიეთრობის სამსახურის უფროსის თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით, ახალი წლიდან “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შენობაში ორივე კომპანიის “ირაოსა” და “ჯიპიაი ჰოლდინგის” ადმინისტრაცია გადავა. სერვის ცენტრების კუთხით კი არაფერი შეიცვლება.

სადაზღვეო ბაზრის ორი მოთამაშის “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ირაოს” აქტივები, კომპანიების მფლობელის “ვენის სადაზღვეო ჯგუფის” ინიციატივით გაერთიანდა, თუმცა მხარეები განმარტავენ, რომ ისინი ბაზარზე საქმიანობას დამოუკიდებელი ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ.

აქტივების გაერთიანება მხოლოდ ერთიანი ფინანსური ბაზის შექმნას გულისხმობს და ბრენდების შერწყმა არ იგეგმება. კომპანიებში აცხადებენ, რომ აქტივების გაერთიანებით მომხმარებლისთვის არაფერი შეიცვლება.

“ვენის სადაზღვეო ჯგუფის” წარმომადგენელმა ალექსანდრ ჯედლიკამ ამასწინათ განმარტა, რომ “ირაოში” მხოლოდ ფინანსური კუთვნილების სტრუქტურას შეიცვლება და ბაზარზე ბრენდი “ირაო” უცვლელად დარჩება. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ჯგუფის მულტიბრენდული სტრატეგიაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო” 2004 წლის მარტში დაფუძნდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი “ვენის სადაზღვევო ჯგუფია”. რაც შეეხება “ჯიპიაი ჰოლდინგს”, იქ “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” 50%-ს ფლობს. “ჯიპიაი” ამ დროსთვის ბაზრის ლიდერია და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვეო სექტორის 17,8%-ს აკონტროლებს.

“რეზონანსის” ინფორმაციით, გაისად სადაზღვევო კომპანიების მორიგი გაერთიანებაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიების შერწყმის ალბათობაზე საქართველო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ათკაციანი კომპანიების ერა დასრულდა.

წლეულს მძიმე ფინასური შედეგების გამო სადაზღვევო “ვესტი” გაკოტრებულად გამოცხადდა და იგი “არქიმედე გლობალ ჯორჯიამ” შეიძინა. საუბარი მიდის “ალდაგი ბისიაის” და “იმედი ელ”-ის შერწყმაზე. თუმცა, ამ ბოლო გარიგებას ორივე კომპანიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. საერთო ჯამში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სადაზღვევო კომპანიების რიცხვი დაახლოებით 10-მდე შემცირდება. ბაზარზე გამსხვილების პროცესი გარდაუვალია.

“არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე კი წვრილ კომპანიებს დიდ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა და საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდებათ. ამიტომ, ისინი ბიზნესს საერთოდ გააჩერებენ ან მსხვილ კომპანიებთან გაერთიანდებიან”, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად კანდელაკი.