ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ერთ-ერთი ძეგლი, კვირიკეს ჯამე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქული კულტურის უძრავ ძეგლად აქვს გამოცხადებული, წარსულში ეკლესია იყო. ეს და სხვა საინტერესო ამბავი სოფელ კვირიკეში სტუმრობისას, ადგილობრივებისგან შევიტყვე.
ამ თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე, რაც სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებით ჯერ კიდევ მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახლა დეკემბერის მეორე ნახევარია და არაფერი შეცვლილა - ხელშეკრულება ხელმოუწერელია.
ოქმს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით დღემდე მზადების პროცესშია, ასე ჰქვია - “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ვაჩეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილია, რომ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ხანძთის, ოშკის, იშხანის და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ თურქები ითხოვენ (თუ ითხოვდნენ): ახალციხის რაბათის კომპლექსის, იქვე არსებული წყვილი აბანოს, ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს, ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთის რესტავრაციას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას.
სოფელი კვირიკე ქალაქ ქობულეთიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. ამ სოფლის სახელწოდება წმინდა კვირიკეს სახელთანაა დაკავშირებული. კვირიკეს ზოგიერთ უბანს, რუსეთსა და თურქეთს შორის გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, სოფლის ზემო განაპირა ნაწილს ნაზარბაზნევი ჰქვია (სადაც დღემდეა შემორჩენილი ზარბაზნების განსათავსებელი ტერასები), სოფლის ერთ–ერთ გორაკს კი ნაბათიას ეძახიან, რაც ნაომარ ადგილს ნიშნავს. დღეისათვის სოფელი კვირიკე სამადაა გაყოფილი: კვირიკე, ზედა კვირიკე და ქვედა კვირიკე. კვირიკეს ჯამე სოფლის ცენტრში მდებარეობს და რკინის ღობითაა შემოსაზღვრული.
სოფელ კვირიკეში ასვლა და ადგილობრივებთან შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ დახმარებით შევძელი, რისთვისაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი. ამასთან, ამ მასალის მომზადებისას გამოვიყენე ამონარიდები იმ სამეცნიერო ნაშრომებიდან, რომლებიც ბუკლეტებად, რუკებად და წიგნებადაა გამოცემული და ნაიწლობრივ ეხება კვირიკეს ჯამეს ისტორიას.
სოფელ კვირიკეში ყოფნისას ჩემი მიზანი იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჯამეში პერიოდულად დადიან და ამ ძეგლის ისტორია დანარჩენებზე უკეთ იციან. ადგილობრივებმა ასეთებად დაასახელეს: შალვა ართმელაძე, ქემალ ვერულიძე და ხემიდ (გიორგი) ვერულიძე. ისინი კატეგორიულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ კვირიკეს ჯამე არის თურქული კულტურის უძრავი ძეგლი და კიდევ - აცხადებენ, რომ ამ ხის ნაგებობას სარესტავრაციო არაფერი სჭირს.
პირველად 79 წლის შალვა ართმელაძის ოჯახში მივედით. იგი სოფელ კვირიკეში შუახევის რაიონიდან 50 წლის წინ გადმოსახლდა. კითხვაზე - მოგეწონებათ, თქვენთვის მისაღები იქნება, თუ თურქები გაარემონტებენ და კვირიკეს ჯამეს ოფიციალურად გამოაცხადებენ თურქული კულტურის უძრავ ძეგლად? შალვა ართმელაძემ მოგვიგო - “რაში უნდა მომეწონოს? ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს სამშობლოში ახლა იმან რატომ უნდა გააკეთოს?!“
შალვა ართმელაძეს თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების შესახებ გაგონილი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, ეს ხელშეკრულება კვირიკეს ჯამესაც, რომ ეხებოდა. 79 წლის შალვა ართმელაძემ საინტერესო ისტორია გვიამბო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გაღმა კვირიკეში რომ ეკლესია იყო, ხოჯის აშენებულია. გვარად ქამადაძე იყო, დიდი ნასწავლი კაცი. გევიდნენ ბერძნებმა და უთხრეს, მარა არაო, მე ხოჯა კაცი ეკლესიას არ ავაშენებ, ჯამე რომ იყოს, კიო. ხოჯაც იყო და მოხელეც იყო. დაწვა, დეიძინა და სიზმარი ნახა ისეთი, რომე მისით გამევიდა და ააშენა, ფულიც არ ოუღია. 40 ბერძენი იყო ჩამოსული და ორმოცივემ ერთად ნახა სიზმარი, ხოჯამაც და ყველამ ერთად, ერთ ღამეს. ორმოცივე თითო ოქროს აძლევდნენ ხოჯას, ეკლესიის გასაკეთებლად. არც თქვენი ოქრო მინდა და არაფერიო. უუშენა ისე. მაგი მერე კომუნისტების დროს დაშალეს და ვინცხამ დაანგრია, იგი მოკდა. ვინც დანგრევაში მონაწილეობდა, იგინიც მოკდა. ერთი ცოცხალი დარჩა. იმ დონეზე მივიდა, რომ მეინათლა, მთელი ოჯახი მეინათლა. ოთახში ჯვარი დაკიდენ და გაქრისტიანდენ. თუ გინდა ჯამე იყოს, თუ გინდა ეკლესია, ვინც მაგას შეეხო, ხეირი ვერ ნახა“.
89 წლის ქემალ ვერულიძე ბოლო პერიოდში ჯამეში ხშირად მისვლას ფიზიკურად ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, “200 წლის გახდა ჯამე და მესამასეშია გადასული. ადრე კედელზე ეწერა 245 წლისააო, მარა მერე მოშალა, მოფხიკა ვიღაცამ“.
კითხვაზე - ვინ ააშენა კვირიკეს ჯამე? ქემალ ვერულიძემ მოგვიგო:
“აგერ მაღლა, კვირიკეს მოსაზღვრე სამებაში ერთი დიდი თვალი ეკლესია იყო. იქ ახლა გზა გადის, საზღვარია. რომელი საუკუნის ეკლესია იყო, მაი არაკაცმა არ იცის. გამოღმა იყო სამება და გაღმა კვირიკე. დაშალა ამ ქვედა ხალხმა, გაღმა ჩამეიტანა და აქ გავაკეთებთო. ჩამევიდა ღამე იგინი და წეიღენ ისევე. გავაკეთებთ და ზიარი იყოს - იქაც და აქაცო და გაკეთდა ჯამედ. მასალა მეიპარეს, დადგეს და ჯამედ გადააქციეს. ჩვენ რომ ბოსტანს ვბარავთ, ჭურის ნატეხებს ვნახულობთ. საზღვარზე 70-ფუთიანი ჭურია ჩადებული. მერე გამუსლიმანდა ეს ხალხი. აქანე სულ ჭურის და იმის ნამყოფია. მაგი რომ მეიპარეს და ჩამეიტანეს, აქ ჩვენ ქრისტიანი არ გვინდა, მუსლიმანები ვართო და თავიდან ჯამის სკოლა - მედრესე გახსნეს. მაქ ჩემი ბაბუები და იგინი სწავლობდნენ.
აქანე თურქეთიდან გამოდიან ხოჯები, ლოცულობენ. აჭარაში ყველაზე საუკეთესო ჯამეა მაგი. გასარემონტებელია თუ არა? - როგორ გეკადრება, რა აქვს გასარემონტებელი?! შეხედვა მადლია. მაგი სოფლის ხალხმა გაარემონტა, 10-15 წლის წინ - ხის ხელოსანი იყო, ავთო ვერულიძე და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ძველი იგი შეინარჩუნა. თურქმა რომ გაარემონტოს და ამ ჯამეს თურქის სახელი დაერქვას, მაგის ნებას სოფელი არ მისცემს! თურქი გამოდიოდა, ლოცულობდა და გადიოდა, თორემ თურქის სახელს რეიზა დაარქმევენ ამას?! ჩვენია, ქართველებისაა. თურქი რატომ ეპატრონება?! ეს ქართველების ნახელავია, კარი ეკლესიისაა. მაგაში წყალი არ შედის, ხის მატლი რომაა, იგი არ არის შიგნი“.
ხემიდ (გიორგი) ბერიძე სოფელ კვირიკეში 1949 წლიდან ცხოვრობს. ოჯახთან ერთად ხულოდან, რომ გადმოსახლდა, 12-13 წლის იყო.
ხემიდ (გიორგი) ბერიძე: “როგორც ვიცი მაი ჯამე აქაური ადგილობრივი მაცხოვრებლების, ქართველი მუსულმანების აშენებულია. ახლა მაგალითად, შამოდის თურქი დებს 200 მანათს, 300 მანათს, მაგრამ ხეირათის წესით. ჯამეები ბევრ ადგილზე გაკეთდა, თურქებმა დეგვეხმარენ, არ გვქონდა ჩვენ იმდენი სახსრები, მარა არც ერთ თურქს არ უთქმია, რომ ეს ჩვენი გაკეთებულია და ეს ჩვენიაო. ჩვენი მთავრობა ამბობს კვირიკეს ჯამეზე, რომ თურქულიაო? ჩვენი მთავრობის დიდი იმედი მაქვს. მე მგონი მაგას არ იტყვის. ვიღაცას თუ სჭირია და ამბობს, ეგ არ ვიცი. არც თურქი არ იტყვის მაგას და არც ჩვენი მთავრობა.
მე მაგალითად, სააკაშვილის ძალიან მჯერავს - აშენებს, ამშვენებს, ხალხს ყველას ერთნაირად უდგება, დიდს, პატარას ცნობს. უყვარს საქართველო. ეს ახლა რა არის იცი?! როგორც იტყვის ძველი ხალხი, ენა უძვალოა - ასეც იტყვის, ისეც იტყვის. ზოგს არც დოუნახია, არც გოუგონია და თავისით რაღაცას ყბედობს. რას ამბობს, ან სად მიდის ეს სიტყვა, რას ნიშნავს, რას ავრცელებს, ამის აზრი არა აქვს“.
ამ მასალაზე მუშაობისას გავეცანი ისტორიის აკადემიური დოქტორის, რუსლან ბარამიძის და ისტორიის აკადემიური დოქტორის, ნათია დემურიშვილის მიერ გამოცემულ წიგნებს, ბუკლეტებსა და ალბომებს, მუსულმანურ საკულტო ნაგებობებზე, მაგრამ კვირიკეს ჯამეს ზემოხსენებული ისტორიის შესახებ, არც ერთში არ არის აღნიშნული.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური დახმარებით 2010 წელს გამოიცა ალბომი - “მუსლიმური საკულტო ძეგლები“, რომელშიც შეტანილია აჭარაში არსებული კულტურულ–ისტორიული მნიშვნელობის 44 შენობა. მათ შორისაა კვირიკეს ჯამე, რომლის შესახებ ალბომში ფოტომასალასთან ერთად ერთაბზაციანი ინფორმაციაა:
“მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს ცენტრში. აგებულია 1860–1862 წლებში, არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. საბჭოთა პერიოდში იგი საწყობად გამოიყენებოდა. მეჩეთი წარმოადგენს ქვის საძირკველზე შემოდგმულ ხის შენობას. მისი ზომებია: სიგრძე 11.7 მეტრი, სიგანე 9, 7 მეტრი, სიმაღლე 4.3 მეტრი. აღდგენის შემდეგ მას ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად კარგ მდგომარეობაშია“.
2009 წელს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეგიდით ბუკლეტი გამოიცა, რომელშიც კვირიკეს ჯამეს შესახებ ასეთი რამ წერია:
“...ხალხური გადმოცემით, შენობა თავდაპირველად სოფელ სამებაში მდგარა. კვირიკელებს ღამით მოუპარავთ და აქ ჩამოუტანიათ. სამებელებს კი უკანვე წაუღიათ. ბოლოს შეთანხმებულად და ჯამე ისევ კვირიკეში დაუდგამთ. შენობის გადაადგილების ფაქტს ცხადყოფს ისიც, რომ პირველი სართულის იატაკის თავხეების გამაგრების მიზნით, გამოყენებულია ჩუქურთმიანი ხის ბოძები, რაც მნახველისთვის ძნელად მისადგომია“.
როგორც ხედავთ, სამებიდან კვირიკეში ხის ნაგებობის წაღება-წამოღების შესახებ ბუკლეტში მითითებულია, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავდაპირველად ეკლესია იყო.
ხის ნაგებობის შესასვლელ კარზე, რომლის შესახებაც 89 წლის ქემალ ვერულიძემ გვითხრა, რომ ეს იყო ქრისტიანული ეკლესიის კარი, ბუკლეტში ასეთი რამ წერია:
“...შედარებით მეტი დეკორატიული აქცენტი შეინიშნება მასიური, მთლიანი ხისაგან დამზადებულ ორფა კარებზე, რომელიც ინტერიერის ერთადერთი შესასვლელია; იგი შროშანის სტილიზებული რტო-ყვავილოვანი სახეებითა და წნულებით არის შემკული. ღია კარების სილუეტი თაღისებური კონფიგურაციის მქონეა და მოჩუქურთმებული წნულებით არის ამოკვეთილი კარის საპირეც. კარები შიდა მხრიდან დამაგრებულია რკინის ორიგინალურ საკიდებზე, რომელზეც ოსტატის მიერ ამოკვეთილია ორნამენტი და აგების თარიღი...“.
2010 წელს, რუსთაველის ფონდის დახმარებით, კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა, სათაურით - “მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“. წინათქმაში აღნიშნულია, რომ წინამდებარე ნაშრომის გამოცემას წინ უძღვოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მოიცავდა საველე სამუშაოებს ისტორიული წყაროებისა და საარქივო მასალების მოძიებას. ქვეთავში – “მუსლიმური საკულტო ნაგებობები თანამედროვე აჭარაში“, 95-ე გვერდზე კვირიკეს ჯამეს შესახებ წერია:
“გამორჩეული მხატვრული ღირებულებისაა სოფელ კვირიკეს მეჩეთი (ქობულეთის რაიონი). წარწერის თანახმად აგებული 1865–66 წლებში. ქვის საძირკველს დაფუძნებული ხის ორსართულიანი შენობა კრამიტის სახურავით, მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით შემოჯარული ღია აივნით პირველ სართულზე, გადახურვის თავისებურებით, შიდა სივრცის დაგეგმარებით და რაც მთავარია, ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობის საერთო ხასიათით, მიუხედავად ფასადის ორიენტირებისა ჩრდილოეთის მხარეს, რაც დამახასიათებელია ქართული მეჩეთებისათვის და თავის მხრივ, განპირობებულია მექისადმი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, კვირიკეს ჯამე აჭარული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს“.