"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოამზადებს, მაგალითად რამე კანონპროექტს და შემდეგ ამ პროექტით რომელიმე პოლიტიკური პარტია ისარგებლებს, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარც იურიდიული პირებისგან მიიღებს დაფინანსებას და ვეღარც გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასევე თუ რომელიმე საზოგადოება რამე ღონისძიებას ჩაატარებს, რომელსაც ირიბად დაუკავშირებენ პოლიტიკურ პარტიას, მათაც იგივე ბედი ელით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს - ასე ხსნიან ექსპერტები და ოპოზიცია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების ახალი წესების დადგენას ითვალისწინებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით არასამთავრობოებს "პოლიტიკასთან ირიბი კავშირის" გამო გრანტის მიღება აეკრძალებათ.
"ზოგადად, ამ კანონპროექტის თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ; მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში; ფიზიკური პირების შემოწირულობების ზღვარი გაორმაგდება 60 000 ლარამდე; პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 0,2%-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების ჩათვლით - ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ნამატი კი სახლემწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს; ყველა ფინანსური ტრანსაქცია უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს; პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა; პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს კონტროლის პალატა გასწევს ცესკო-ს ნაცვლად", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ გაჟღერდა, რაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა და ამის გამო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორს დაუკავშირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიზანს არც ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციები მალავენ. არასამთავრობო სექტორის მეორე ნაწილი კი ამ ცვლილებებს მისი გაჟღერებისთანავე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მთელი საქაერთველო პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ხდება და მათთვის გარკვეული სანქციები დაწესდება - საქმე ის არის, რომ კანონს ორი მუხლი ემატება, რომელიც ამის საშუალებას იძლევა", - დასძენს გამოცემა.
"ეს მუხლებია: "პარტიას ეკრძალება - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით" და მეორე: "ამ თავით პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასტან, ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან ტავის შეკავების თაობაზე. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან" - ამ ჩანაწერის ამოქმედება კი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, პრობლემებს შეუქმნის ხელოვნების და სპორტის სფეროს წარმომადგენლებსაც", - წერს სტატიის ავტორი.
"მინდა მივმართო მთავრობას, რადგან სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მწერლები, მსახიობები, სიმფონიური ორკესტრის წევრები, მომღერლები, სპორტსმენები", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ კანონპროექტის განხილვისას. მას აინტერესებს რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ამ ადამიანების ყოველდღიური სოციალური მდგომარეობა არ გაუარესდეს. ხელისუფლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების მოტივად ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის "გრეკო"-ს, ასევე ადგილობრივი არასამთავრობოების რეკომენდაციებს ასახელებს. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ რეკომენდაციებში მსგავსი რამ არ არსებობს!", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"მე ეს რეკომენდაციები საგანგებოდ გადავამოწმე და მსგავსი რამ არსად არ წერია. იქ არის ერთადერთი წინადადება, რომ "შესაძლებელია, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს" და ამის შემდეგ არის ჩამოთვლილი, თუ რაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, სადაც ერთ-ერთია იურიდიული პირის შემოწირულობა. მაგრამ აქ საუბარია შეზღუდვაზე და არა აკრძალვაზე, შეზღუდვა კი დღესაც მოქმედებს. ამასთან, ეს არის არა რეკომინდაცია, არამედ თეორიული შესაძლებლობა. რეკომენდაციად კი პირდაპირ წერია ის, რომ უნდა აიკრძალოს შემოწირულობის გაკეთება ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე, ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომელშიც წილი აქვს სახელმწიფოს, რასაც ოპოზიცია სისტემატურად ითხოვდა. ასევე წერია ის, რომ შეიძლება შეიზღუდოს პარტიის მიერ გაწეული ხარჯი არჩევნების დროს. მაგარმ ამას არ ითვალისწინებენ და კიდევ ბევრი რამ სწერია, რასაც არ ითვალისწინებენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი ვახტანგ ხმალაძე.
"ძალიან პრობლემურად ჩანს ის, რაც ეხება ე.წ. არასამთავრობოებს, ანუ ნებისმიერ არაპარტიულ იურიდიულ პირს - ჩანაწერი ძალიან ორაზროვანია და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საინტერესოა ჩანაწერები - "პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული" და "იურიდიული პირის წარმომადგენელი ან სხვა პირი". "ირიბად დაკავშირებული" განმარტებულია, რომ ეს ნიშნავს იმას, თუ ის თავის რესურსებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ახმარს პარტიას - ეს "არაპირდაპირ" კი იძლევა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას, ასევე როგორც "იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა პირი" - ეს სხვა პირი ვინ არის? - იურიდიულად ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, იურიდიული პირის ბიძაშვილი, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ იურიდიულ პირთან და ა.შ. ამით კი მოხდა ის, რომ იურიდიულ პირს პირდაპირ მიაბამენ პარტიას და მასზე გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც დადგენილია პარტიისთვის", - განაგრძობს იურისტი.
"ანუ ასეთი იურიდიული პირი ვერ მიიღებს გრანტს, ფიზიკური პირისგან ვერ მიიღებს შემოწირულობას, რომელიც აღემატება დადგენილ ზღვარს. ამავდროულად ის ვალდებული იქნება ისეთივე ანგარიშგება განახორციელოს თავისი ხარჯების, როგორიც ეს დადგენილია პარტიისთვის. ეს უკანასკნელი ნორმები კი, ამავე კანონპროექტის თანახმად პოლიტიკური პარტიებისთვის საკმაოდ მკაცრდება. ასეთი სტანდარტები პარტიასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მისაღებია, რადგან პარტიის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ სრულიად მიუღებელია ამ იურიდიული პირებისთვის. ამასთან, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია მიაბეს პოლიტიკურ პარტიას, მაშინ ის ვეღარც შემოწირულობას მიიღებს რომელიმე იურიდიული პირისგან, რადგან ეს პარტიას ეკრძალება და ვეღარც გრანტს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ გრანტის მიღება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირებისგან. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორღა მიიღებენ ეს არასამთავრობოები გრანტებს სხვადასხვა ორგანიზაციებისგან?" - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.
"საინტერესო კი ის არის, რომ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენისთვის დაემატა კიდევ ერთი ჩანაწერი, რაც ამ წესებს უფრო ამკაცრებს - იმ ჩამონათვალს, ვისზეც ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული აკრძალვა, კანონპროექტში დაემატა: "ისეთი პირის ოჯახის წევრები და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირებიც, რომელთაც გაცხადებული აქვთ საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები", - წერს გამოცემა.
746
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85