წლების წინ, მწერალ გურამ ოდიშარიას რომ ვკითხე, რატომ ვერ მონახა პოლიტიკაში თავისი ადგილი, მიპასუხა, რამდენი პარტია მთავაზობდა თანამშრომლობას, შემოუთავაზებიათ დეპუტატობაც, მაგრამ არ მინდოდა, ეს გზა ამერჩია. რაღაც ისეთი დუღს იქ, ვფიქრობდი, მომწამლავს-თქო; მინდოდა, სუფთა ჰაერით მეცხოვრა...
დღეს გურამ ოდიშარია უკვე „ქართული ოცნების“ წევრია. მართალია, ეს საზოგადოებრივი მოძრაობაა და არა პოლიტიკური პარტია, მაგრამ გურამ ოდიშარიას მიაჩნია, რომ ეროვნული ენერგია არ უნდა დაიქსაქსოს და ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვინც აქამდე კულისებს მიღმა იყო, ქვეყნის გადასარჩენად უნდა გააქტიურდეს.
„მივეჩვიეთ ვირტუალურ გამარჯვებას, მივეჩვიეთ აფხაზეთში ვირტუალურ დაბრუნებას. არ მომწონს, როცა გადააკეთეს გალაკტიონის ლექსი; საერთოდ, ლექსების გადაკეთება არ მიყვარს და, როცა გალაკტიონი წერს, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი, მომენატრა ზღვა, რომელიც შორია“, - ესაა გალაკტიონი; და, როდესაც გადააკეთებ და იტყვი - ზღვა არცთუ ისე შორიაო, - ასე არ უთქვამს გალაკტიონს...
ასე ფიქრობდა გურამ ოდიშარია, დღეს კი აფხაზეთიდან დევნილი მწერალი „ქართული ოცნების“ წევრად გვევლინება. Presage.tv ესაუბრა გურამ ოდიშარიას.
„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე თქვენ მტრის გადაბირების მეთოდი ახსენეთ, რისთვისაც ამერიკის პრეზიდენტის, აბრამ ლინკოლნის, ცხოვრებისეული გამოცდილება მოიშველიეთ.
- დიახ, მიმაჩნია, რომ ის მოლოდინი, რაც წინათ გვქონდა - რომელიმე ძალა თუ გამოჩნდებოდა, აუცილებლად ან ერთს უნდა გაემარჯვა, ან -მეორეს, - ასეთი დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. ერთმანეთის განადგურებაზეც კი მივდიოდით. სხვათაშორის, ახლაც არსებობს ეს მოლოდინი, ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული ენერგია არ დავქსაქსოთ და გავაერთიანოთ. ეტყობა, ჯერ ამის ნიჭი არ გვაქვს, ან ეს იმუნიტეტი დავკარგეთ თუ ვკარგავთ. ამიტომ ამას ერთობლივად უნდა ვუშველოთ და ვიფიქროთ ამ პრობლემის შესახებ.
ყველა მოაზროვნე ადამიანი, განსაკუთრებით, ისინი, ვინც აქამდე კულისებს მიღმა იყო და პოლიტიკაში არ ერეოდა, არ ჩნდებოდა, ახლა უნდა გააქტიურდეს. სხვათა შორის, ასეთ ადამიანებს უამრავს ვიცნობ და თავის დროზეც გული მწყდებოდა, რომ არ იყვნენ ეროვნულ საქმეებში ჩართულნი. ამიერიდან მაინც უნდა ჩაერთონ...
აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამოცდილება ვახსენე, როდესაც მას ჟურნალისტი ეკითხება, თქვენი მტრების რაოდენობა კატასტროფულად კლებულობს, რაშია საქმე? ლინკოლნი პასუხობს, მე მათ ვანადგურებ. ჟურნალისტი გაოცებულია, როგორ ანადგურებთ, მე არ გამიგონია, თქვენი ბრძანებით ვინმე დაეტყვევებინოთ ან დაეხვრიტოთ, პრეზიდენტი კი მას მიუგებს, მე ჩემს მოწინააღმდეგეებს ვიბარებ ჩემთან, ჩვენ დიდხანს ვსაუბრობთ და ამ საუბრის შემდეგ ისინი მიდიან, როგორც მეგობრები; ანუ ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს, როგორც მეგობრები, კვდება მტრობა და იბადება მეგობრობა.
როგორც ჩანს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან ერთად ხელოვანთა წრეშიც განახლების მოლოდინი გაჩნდა.
- რა თქმა უნდა, მოლოდინი ყოველთვის არსებობდა, ბატონ ბიძინასთან ერთადაც და - ზოგადადაც. ნამდვილი ხელოვანი ისაა, ვინც ამ მძიმე დროის მიუხედავად, არ გაჩერებულა, ვინც მუშაობდა, ვინც დღემდე ქმნიდა. ასეთი ხელოვანი სიახლის კაცია, ყოველთვის ახალს ქმნის და გაცრეცილი და დატკეპნილი გზებით არ დადის.
ბიძინა ივანიშვილის გზავნილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანებაა. საქართველოსთვის ამ ორ მტკივნეულ რეგიონში არის კი მზაობა ივანიშვილის წინადადების მისაღებად?
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის მხრიდან მზაობასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჯერ ეს ხმა უნდა მივაწვდინოთ ამ რეგიონებს. მნიშვნელოვანია, თუ რა მოხდება ხვალ, ჩვენი ხალხიც როგორ მიიღებს ამას. პირადად მე ყოველთვის მივესალმები მარად განახლებას. სხვათაშორის, პრეზიდენტმაც აღნიშნა ასეთი რამ: კარგია, ივანიშვილი რომ ჩამოვიდა, ფორმაში გვამყოფებსო. ისევე, როგორც პრეზიდენტი ან მისი გუნდი უნდა იყოს ფორმაში, ასევე, ფორმაში უნდა იყოს სხვა გუნდიც, რომელიც მას ეტყვის, რომ, ვთქვათ, ეს არ მოგვწონს, აქ რაღაც უკეთესად შეიძლებოდა.
აზრთა სხვადასხვაობით შენდება ქვეყანა და არა - აზრთა უგულებელყოფით. სხვა ადამიანების აზრების უგულებელყოფით არცერთი ქვეყანა არ აშენებულა, მხოლოდ დანგრეულა და ჯერაც არ გათავებულა მათი ნგრევა.
რა არის დღეს ქართული საზოგადოების პრობლემა?
- როდესაც სხვა აზრი შეიქმნება ქვეყანაში, სხვადასხვანაირად მოაზროვნეთა დაპირისპირება იწყება. ჩვენი განწყობა და მოლოდინია, რომ აუცილებლად რომელიმე ერთმა მხარემ გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ არის ძალთა გაერთიანება და გამარჯვება, ისე, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება.
როცა ადამიანთა ურთიერთობა ირღვეოდა, მაშინ დიალოგი ოჯახშიც ქრებოდა. აღვნიშნე კიდეც, რაც არ უნდა კარგი კონცეფცია დაიწეროს, არც ერთი არ იმუშავებს, თუ ჩვენს შორის ურთიერთობის ნორმად ისევ სიძულვილი გახდება. ვერავითარ შემთხვევაში, ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ვერ დავიბრუნებთ. ვერცერთი ფრინველი მარტო ვერ გადაუფრენს ვერც ზღვებსა და ვერც ოკეანეებს; ვერც ფრინველთა გუნდის ნაწილი ვერ გადაუფრენს. ეს მხოლოდ ფრინველების მთლიან გუნდს შეუძლია. ასეთია ბუნების კანონი, ხოლო ჩვენს წინაპართა, ზნეობრივი და სულიერი მამების კანონი ასეთია: გიყვარდეს და გადარჩები.