ნოდარ ჯავახიშვილი, “ბანკი ქართუს” გენერალური დირექტორი
გრძელდება სს ,,ბანკი ქართუს“ კლიენტურის ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების პროცესი. გასულ კვირას კიდევ ორ ბიზნეს-ჯგუფს დაუყადაღდა 5,2 მილიონი აშშ დოლარის ქონება, რის გამოც არაუზრუნველყოფილი და შედეგად, პრაქტიკულად უპერსპექტივო გახდა კიდევ 3 მილიონი აშშ დოლარის საერთო მოცულობის სესხები.
პარალელურად დაიწყო დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანა. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში აუქციონზე გატანილია 19 მილიონი ლარის ღირებულების 26 ობიექტი საბაზრო ფასის 50 პროცენტად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ გაყიდულა და დიდი ალბათობით, არც გაიყიდება: მათ ნატურით დაისაკუთრებს ეკონომიკის სამინისტრო _ ახლო მომავალში, გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით.
აღნიშნული აძლიერებს ჩვენს ეჭვებს _ რისთვის გამოეყო წლის მიწურულს ბიუჯეტიდან ეკონომიკის სამინისტროს 160 მილიონი ლარის დამატებითი ასიგნებანი (ამ თანხიდან 40 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 66 მილიონი ლარი ებრაელ ბიზნესმენებთან გარიგების საფასურია) – სწორედ ამ ქონების საფასურის ბიუჯეტში გადასახდელად, ამ უკანასკნელის მიერვე წინა თვეში გამოყოფილი თანხების ხარჯზე?!
დარჩენილი 94 მილიონი ლარი დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული სს ,,ბანკი ქართუს“ თავზე და ამ თანხის ათვისებას უთუოდ მოახერხებენ წლის ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის გზით, ზემოთ აღნიშნული სქემითა და ბიუჯეტური სახსრებით მანიპულირების მეშვეობით, ქართული საბანკო სისტემის მხრიდან დანაშაულებრივი დუმილის ფონზე.
აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ასე ,,ეფექტურად“ და მხოლოდ სს ,,ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ იყენებენ სადამსჯელო ოპერაციად, გაცილებით მეტ საშიშროებას უქმნის საქართველოს საბანკო სისტემასა და მთლიანად ქართულ ეკონომიკას.
გირაოს არსისა და პირველი რიგის იპოთეკარის სტატუსის ნიველირება, მიუხედავად იმისა, მას ხელისუფლება მიზანმიმართულად გამოიყენებს თუ არა ამა თუ იმ კლიენტისა და შესაბამისად, მის კრედიტორ ბანკთან მიმართებაში, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს სესხების უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას და სათანადოდ დამატებითი სახსრების დარეზერვების აუცილებლობას; ყოველივე ეს კი, დრამატულად შეამცირებს ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობას და გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს.
ასევე ავტომატურად, ვინმეს ნების მიუხედავად, გაიზრდება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები, რაც გაართულებს და გააძვირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების მიღებას, გამოიწვევს უკვე გამოყოფილ საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა დაფინანსებულიყვნენ, უცხოური ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირების გარანტირებული შედეგით.
ქართული ბანკების ერთმა ნაწილმა უკვე გააკეთა გარკვეული რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე – შეაჩერეს ან შეამცირეს მსხვილი კრედიტების გაცემის საკითხების განხილვა. ეს პროცესი უთუოდ გაგრძელდება და გაღრმავდება.
აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ორი თვით გააგრძელა სს ,,ბანკი ქართუს” ე.წ. შემოწმება, ანუ მიმდინარე ოპერაციების წინასწარი კონტროლის განხორციელება (?!).
მეორეს მხრივ, უფრო ინტენსიური ხდება ზეწოლა სს ,,ბანკი ქართუს“ დამფუძნებელ სს ,,ქართუ ჯგუფზე“: სულ ორიოდე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა სს ,,ქართუ ჯგუფის“ განმეორებითი კამერალური შემოწმების ჩატარების თაობაზე.
გრძელდება სს ,,ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი ტვირთების გამიზნული და ტოტალური დაზიანების პროცესიც, რომელიც დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემდგომ. ა.წ. 17 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ჩვენთვის განკუთვნილი ყველა ტექნიკა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტვირთის მომწოდებლები მსოფლიოში აღიარებული ბრენდებია, გამორიცხული არ არის, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს, აქედან გამომდინარე ძნელად პროგნოზირებადი შედეგებით.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან სს ,,ქართუ ჯგუფის“ სამეურნეო სუბიექტებზე, მათ შორის სს ,,ბანკ ქართუზე“ უსამართლო ზეწოლა, მით უმეტეს, რომ საფრთხე ექმნება მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.
948
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85