2011 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2012 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, ლადო პაპავას ესაუბრა.
- ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით ეკონომიკური თვალსაზრისით 2011 წლის შედეგებს და რა მოვლენას მიიჩნევდით ყველაზე მნიშვნელოვნად?
- 2011 წელი დიდად არ არის განსხვავებული ყველა წინა წლებისგან, რადგანაც ტენდენციები, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში, პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროში, წელსაც გაგრძელდა. მაგრამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თვისობრივად ახალი მოვლენა, რომელსაც მანამდე ადგილი არ ჰქონდა. ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოს "ქართუ" ბანკთან დაპირისპირება. როგორც წესი, სახელმწიფო, მთავრობა, ეროვნული ბანკი, ყველა ცდილობს სათუთად მოეპყრას საბანკო სისტემას. თუნდაც ერთი რომელიმე ბანკში პრობლემების შექმნა შესაძლოა "დომინოს პრინციპით" გადამდები აღმოჩდეს სხვა ბანკებისთვის. ამიტომ, ეროვნული ბანკი და მთავრობა ზრუნავენ ბანკებზე. ასე იყო საქართველოში წლების განმავლობაში, მაგრამ 2011 წელს რაც ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით მოხდა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და მე მას გამოვყოფდი, როგორც ყველაზე გამორჩეულ უარყოფით მოვლენად. ძალიან ცუდი სიმპტომია, როდესაც ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიმართ მთავრობა და ეროვნული ბანკი იყენებს ყველა მექანიზმს, რომ ამ ბანკს შეუქმნან პრობლემები და ამით სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეუქმნან იმ ადამიანებსა და ფირმებს, რომლებსაც ამ ბანკში გახსნილი აქვთ ანგარიშები და ანაბრები. ეს არის ხელისუფლების მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა.
- ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისუფლების რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევდით ყველაზე წარმატებულ გადაწყვეტილებად და რომელს შეცდომად? თუმცა, ხელისუფლების ერთ-ერთი შეცდომა თქვენ უკვე დაასახელეთ . . .
- რაც შეეხება ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას, ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროობლიგაციების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც პრაქტიკულად განხორციელდა იმით, რომ გამოშვებულ იქნა ევროობლიგაციები 10-წლიანი ვადით. ამით სახელმწიფომ 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების 84% გამოისყიდა. ამით ჩვენ ევროობლიგაციების დაფარვის ვალდებულება, რომელიც 2013 წლისათვის გვქონდა, 2008 წლის ემისიის გამო, გადაგვივადდა. ევროობლიგაციების დაფარვის ვადა გადავადებულია 2021 წლამდე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია. ჩემი პოზიცია რომ უფრო ნათელი იყოს, ვიტყვი იმასაც, რომ შეცდომად ვთვლიდი 2008 წელს ევროობლიგაციების გამოშვებას. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მიზანი, თუ რისთვის აკეთდებდა ამას მთავრობა, მაგრამ რაც 2011 წელს ამ საკითხთან მიმართებაში გაკეთდა, აბსოლუტურად ვამართლებ. ვალის გადაუვადებლობის შემთხვევაში საქართველოს მისი გადახდა 2013 წელს მოუწევდა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ 2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. რაც შეეხება 2021 წელს, მოქმედი კონსტიტუციით, არ არის საარჩევნო წელიწადი და ვალის გადახდა პრობლემატური ნაკლებად უნდა იყოს.
წარმატებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმს მიაღწია მოსკოვთან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრაინების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
შეცდომა გახლავთ ტურიზმის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის უგულვებელყოფის პარალელურად. თავისთავად ტურიზმი ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში საკვები პროდუქტის მიწოდება 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ეს მარტო ტურიზმის განვითარების პირობებში პროდუქტებზე ფასს ზრდის. სოფლის მეურნეობაში ვითარება კი კატასტროფულია. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 57% სოფლად ცხოვრობს, მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მათი წილი მხოლოდ 8%-ია. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და სწორედ ის ყველაზე ნათლად მიუთითებს სოფლის მეურნეობაში კატასტროფულ ვითარებაზე.
ასევე, შეცდომად მიმაჩნია რუსული კაპიტალის ჩართვა და მისთვის არეალის გაფართოება ენერგეტიკის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, გასაკვირი და მოულოდნელიც კი იყო ის გარიგება, რომელიც შედგა 2011 წლის გაზაფხულის მიწურულს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ორი ჰიდროსადგური - ხრამჰესი-1 და ხრამჰესი-2 რუსულ ენერგოკომპანია "ინტერ-რაოს" მიჰყიდა, ხოლო სამი ჰიდროსადგურის მშენებლობაზე გასცა ლიცენზია. პრაქტიკულად ელექტროენერგეტიკის დიდი ნაწილი რუსეთის ხელში გადადის, რაც საქართველოსთვის სასიკეთო არ არის.
- ხელისუფლება შინ და გარეთ ხშირად ამაყობს ბიზნესის წარმოებისთვის ლიბერალური გარემოს შექმნით, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება და არც უმუშევრობის რაოდენობაც არ იკლებს; არც ინვესტიციების ოდენობით შეგვიძლია თავის მოწონება. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება?
- საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ლიბერალური გარემო ჩვენთან პიარის დონეზეა. დღეისათვის საქართველოში ახლი ბიზნესის დაწყება საკმაოდ გაადვილებულია და ეს მართლაც კარგია. სულ უფრო და უფრო მეტ სფეროში იჭრება ელექტრონული მთავრობა, ახლა შესაძლებელია არა მარტო ელექტრონულად ბიზნესის დაფიქსირება, არამედ გადასახადების გადახდა და ასევე სხვადასხვა ინფორმაციის მიიღება ელექტრონულად, რაც წარმატებულ რეფორმად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ, იმავდროულად გრძელდება მთავრობის მიერ ბიზნესში ჩარევა, ბიზნესის დაწიოკება, ქონების წართმევა, სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებისთვის არაფორმალური შენატანების განხორციელების იძულება. ეს არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ბიზნესი ქვეყანაში ისე არ ვითარდება, როგორც გვინდა.
საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებულობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანაში ვითარება. პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება სტაბილურად იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ ჩვენ ვდგავართ ორი სერიოზული არჩევნების ჩატარების წინაშე. ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში არჩევნების მოახლოება სტაბილურობისათვის საფრთხედ მიიჩნევა. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. მეორე მხრივ, ჩვენ სტაბილურობა არ გვაქვს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში. მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობა ცუდი სიგნალია ინვესტორებისთთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. წლის პირველ ნახევარში ოფიციალური სტატისტიკითაც საკმაოდ მაღალი იყო ინფლაცია. 6 თვის განმავლობაში ინფლაცია ორნიშნა, თითქმის 15%-ით იყო გამოხატული.
- 2012 წლის ბიუჯეტი მიღებულია, მაგრამ ოპოზიციურ ლიდერთა შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი კორუფციული ნიშნებით ხასიათდება. ბატონო ლადო, თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?
- როდესაც ბიუჯეტში ე.წ. სხვა ხარჯები საბიუჯეტო ხარჯების 5%-ს აღემატება, იმწამსვე იბადება კითხვა, ხომ არ იძლევა ამგვარი ბიუჯეტი კორუფციული სქემით მოქმედების საშუალებას. ეს ახალი არ არის: ბოლო წლების ბიუჯეტები სულ ასე მიიღებოდა. ამგვარი "სხვა ხარჯები" ყოველთვის ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს - რატომ არ არის გაშიფრული და გაწერილი ბიუჯეტში ხარჯები ჯეროვნად და სრული სიზუსტით? შესაძლოა, ბიუჯეტში იყოს გაუშიფრავი ე.წ. სხვა ხარჯები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2012 წლის ბიუჯეტში კი ასეთი "სხვა ხარჯები" მთელი ხარჯების 16%-ზე მატია, რაც 1 მლრდ ლარზე მეტ თანხას შეადგენს.
- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ეკონომიკის სფეროში 5 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდით?
- მთავრობამ გამოაქვეყნა 10-პუნქტიანი გეგმა და მასში ჩამოაყალიბა ის უმთავრესი მიმართულებები, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს. ამ 10 პუნქტში ცალკე არ არის გამოყოფილი ყველაზე მთავარი - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევა. ამ თვალსაზრისით, ამ გეგმის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი სწორედ ეს გახლავთ. დღევანდელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით მივაღწიოთ ევროკავშირთან ეკონომიკურ და არა მარტო ეკონომიკურ დაახლოებას. ეს არის უწინარეს ყოვლისა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევა. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს პრაქტიკულად საქართველოს ეკონომიკური სივრცის ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში მოქცევას. ამიტომ ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს და შესაბამისად, მთავრობის მთელი ძალისხმევაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას - ბრიუსელმა მიაღწია იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაჩინა კონსტრუქციულობის ელემენტები და ახლა დაიწყება ამ თემაზე მოლაპარაკებების პროცესი. თუმცა, მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს მთავრობა იჩქარებს რაიმე დადებითი შედეგის დადებას.
გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა პრიორიტეტებიც. 2009 წლის იანვარში აშშ-სა და საქართველოს შორის ქარტია იქნა ხელმოწერილი, რომელშიც საუბარია აშშ-ის მხრიდან საქართველოსათვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევაზე. ამ შეთანხმების მიღწევა დასაჩაქარებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სულ ცოტა, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რას ითხოვს ვაშინგტონი საქართველოსაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. აშკარაა, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობა სამწუხაროდ პასიურობს.
დღის წესრიგში დადგა საბანკო სექტორის სერიოზული რეორგანიზაციის საკითხი. უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივებით ჩარევა საბანკო სექტორში, ხოლო ეროვნული ბანკი უნდა ასრულებდეს პროფესიულ ფუნქციებს, მაკროეკონმიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და არა - სადამსჯელო პოლიციის აქციებს. ეროვნული ბანკი არ უნდა ჩამოყალიბდეს საბანკო ჟანდარმერიის ინსტიტუტად და უნდა დარჩეს საბანკო სისტემის მარეგულირებელ ცენტრალურ ბანკად.
აუცილებელია შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება, რისთვისაც თვისობრივად ახალი შრომის კანონმდებლობაა მისაღები, რომლითაც თვითოეული დასაქმებული იქნება დაცული.
საჭიროა სერიოზული აგრარული პოლიტიკის შემუშავება, აგრარული სექტორის განვითარებისთვის მისი სტიმულირება. ისეთი კლიმატური პირიბების ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სირცხვილიც კია, რომ ჩვენთან სოფლის მეურნეობა თანამედროვე დონეზე არ იყოს განვითარებული.
- შარშანდელი წლის შეჯამებისას ანალოგიურ კითხვვაზე თქვენი პასუხი ასეთი იყო – "დასაჩქარებელია როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება". გამოდის, რომ უმთავრესი ეკონომიკური გამოწვევა წელსაც გადაუჭრელი დაგვრჩა...
- ეს მეტყველებს იმაზე, რომ 2011 წელს მთავრობამ სწორი მიმართულებით ვერ იმუშავა.
- როგორ შეაფასებდით პრესის გავრცელების საკითხებში ხელისუფლების ქმედებას?
- აშკარაა, რომ პრესის ჯიხურებთან ბრძოლით ხელისუფლება ნაკლებად კონტროლირებად მედიას ებრძვის. მედიაბაზარზე არის ერთი-ორი პროსახელისუფლებო გაზეთი, რომელსაც მკითხველიც არა ჰყავს. დანარჩენი პრესა მკვეთრად გამოხატავს სამოქალაქო პოზიციას და სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა აქვს გამოცხადებული.
რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა - ქართულ პრესას არ ვკითხულობ, მხოლოდ უცხოურ პრესას ვეცნობიო. ამის შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებს აეკრძალათ გაზეთების გამოწერა. კანცელარიის იმჟამინდელმა უფროსმა, პეტრე მამრაძემ ხელისუფლების ეს ნაბიჯი ხარჯების შემცირებით გაამართლა. ვიმეორებ, პრესის ჯიხურებთან ბრძოლა თავისუფალი პრესისათვის მორიგი დარტყმის მიყენებაა.
უცხოელები ყველაზე მგრძნობიარე მედიის შევიწროებაზე არიან, რაზეც როგორც წესი, ყველაზე ხშირად აკეთებენ რეაგირებას. ის, რაც პრესის გავრცელების ჯიხურებთან დაკავშირებით დღეს ხდება, სწორედ რომ ხელისუფლების მხრიდან მასმედიაზე შეტევაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე დასავლეთის, პირველ რიგში აშშ-ის რეაქცია სერიოზული იქნება და მთავრობა იძულებული იქნება, უკან დაიხიოს და კომპრომისული ვარიანტი გამოინახოს, რათა არსებული ვითარება ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს.
იმ ნაბიჯებზე წასვლა, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, მიუთითებს, რომ ხელსუფლებას პრესის მცირე ბაზრისაც კი ეშინია. ხელისუფლება გაზეთებს უშუალოდ არ ხურავს, მაგრამ მათი გაყიდვის მექანიზმის მოშლით გაზეთების ეკონომიკური ხერხებით დახურვას უწყობს ხელს.
775
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85