სოფლად ვაუჩერების დარიგება დაიწყო - გაიხარე გლეხო, წამებულო!

სოფლად ვაუჩერების დარიგება დაიწყო - გაიხარე გლეხო, წამებულო!


როგორც იქნა დადგა სანატრელი დღე და სოფლებში 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრს სჯერა, რომ ამ თანხით გლეხები მიწასაც დაამუშავებენ, სასუქსაც შეიძენენ და მოსავალსაც დაახვავებენ. შეიძლება გოროზიას ბოლომდე არ სჯერა, მაგრამ ხომ ამბობს. შეიძლება ბოლომდე არ ამბობს, მაგრამ ხომ ფიქრობს. თუმცა, ჩვენი მთავრობის წევრებს რომ ფიქრი და აზროვნება შეეძლოთ, ათეულობით მილიონ ლარს უაზრო პროგრამებში არ გადაყრიდნენ.

20 დეკემბრიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდეა.
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) და სასუქის შესაძენად. სამინისტროს ცნობით, ერთი ვაუჩერით გლეხი 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის დამუშავებას ან ამ მიწისთვის საკმარისი სასუქის შეძენას შეძლებს. სასუქი გაიყიდება იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. 

ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი განაღდება. 2012 წლის 1-ლი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერს მფლობელი მიიტანს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში და თანხაზე გადაცვლის. შესაძლებელია ვაუჩერის ერთჯერადად გასხვისებაც. მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.

ბოლო პერიოდში 30-ლარიან ვაუჩერთან დაკავშირებით იმდენად უარყოფითი შეფასებები გაისმა, რომ ხელისუფლებამ ჯეროვნად ვერ გააპიარა “სოფლის მეურნეობის გადასარჩენად ამოქმედებული პროგრამა”. ის კი არადა, უკან დახევაც მოუხდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ილუზია, რომ 30-ლარიანი ვაუჩერი გლეხებისთვის საკმარისია, მაგრამ “ეს არის ნაწილი იმ რეფორმისა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხორციელდება”.

“ეს არის მცირედი დახმარება, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაობისთვის ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ასეთი დახმარებაც მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა მანჯგალაძის პირით სააკაშვილმა.

უმაღლეს ხელისუფალთა ნათქვამმა თუ ტრანსფორმაცია განიცადა, სპეციალისტები კვლავაც პირვანდელ შეხედულებაზე რჩებიან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი დარწმუნებულია, რომ მორიგი “ვაუჩერიზაცია” სასურველ შედეგს ვერ მოიტანს:

“ასეთი კამპანიურობა არავითარ შედეგს არ იძლევა. საერთოდ, ეს პროგრამა ჩვენ უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე 24 მლნ ლარია. დეპუტატები, გუბერნატორები, გამგებლები, სხვა სახელმწიფო მოხელეები ოჯახებში სიარულს და ამ ვაუჩერების დარიგებას რომ დაიწყებენ, დანახარჯი მეტი იქნება”, - აცხადებს კოღუაშვილი. 

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში, სწორედ წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ხელისუფლებას, მთლიანობაში, 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებზე. აქ იგულისხმება გლეხებისთვის გამოყოფილი უფასო 20 ლიტრ დიზელს და 1 ტომარა აზოტი. კოღუაშვილის სიტყვებით, ამ დახარჯული 100 მილიონის მარგი ქმედების კოეფიციენტი ბევრად გაიზრდებოდა, ხელისუფლებას ამ თანხით აგროტექნიკა რომ შეეძინა ან იაფი კრედიტების სისტემა აემუშავებინა. თუმცა, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება.