ახალი სალარო აპარატების შეძენასთან დაკავშირებით უკვე პრობლემებია. შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენრებში რიგებია, მეწარმეები კი მზად არ არიან (პირველ რიგში, ფინანსურად) ასე უცებ შეიძინონ და რეგისტრაციაში გაატარონ “ჯიპიარესიანი” აპარატები.
ამიტომაც ოპოზიციამ უკვე წამოაყენა იდეა, რომ სალარო აპარატების შეძენის ვადები გახანგრძლივდეს. “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს აპარატების დადგმის ვადების გადახედვის წინადადებით მიმართავს.
“ჯიპიარეს სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატებით აქამდე არსებული სალარო აპარატების ჩანაცვლების თემამ მეწარმეებს მრავალი კითხვა და უხერხულობა შეუქმნა. მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის სალარო აპარატების შეძენის და დადგმის პროცედურები უმტკივნეულოდ განხორციელდეს და მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ვადების ამოწურვის გამო მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების გამოყენება”, - აცხადებს კალანდაძე.
მისი თქმით, რადგანაც აღნიშნული ვადები 2012 წლის 1-ელ იანვარს იწურება, არის საფრთხე, რომ მეწარმეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ მოასწროს შემოსავლების სამსახურის ადგილობრივ ოფისებში შესაბამისი რეგისტრაციის გავლა და სალარო აპარატების ამ ვადებში შეძენა. ამიტომ, აღნიშნული ვადა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი თვით უნდა გადავადდეს.
ამასთან, კალანდაძის აზრით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს “ჯიპიარსეით” აღჭურვილი სალარო აპარატების სარეალიზაციო ფასზე.
რაც შეეხება ფასს, მთავრობაში აცხადებენ, რომ სალარო აპარატი მეწარმეს უფასოდ გადაეცა, მაგრამ მისი რეგისტრაცია 290 ლარი დაჯდება. აპარატის შესასყიდად მისულ მეწარმეებს კი 320 ლარის გადახდა უწევთ. გამოდის, რომ ბიზნესმენები აპარატებს ჩვეულებრივად ყიდულობენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ფულს გადახდის პროცესს “შესყიდვა” დაერქმევა თუ “რეგისტრაცია”.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა მეწარმესთვის ახალი სალარო აპარატების შეძენის დავალდებულების მიზანი, აპარატების გასაღებაა. “რამდენჯერ უნდა შეიცვალოს სალარო აპარატები? ტექნოლოგიები იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება სხვა ალტერნატივა. ვიღაცამ შემოტანა დიდი პარტია და უნდა გაასაღოს”, - ამბობს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი.
ეჭვი იმისა, რომ მეწარმეთა გარკვეული ნაწილი “ჯიპიარესიანი” აპარატების შეძენას ვერ მოახერხებს, საფუძველს მოკლებული არ არის. საქმე ისაა, რომ ძველი სალარო აპარატები ახლით 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩანაცვლდეს, ანუ დარჩენილია სულ რაღაც 10 დღე. შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში კი უკვე რიგებია.
სხვათა შორის, აპარატების სრულად დარიგება რომ ვერ მოხერხდებოდა, ეს აზრი ფინანსთა სამინისტროშიც გაუჩნდათ. ამიტომაც, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები მუშაობის სპეციალური რეჟიმზე გადადიან. “ჯიპიარეს” სისტემის საკონტროლო სალარო აპარატების შეძენა დასვენების დღეებშიც იქნება შესაძლებელი.
როგორც ჩანს, საქმეს ვერც ეს უშველის და გამორიცხული არ არის, სადღესასწაულო დღეებში მეწარამეების ნაწილს “საახალწლო საჩუქარი” გამოუწერონ. საგადასახადოს დაგეშილი გზირები ხომ არად დაგიდევენ არც საერო და არც რელიგიურ დღესასწაულებს. ისინი საკბილოს საშოვნელად გამუდმებით დაძრწიან.
1133
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85