ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქობის გაუქმება სასამართლოში გასაჩივრდა. თუმცა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ჩვენი დროის ქართული თემიდა, ძნელად განსაჭვრეტი არ უნდა იყოს. რა სამართლებრივ–პოლიტიკური პერსპექტივები არსებობს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, ამ თემაზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.
– მიმდინარე სასამართლო პროცესზე ერთ–ერთმა ადვოკატმა საკუთარი პოზიცია გაახმოვანა. პრობლემა მოსამართლის დამოკიდებულებაშია სარჩელის მიმართ. მაგალითად, მას განუცხადებია, რომ შინაგანი რწმენა აქვს იმისა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სწორია და გადამოწმებას არ საჭიროებს.
ეს უკვე საფუძველია მოსამართლის აცილებისთვის. არცერთი სიტყვიერად ნათქვამი, რომელ მხარესაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თუ სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, წინასწარ სარწმუნოდ არ შეიძლება მიღებული იქნეს. ამით უკვე სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვევა.
ადვოკატებმა მოსამართლის აცილების საკითხი დასვეს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ცხადია, ასეც იქნებოდა. ამიტომ თქმა იმისა, რომ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება, ფრიად საეჭვოა და ამას საკმარისი საფუძველი აქვს.
ერთი შემთხვევის გარდა, სასამართლო პროცესზე კიდევ იყო სხვა ეპიზოდებიც, რომლებიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში და კვალიფიკაციაში დიდად გვაეჭვებს. ყოველ შემთხვევაში, იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ნდობის ხარისხი არ იყოს მაღალი. ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
სასამართლოს მხრიდან სარჩელის შესაძლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რა პერსპექტივები არსებობს ივანიშვილისთის მოქალაქეობის აღსადგენად?
– ჯერ ერთი, სასამართლო პროცესების ბოლომდე მიყვანა, ანუ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება უნდა მოხდეს. შემდგომ კასაცია უზენაეს სასამართლოში. ყველა ეს პროცესი გასავლელი იქნება.
პარალელურად, შესაძლებელია მიმართვა თხოვნით, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. შესაძლოა ეს გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ყველა ინსტანციაში სასამართლო განხილვები დასრულდება. უკვე თავად ივანიშვილის მიერ ასარჩევი იქნება თუ გზას მიმართავს.
პრეზიდენტისადმი მიმართვის შემთხვევაში რა მოლოდინები შეიძლება იყოს?
– ძნელი სათქმელია. გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მინიჭება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. მას შეუძლია მისცეს და ასევე შეუძლია ეს არ გააკეთოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს რაიმე ვალდებულება არ აკისრია.
არის კიდევ მესამე საშუალება, ის რომ ივანიშვილმა უარი თქვას როგორც რუსეთის (რამდენადაც ვიცი, ქვეშევრდომობიდან გასვლაზე განცხადება შეტანილი აქვს), ასევე საფრანგეთის მოქალაქეობაზე. აქედან განომდინარე, საქართველოს მოქალაქედ მიღება მოითხოვოს.
მოგეხსენებათ, რომ მოქალაქედ მხოლოდ იმ პირის მიღება შეიძლება, რომელსაც სხვა ქვეყნის ქვეშევერდომობა არ აქვს. აქაც არსებობს გარკვეული მექანიზმები. კერძოდ, საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტა იმ პირობით ითხოვოს, რომ მისი ქვეშევრდომობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შეუწყდეს. სტატუსის არ მქონე პირად რომ არ დარჩეს.
ასეთ შემთხვევაში საკითხი უკვე სხვაგვარად დგას. აქ აღარ მოქმედებს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, დააკმაყოფილოს მოქალაქედ მიღების თხოვნა ან უარი უთხრას ამაზე. კანონით განსაზღვრულია ის პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქეობის მიმღები პირი. აგრეთვე ის პირობები, რა შემთხვევაშიც პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეშევრდომობის მიღებაზე.
შესაბამისად, თუ კანონიერი პირობა დაკმაყოფილებულია, მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს. ივანიშვილის შემთხვევაში ყველა ასეთი პირობა სახეზეა. ამავდროულად, უარის თქმის არცერთი საფუძველი (კანონში ჩამოთვლილი) ივანიშვილის შემთხვევაში არ არსებობს. თუ მაინც არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებელი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ასეთი სამი გზაა მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით. ერთი – მიმდინარე სასამართლო პროცესია, სადაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების კანონიერება საჩივრდება; მეორე – მოქალაქეობის მინიჭების თხოვნა; მესამე – მოქალაქედ მიღების თხოვნა.
მოქალაქეობის დროულად ვერმიღების შემთხვევაში, ივანიშვილს ხელი რამდენად შეეშლება, რომ პოლიტიკურ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს?
– საკითხი ასე დგება – თუ ივანიშვილს მოქალაქეობა არ ექნება, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ამომრჩეველი და კანდიდატი კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის და მისთვის ფინანსური შეწირულობის გაკეთების უფლება.
თუმცა, მას დარჩება უფლება, ფინანსური შემოწირულობა ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუკეთოს.
საკითხი ასე დგას - საარჩევნო კოდექსში წერია, რომ უცხო მოქალაქეს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. აქვე დავამატებდი, ვენეციის კომისიამ თავის რეკომენდაციებში მიუთითა, რომ ასეთი ნორმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ამიტომ ეს შეზღუდვა ამოღებული უნდა იქნეს საარჩევნო კოდექსიდან.
სხვა თემაა, ხელისუფლება რას იზამს ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხიც ისევ სასამართლოში, ამჯერად საკონსტიტუციოში გასასაჩივრებელია. ვინაიდან ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველო ცნობს და აღიარებს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს და ეს უფლება გამოხატვის თავისუფლებას მიეკუთვნება.
საქართველო ამ ევროპულ კონვენციასთან შეერთებულია. შესაბამისად, კანონის ასეთი ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამიტომ სასამართლოში გასაჩივრებადია. მაგრამ სანამ ასეთი ნორმა გაუქმებული არ იქნება, ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნება.
ცხადია, ასეთ შემთხვევაშიც, მის მიერ შექმნილი პარტია ასოცირებული იქნება ივანიშვილის სახელთან. მიუხედავად იმისა, რომ თავად მისი წევრი ვერ იქნება. ამდენად, საზოგადოებაში ივანიშვილის პარტიად იქნება აღქმული.