ბერტოლდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ რუსთაველის თეატრში მაშინ დაიდგა, როცა კაპიტალიზმის სამყარო რკინის ფარდის უკან იყო და შორიდან მიმზიდველად ბრჭყვიალებდა. საბჭოთა პროპაგანდას ვინ დაუჯერებდა, კარგი ცხოვრების ნახვა კი მხოლოდ „იქაურ“ ან „იმათზე“ გადაღებულ ფილმებსა და სპექტაკლებში შეიძლებოდა. ჩემს თაობას ამ სპექტაკლის მხოლოდ კინოფირზე შემონახული ფრაგმენტები ახსოვს.
მაშ, ასე – 1964 წელი. სცენაზე ახალგაზრდა, ლამაზი და ნიჭიერი რამაზ ჩხიკვაძე დგას. მის უკან, როგორც მიუზიკლს შეეფერება (ესეც სანატრელი „იქაური“ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია), – ლამაზი ქალები დგანან (ახლა რომ რუსული ჟარგონით „პოდტანცოვკას“ ეძახიან, პიესის მიხედვით კი – მეძავები), დარბაზი სუნთქვაშეკრული უცქერს და უსმენს ამ თითქმის ჰოლივუდურ შოუს.
პიესის პროლოგს ხსნის ბალადა მექი–დანაზე:
თუ ზვიგენის კბილებს ყველა
ხედავთ თქვენი თვალითა,
მექი–დანას ვერ იხილავთ
ხელში თავის დანითა.
თუ სისხლს დაღვრის, ლაყუჩები
ზვიგენს სისხლით ესვრება,
მექის ხელზე სისხლის კვალის
ნახვას ვინ მოესწრება?
მერე მექის უამრავი დანაშაულია ჩამოთვლილი. თუკი ვინმეს კლავენ,
რისი ჭირი, რა ხოლერა –
მხოლოდ მექის ბრალია!
მის მსახვრალ ხელს ვერავინ გაექცევა:
ბნელ შუკაში მექი დაძრწის,
ის არავის იცოდებს.
მეიერ შმული დაიკარგა,
მის კვალს გაჰყვა მრავალი,
მექი–დანამ იცის მათი
ასავალ–დასავალი.
სად გაქრა ალფონს გლაიტი,
ვინ გაიგებს ამასაც,
მექიმ იცის, მაგრამ, აბა,
ჰკითხეთ მექის დანასა!
ახალგაზრდა ქვრივსაც ღამით
შეუმტვრია კარები. . .
მაგრამ მექი პასუხს არასოდეს და არაფერზე აგებს, რადგან (აქ კი ჟანრის კანონით, მიზეზი მართლაც სამიუზიკლეა) მექის უყვარს ქალები!
რამ გამახსენა „სამგროშიანი ოპერა“? ალბათ, იმან, რომ მასში ძალადობა, დაუსჯელობა, მათხოვრობის და მეძავობის ინდუსტრია, ერთი სიტყვით ცხოვრების ფსკერია ნაჩვენები, მთავარი გმირი კი – ამ ფსკერის დემონური მომხიბვლელობის მქონე მექალთანე ლიდერი. იმანაც, რომ რევოლუციის შემდგომი წლები მეტად წააგავს ამ ძველ მიუზიკლს ვითარებითაც და ახალგაზრდა, იმხანად ბევრისთვის მომხიბვლელი ლიდერითაც.
სწორედ მექი–დანის ენერგია და სიხისტე, მცირე უკანდახევაზეც კი უარის თქმა, სიტუაციის „ხელში აყვანის“ ჟინი, დაუმორჩილებელთა „ჩარეცხვა“ (როგორც მექი–დანამ ჩარეცხა უამრავი ადამიანი ტემზაში), დაუნდობლობა სხვებისა და თავისიანების მიმართ, – ეს ამსგავსებს სააკაშვილს მექი–დანას. მაგრამ წლები გადის. მექი–დანას ასაკი ემატება, მიუზიკლი დიდი ხანია, დამთავრდა. ახლა მათხოვრობასა და მეძავობას შემოსავალი აღარ მოაქვს. მხოლოდ სანახაობა აღარ ჭრის. საჭიროა პურიც. თუ პური არა, – სიმინდი მაინც.
და სცენაზე უკვე ახალი მექი გამოდის, – მექი ვაშაკიძე კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარიდან“ (თავდაპირველად რომ „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“ ერქვა). იგი ხან ტრაქტორზე შეხტება, ხანაც მგზნებარე სიტყვით გამოვა, ხან შადრევანს გახსნის და ხანაც „კვერცხებს“ გადაიტანს, მაგრამ ცხადია, რომ მექი–დანის მომხიბვლელობა უკვე დაკარგული აქვს. ეს არც თმის ფერზეა დამოკიდებული და არც ენერგიის ნაკლებობაზე. მიზეზი ის არის, რომ მექი ვერ გაერკვა – სიმინდი ჩამორჩენილი კულტურაა, თანაც – ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სახელგატეხილი („პიონერის“ ჰიბრიდულ ჯიშზე მოგახსენებთ, თორემ ჩვენებურ სიმინდს რას ვერჩი!).
სიმინდის ტაროების ქნევა და ტრაბახი, რომ „რეკორდული მოსავალი ავიღეთ“, სიტუაციას ვერ ცვლის. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ სააკაშვილს ყველა მსახიობის კოშმარი აუხდა: იგი მექი ვაშაკიძის გრიმით და კოსტუმით მაშინ გაიჭრა სცენაზე, როცა იქ „სამგროშიან ოპერას“ თამაშობენ.
აღარ არის დოდო ალექსიძე („სამგროშიანის“ დამდგმელი რეჟისორი), რამაზ ჩხიკვაძე (მექი–დანის უბადლო შემსრულებელი), ბერტოლდ ბრეხტი და კურტ ვაილი კიდევ უფრო ადრე წავიდნენ. ბრეხტის უდიდესი ინტერპრეტატორი – სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მექი ვაშაკიძე კი ტრაქტორისტის კოსტუმით კვლავაც მექი–დანის თამაშს ლამობს. . . რეჟისორის თანაშემწეს (ჩვენს შემთხვევაში – აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს) კი, ალბათ, ბუფეტში ჩამოეძინა, თორემ დიდი ხანია, უადგილო გმირს სცენიდან გააძევებდა.
გააღვიძეთ!
გააღვიძეთ!
გააღვიძეთ!