დიტო გელოვანი: გიჟის პერანგი ერთისთვის

დიტო გელოვანი: გიჟის პერანგი ერთისთვის

მე ზღაპრებს მასწავლიდნენ. მე მეუბნებოდნენ, რომ ზღვის იქით იყო ჩემი ნამდვილი სამშობლო, სადაც ყველაფერი ყვაოდა და სადაც მეფე იყო. სინამდვილეში, თქვენ ყოფილხართ. თქვენ ზღვა არ იცით. ვინც ზღვა არ იცის, იმან არ იცის მანძილის სიშორე, იმას ის მოსწონს, რაც ხელის გაწვდენაზე აქვს: მეგობრის ცოლი, მეზობლის სახლი, სხვისი საფულე. თქვენ ასე ხართ: თქვენ თოფი გაქვთ ხელში და გაშვება არ შეგიძლიათ. ზუსტად ვიცი, რაც ახლოა, ის გინდათ. რასაც მიეჩვიეთ, ის გინდათ. ახლა კიდე, უნდა გადაეჩვიოთ. შენ კიდე, რა გქვია შენ? აღარ მახსოვს. შენ უნდა იცოდე, რომ რაღაცა იწყება და მერე მთავრდება. თქვენ არ გეშინიათ, მაგრამ ხვალ ამ ქვეყანაში სხვანაირი ცხოვრება იქნება

(აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“)

 

 

მგონი, სხვანაირი ცხოვრება უკვე დაიწყო. მოკლედ და კონკრეტულად, ჩემი მოკლე და კონკრეტული ჭკუით, ევროპა და ევროპეიზმი არც დემოკრატიაა და არც თავისუფალი ეკონომიკა. ეს, პირველ რიგში, არის სოლიდარობა. ჰოდა, ის, რაც გასულ კვირაში ამოვიკითხე, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ შორი კია გურჯისტანამდე, მაგრამ ახლოა სტრასბურგამდე და ბრიუსელამდე. აი, რა ამოვიკითხე: „საქართველოს მთავრობამ სურინამის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს საჩუქრად  ქართული წარმოების 100 სასწავლო კომპიუტერი და 5 ელექტრონული დაფა გადასცა - ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაცია სურინამში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს ელჩი სურინამის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი“.

 

ამას. რა თქმა უნდა, მოყვება გრძელი ჩამონათვალი, თუ ვის შეხვდნენ ჩვენები (ჩვენები?) და რა ეპითეტებით შეამკეს ქართველი და სურინამელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. მე კიდევ, მეგონა, ჩვენი და სურინამის ურთიერთობა იმით შემოიფარგლებოდა, ახლახანს, აგერ, ყურის ძირში, გროზნოში, „ტერეკის“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდს რუუდ გულიტი რომ წვრთნიდა და, ასევე, კალაძემ „ინტერს“ რომ გაუტანა, პირველმა კლარენს ზეედორფმა მიულოცა.

 

წინა მუნდიალზე, როდესაც ერთმანეთს ბრაზილია და ჩრდილოეთ კორეა ხვდებოდნენ, არგენტინის თავგადაკლულმა ფანმა, ლევან სეფისკვერაძემ მითხრა, დღეს, ჩვენ, ყველანი ჩრდილოეთკორეელები ვართო.

 

გასულ კვირაში, ერთი დღით, ყველანი სურინამელები ვიყავით, ერთი დღით - ფილიპინელები, ერთი დღით - ყაზახები და 2011 წელს თვალი რომ გადავავლოთ, სულ ვიღაცეები ვიყავით და ქართველობა ვერ მოვასწარით.

 

ახლა, დომენტი სიჭინავა მეტყვის, გულიტი და ზეედორფი რომ გაიხსენე, იმაზე რატომ არაფერს ამბობ, ქართველები ფეხბურთს წარმატებით შუშანიკის დროიდან რომ ვთამაშობთო. ზეზვას და მზიას თუ უფრო მეტი ჭკუა არ ჰქონდეთ თავში...

 

და, კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენს ევროპელობაზე მიუთითებს - „მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, ფუძნდება “თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო”... ამ საბჭოს დამფუძნებლად და მხარდამჭერად მოგვევლინა ბიზნესმენი  დავით კეზერაშვილი. “თბილისის ოპერის თეატრის მეგობართა საბჭოს” საპატიო თავმჯდომარეობა ეთხოვა ქალაქ თბილისის მერს  გიგი უგულავას... “თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოში” აკუმულირებული თანხები მოხმარდება...“

 

აქ, ჩამონათვალი მოდის - ვის და როგორ, სად და როდის, რატომ და რისთვის... ჩანს, როგორც შუქი და ნაგავი მიაბეს ერთმანეთს, ისე დააბავენ გაზს და ოპერას. ხომ ვამბობთ - შუქი ჩააქრე, ნაგავს წერსო. მალე ასე ვიტყვით: „გაზი გამორთე, რა დროს ოპერაა“.

კეზერაშვილი ბიზნესმენია? რას არ გაიგებს კაცი, მაგრამ წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი ყოველდღე რომ გვეუბნება, შეეჩვიეთ მოგებასო... არა, ნამდვლად აღარაფერი მიკვირს. მაგალითად არც ის, რომ გასულ კვირაში ევროპის პოლიციის კოლეჯსა და საქართველოს შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებას მოეწერა ხელი. ანაც, ეს - „პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი რომში იტალიის რადიკალური ტრანსნაციონალური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა“. ესეც საინტერესოა - „ევროპული ახალგაზრდული ფასდაკლების ბარათი უკვე საქართველოშია“. 40 წელს გადაცილებულთა ჩარეცხვის ბარათი უკვე დიდი ხანია, რაც გამოვიგონეთ და წარმატებით მოქმედებს. ეგეც თქვენი ევროპა - ქართული ხაშლამა გრანგული გარნირით.

 

სწორედ ასე - „ფრანგული გარნირი“ - ეწოდება ერთი ფრანგი დრამატურგის პიესას და ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა გიგი თვზაძის უნივერსიტეტში, რომელსაც შეცდომით ილიას უნივერსიტეტსაც უწოდებენ. საინტერესოა, რომ აღნიშნულ პიესას ორიგინალში ჰქვია „ღამის პერანგი ექვსისთვის“ და საქმეში ჩახედული ხალხის თქმით, იგი „ტიპური ბულვარული კომედიაა და მისი შინაარსიც ტრადიციულად ფრანგულად ჩახლართულია“.

 

რა მაინტერესებს... რატომ ვიცით ყველაფრის ჩახლართვა და გართულება? კი, გასაგებია, რომ ევროპელები ვართ, მაგრამ ქართველებიც ხომ ვართ? რად გვინდა ფრანგული „ღამის პერანგი ექვსისთვის“, როდესაც, აგერ უკვე მეცხრე წელი დაიწყო, რაც საქართველოს სოფლებში და ქალაქებში (და არა მარტო აქ) წარმატებით იდგმება „გიჟის პერანგი ერთისთვის“?

 

ეს პრობლემაა - ეძებო სიუჟეტი საფრანგეთში. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ კონკურსი, რომელიც გასულ კვირაში დასრულდა, ამ პრობლემას ეძღვნებოდა - კონკურსი „სპილო ოთახში“. „კონკურსის სახელწოდება უკავშირდება მეტაფორას „სპილო ოთახში“, რომელიც იგნორირებულ ან შეუმჩნეველ, თუმცა, ამავდროულად სრულიად თვალსაჩინო პრობლემას აღნიშნავს. კონკურსის ძირითადი ამოცანაა, საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ...“, - შემატყობინა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სააგენტომ და არც „მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების“ ჩამოთვლა დაიზარა, თუმცა...

 

თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, კონკურსისთვის ეწოდებინათ „გიჟი ოჯახში“ და აქვე იმ მრავალწერტილსაც შევავსებ, სოციალური საკითხები რომ იყო ჩამოთვლილი: აივ/შიდსი, გენდერული ძალადობა და ადამიანის უფლებები.

 

ადამიანის უფლებები...  კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 387 თანამშრომელი შეამცირა, საიდანაც 246 პენსიონერია. „ერთი წლის განმავლობაში ხელფასის 50-90 % აუნაზღაურდებათ. ხოლო ერთ წლამდე სტაჟის მქონე ადამიანებს, ერთდროულად მიეცემათ, ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება“ - აცხადებენ კორპორაციაში.

 

ვაჰ... რატომ არა ვარ ერთ წლამდე სტაჟის მქონე ადამიანი და რატომ არ ვარ ერთ-ერთი იმ 246-დან!!! ოთხი თვის ხელფასი და ლაზიკის მშენებლობაზე დასაქმებისა და ლაზიკაში დასახლების პერსპექტივა! ეს ხომ დიდებულია! „მალადიმ ვეზდე უ ნას დაროგა, სტარიკამ ვეზდე უ ნას პაჩოტ“ - ეს საბჭოთ სიმღერაა, მაგრამ საბჭოეთი წარსულს ჩაბარდა, წინ კი ევროპაა. „არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, საქართველო უნდა იყოს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების წევრი რამდენიმე წელიწადში“ - თქვა გასულ კვირაში სააკაშვილმა და პროგნოზი არგუმენტით გაამყარა - სარკოზიმ კიდევ ერთხელ თქვაო.

 

კახელმაც თქვა, წელსაც ვაპირებ ევროპაში მოგზაურობასო. „შარშან იყავიო“ - კითხეს. „არაო - კახელმა - შარშანაც ვაპირებდიო“.

 

ლეიბორისტები კიდევ აპირებენ აქციის ჩატარებას, ამჯერად - საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი მერიის შენობასთან რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდნენ. განაცხადის შეტანის შემდეგ მათ საზოგადოებისთვის მიმართვაც გააკეთეს - სააკაშვილს დაბადების დღე უნდა ჩავუმწაროთო. როგორც აღნიშნეს, ათასობით ადამიანს ველოდებითო და, შესაბამისად, განაცხადშიც ასე იყო აღნიშნული - მრავალათასიანო აქცია. ანუ, გადაიკეტება ქუჩა.

რა თქმა უნდა, არანაირი „მრავალათასიანი აქცია“ არ იქნება, მაგრამ ქუჩა რომ გადაიკეტება, ამას წყალი არ გაუვა - მიშას სახლთან ქუჩის სიგანე სულ 2-3 მეტრია და ეგეც თუ ვერ გადაკეტეს, მაშინ - დაუნ ზი ლეიბორისტე, დაუნ ზი ლეიბორისტე!

 

ამ საქმეში ლეიბორისტებს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ „მედია პალიტრასაც“, რომელმაც შალვა ნათელაშვილს ბოდიშის მოსახდელად ერთი კვირის ვადა მისცა - ან საბუთი დადე და ან ბოდიში მოიხადეო. „ჩვენ ვთავაზობთ ამ ჰოლდინგს, ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს მონაცემები ივანიშვილის მიერ „ქართუ ბანკის“ საშუალებით გადარიცხულ ასეულ-ათასებზე და აგრეთვე ვითხოვთ, ამავე ვადაში ბავშვებს დაუბრუნონ წართმეული სკოლა, სადაც ისინი დაბანაკდნენ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევითა და ივანიშვილის ფულებით“ - ნათელას შალიკოს ბოდიშის მოხდა ამ სიტყვების გამო მოუწევს.

 

ავადმყოფები არიან... არ თქვათ, არაო. ლეიბორისტებზე არ ვამბობ, იმათზე ვამბობ, ვისაც ოდესმე მაგათთვის ხმა მიუცია. „დიდი მაგარი ახალი ამბავია, რომ საქართველოში ჩნდება უმაღლესი კლასის ჯანდაცვა", - ამის შესახებ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მეორე ეტაპი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იქნებაო - დასძინა.

 

ეეე... პრეზიდენტი და ასეთი არაინფორმირებული? როგორც მახსოვს, არც ნეკნებდალეწილ ქობალიას, არც ტვინშერყეულ ბანძლაძეს და არც ფეხმოტეხილ ბარამიძეს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. 14 საათზე წიხლქვეშ იყვნენ გაგდებულნი, 14 საათსა და 35 წუთზე კი, გვარიანად მოფერიანებულები პრეზიდენტს და პარტიას მადლობას უხდიდნენ უმაღლესი კლასის ჯანდაცვისა და მისი ხელმისაწვდომობისათვის. „ყველა რაიონულ ცენტრში იხსნება ისეთი ახალი საავადმყოფოები, როგორიც ჩვენ გვინახავს ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში“ - თქვა მიშამ... ჩვენ გვინახავსო... ვის „ჩვენ“?

 

მოვატარებთ ჩვენ მაგას საავადმყოფოებს. მოვიდეს არჩევნები!...

 

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არის შევარდნაძის კარის წითელი ინტელიგენციის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში“ - თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელი საავადმყოფოს ღირსია ამ სიტყვების ავტორი, ნუგზარ წიკლაური. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის ტრამვატოლოგიური, მაგრამ სად მკურნალობენ სკლეროზიანებს? სააკაშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე, გოგორიშვილი, ცისკარიშვილი, გაბაშვილი... - აი, შევარდნაძის კარის ინტელიგენციის არასრული ნაციონალური სია და ახლა ის გადავწყვიტოთ, როგორ იქნება ბოცო-ნუგზარას საქმე - ჯერ სკლეროზიანებში და მერე ტრამვატოლოგიურში თუ პირიქით. თქვენ გადაწყვიტეთ.

 

გადაწყვეტილება პრიორიტეტებთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. გასული კვირა პრიორიტეტების გაცნობას დაეთმო. კობა სუბელიანმა - ჟურნალისტებს, ზაზა გოროზიამ - დიპლომატებს, ხოლო ნიკა გილაურმა - ენჯეო-შნიკებს (ასო-მთავრულებს) ინფორმაცია მიაწოდეს. სუბელიანის პრიორიტეტი შსს-სთან თანამშრომლობა იქნება (დევნილებს გამოყრიან და...), გოროზია მჭიდრო კონტაქტებს დაამყარებს ჯანდაცვის სამინისტროსთან (თურქული კარტოფილი, სომხური სტაფილო, ირანული ხახვი... ფაღარათი, ყაბზობა და ა.შ.), ნიკა გილაური კი რეიტინგებზე ფიქრობს, ინდექსებზე ოცნებობს, პუმქტები ელანდება.

 

გიგი წერეთელის პრიორიტეტი კი, როგორც გასულ კვირაში გაირკვა, არიან ქალები. წერეთლის განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა საარჩევნო სიაში, მათ შორის სიის პირველ ათეულში, ქალთა წარმომადგენლობა მეტი იქნება, კარგი იქნება თუ თუნდაც 5-10%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებენ.

 

ააა... დაფინანსებას, ალბათ, ბიუჯეტიდან მიიღებენ. გამოვთქვავ ვარაუდს, რომ ის პარტიები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღბას მიაქცევენ სიის ქალების გარეგნობას, დამატებით წახალისდებიან პრეზიდენტის ფონდიდან.

 

გოგა ხაჩიძის პრიორიტეტები იქნება ღვინო და დუდუკი.

 

ხაჩიძე და წერეთელი სააკაშვილის პრიორიტეტები იქნებიან, თუმცა... თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი პრიორიტეტიც, ჩვენი პრიორიტეტი კი არის დაპირება - მოვატარებთ ჩვენ მაგას საავადმყოფოებს. მოვიდეს არჩევნები!...

 

პრეზიდენტის ფონდის პრიორიტეტი არის „კაი ნაშები“ - ხელმისაწვდომები, მონდომებულები, უპრეტენზიოები. ტრადიცია არც გასულ კვირაში დაირღვა -„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2011 წლის ბოლომდე 100 ათას ლარს მიიღებს. კომისიის ბიუჯეტი და კომისიის წევრთა თუ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებები კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა“.

 

რა შუაშია ნაშები - იკითხავთ თქვენ. კი, ნაშები არ არიან, მაგრამ ბევრიც არ უკლიათ. თავად განსაჯეთ - კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 1750 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 1625 ლარი, კომისიის მდივნის – 1500 ლარი, კომისიის წევრების – 1250-1250 ლარი. კომისიის აპარატში 25 ადამიანი იმუშავებს. აპარატის უფროსს 1250 ლარიანი ხელფასი ექნება, დამლაგებელს კი 625 ლარი.

 

კომისიის წევრებიდან მხოლოდ ორმა თქვა უარი ნაშობაზე - კახი კახიშვილმა და ზვიად დევდარიანმა. კახიშვილის თქმით, სახელმწიფო დაფინანსება კომისიის წევრებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. „კომისიის წევრები ამ დაფინანსებას მათი მუშაობის შედეგით გაამართლებენ“ - კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ. რაჭველი თუ გამამაძაღლდა... ამ დაფინანსებას მათი მუშაობის შედეგით გაამართლებენ კი არა, ეს დაფინანსებაა მათი მუშაობის შედეგი.

 

გასულ კვირაში მიშა სტრასბურგში იმყოფებოდა, ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე და ითქვა, რომ სტრასბურგის საშობაო ბაზრობას მომავალ წელს საქართველო გამართავს. ვააა... ეს კი ვერ გავიგე, მაგრამ მჯერა და... შეიძლება, ძალიან მიამიტი და გულუბრყვილო ვარ, მაგრამ რამე რო იყოს არ შეიძლება, უიმბლდონის ტურნირი ავჭალაში, ორთაჭალაში ან ფონიჭალაში რომ გაიმართოს?

 

რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ბევრი რამ არ შეიძლება. არც ის შეიძლებოდა, რაც კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ ვარძელაშვილმა და სიჭინავამ რომ განაცხადეს, მაგრამ ვარძელაშვილის მინისტრობა და სიჭინავას პრეზიდენტობა შეიძლება? ვარძელაშვილის ადგილი ბაზარშია, ოღონდ არა დახლთან, არამედ - დახლზე, მწვანილებში, ქინძებში, ხოლო დომენტი... დომენტი, უუუ - მოიხადე ეგ კლეჩატი კეპკა, მოიძრე პლასტმასის ცხვირი, წაიშალე რუმიანა...

 

მაგათ მოვატარებთ საავადმყოფოებს - ტრამვატოლოგიურებს, ფსიქიატრიულებს...

მოსატარებელი ძალიან ბევრია.

 

ე... (ეეე... ) სიცოცხლეც გინდათ და ფულიც? ეგეთი კანონი არ არსებობს. თქვენ აქ ცუდის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. წაეთრევით აქედან და არასდროს, არასდროს არავის გაახსენდებით. თქვენსკენ აღარავინ გამოიხედავს.

(აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“)