კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
2011 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2012 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, თსუ-ს პროფესერს, ნოდარ ხადურს ესაუბრა.
- ბატონო ნოდარ, როგორ შეაფასებდით ეკონომიკური თვალსაზრისით 2011 წლის შედეგებს და რა მოვლენას მიიჩნევდით ყველაზე უმნიშვნელოვანესად?
- 2011 წელი კრიზისის შემდგომი პერიოდია და ჯერჯერობით არ არის დაძლეული კრიზისის ყველა გამოვლინება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროსივრცეში და აშშ-იც, არ დასრულებულა პროცესები, რომლებიც ეკონომიკურ პროცესებს ართულებს. ცხადია, რომ ამ ფონზე დიდი ოპტიმიზმი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგებოდა და ყველა პრობლემას გადაწყვეტდა, არ უნდა გვქონოდა.
მაინც უნდა აღინიშნოს, რომ წლის მეორე ნახევარში მოხერხდა ინფლაციის მოთოკვა, როგორც ჩანს ეკონომიკური ზრდა არის, თუმცა - არა ორნიშნა, რომლის სურვილივ გვაქვს. ჩვენ ალბათ შევძლებთ, 2007 წლის დონეს ავცდეთ. 2007 წელს ეკონომიკური ზრდა 12%-იანი იყო. კრიზისის დაწყებამდე პერიოდში საქართველოში ცხოვრების დონე და იმედები იმისა რომ უკეთესობა იქნებოდა, არსებობდა. როგორც ჩანს, წელს 2008 და 2009 წლებში ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენის დაძლევა დასრულდება და თუ ყველაფერი კარგად იქნა, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკაში საინტერესო პროცესების დაწყების მომსწრენი გავხდეთ. ეს კი, ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
წლის პირველ ნახევარში ძალიან პრობლემატური იყო ინფლაციის თითქმის 15%-იანი დონე. სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში ძალიან გაძვირდა სურსათი, ტრანსპორტი. ადამიანები, რომელთა შემოსავალი არც თუ ისე მაღალია, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ და შესაბამისად, ქვეყანაში სოციალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა მოხდა. ინფლაციის დონე ყველაზე მაღალი მაისში იყო, შემდეგ დაიწყო შემცირების პროცესი, მაგრამ თუ ჩვენ ფასებს არა 2010 წლის, არამედ შარშანწინდელს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში სურსათზე ფასები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დაახლოებით 25-30%-ით არის გაძვირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ახლა ინფლაცია 1,9%-ია. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ნოემბერში შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, ფასები სურსათზე მხოლოდ 1,9%-ით არის გაზრდილი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ წელს ვერ დაიბრუნა საინვესტიციო მიმზიდველობა. 2007 წელს უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2010 წელს უცხოური ინვესტიციების ოდენობა თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი იყო, წელლს სამი კვარტლის მაჩვენებლებით 643 მილიონი დოლარია. მათ შორისაა ნიდერლანდების, დანიის, კვიპროსისა და რუსეთის ინვესტიციები. რუსულმა ბიზნესმა წელს საქართველოში სამ კვარტალში დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
სამწუხაროდ, წლევანდელი წელი ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის ამოვარდნილი იმ დინებიდან, რომელიც წინა რამოდენიმე წელს ჩამოყალიბდა. ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით წლევანდელი წელი წინა პერიოდისაგან განსხვავებული წელი იყო. 2010 წელთან შედარებით ეკონომიკაში თვისობრივი ცვლილებები არ მომხდარა. იმავე თვითდინებით მიდის ქვეყნის ეკონომიკა, რაც წინა წელს იყო. ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული სურვილები, თუმცა ამ სურვილების აღსრულების მექანიზმები არ ჩანს.
- ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებულად და რომელი - შეცდომად?
- ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი და გადაწყვეტილებაც მიიღო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა მათი წილი ქვეყნის ეკონომიკაში არ არის მნიშვნელოვანი. მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა ვუყუროთ არა როგორც ფისკალურ, ანუ შემომტან სფეროს, არამედ უნდა ვუყუროთ როგორც იმის შესაძლებლობას, რომ ამ ბიზნესებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის დაკმაყოფილება. ეს გაანთავისუფლებს ხელისუფლებას მათზე სოციალური ხარჯების გაწევის აუცილებლობისაგან.
ამავე დროს, მიღებული იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამოვარდნილი იყო საერთო სიტუაციიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგრამ იგივე სიმინდის პროგრამა, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო, აბსოლუტურად მოუმზადებლად განხორციელდა, რამაც ბევრი ადამიანი აზარალა. სინინდის პროგრამამ ზოგადად არ გაამართლა, თუმცა ზოგან კარგი შედეგი იქნა მიღებული, მაგრამ საერთო ჯამში ამ პროგრამით ძალიან ბევრმა ადამიანმა იზარალა. გარდა ამისა, ჩემი აზრით ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება ბიზნესთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. იგივე ბანკ "ქართუს" პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მონაწილეობა გადაწყვიტა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი გადაწყვეტილებებით ხელი ეშლება ბიზნესის განვითარებისათვის გარემოს შექმნას.
ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან სამწუხაროდ კვლავ გრძელდება ხარჯების იმ მიმართულებით გაღება, რომლისგანაც დადებითი შედეგი არ მიღება. არის პროექტები, რომლებსაც რეალური შედეგები არ მოუტანია. ამის კარგი მაგალითია თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფუნქციონირება ფოთსა და ქუთაისში. ქუთაისში კიდევ რაღაცა სუნთქავს, მაგრამ ფოთთან მიმართებაში არანაირი რეალური ძვრები არ არის. სჯობია, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობაში. ქუთაისში ხელისუფლებამ ცალსახად დაიჭირა დამსაქმებლების პოზიცია და ძალაც კი გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აბსოლუტურად სამართლიან პროტესტს გამოთქვამდნენ მუშაობის პირობებთან დაკავშირებით. რეალურად გვაქვს მთელი კომპლექსი პრობლემებისა, რომელთა გადაწყვეტაზე დიდად არის დამოკიდებული ის, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდეს მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, ინვესტიციებმა ქვეყანაში შეძლონ ისეთი დიდი პრობლემების მოგვარება, როგორიც უმუშევრობაა.
- ხელისუფლება ბიზნესის წარმოებისთვის ლიბერალური გარემოს შექმნით შინ და გარეთ თავს კი იწონებს, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება და არც უმუშევრობის რაოდენობა არ იკლებს, თქვენი აზრით, რატომ?
- ერთია შესაძლებლობები და მეორე - რეალობა. ბოლო წლებში მართლაც გვაქვს წინსვლა ბიზნესის დარეგისტრირებაში, მაგრამ მეორეა რეალობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცილდება ქაღალდზე დაწერილ ფაქტებს. პრობლემად რჩება ის, რომ მოხსნილი არ არის საგარეო საფრთხეები. ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორს ვგულისხმობ, რაც თავისთავად ცხადია, რომ ინვესტორებს აფრთხობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმისათვის რათა ქვეყანა გახდეს მიმზიდველი ინვესტორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ სად წაიღებენ და გაყიდიან ისინი მათ მიერვე წარმოებულ პროდუქციას. მოგეხსენებათ, ჩვენი ბაზარი საკმაოდ პატარაა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბაზარი პოლიტიკური მიზეზებით ჩვენთვის ჯერჯერობით დაკეტილია. პატარა ღრეჭოა დარჩენილი ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. ანუ, რეალურად გამოდის, რომ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევდივართ. ამ პრობლემების გადაჭრა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქართველო ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ უცხოელ ინვესტორებზე არ ვსაუბრობ. საუბარია როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებზე, ანუ გასაღების ბაზრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებისათვის.
- რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში რუსული ინვესტიციების სიმრავლე და რატომ არ მოდიან საქართველოში იგივე ამერიკელი ინვესტორები?
- კერძო ინვესტიციას ეროვნება არ უნდა მივაბათ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა ინვესტიციის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ძალიან მაღალია რუსული სახელმწიფო კაპიტალის ან კრემლთან დაახლოებული კაპიტალის წილი. ეს ეხება ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სფეროს. საქართველოში არ უყვართ სიტყვა "სტრატეგიული ობიექტის" გამოყენება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკულ, საფინანსო სფეროებში, ასევე კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მოპოვებით სფეროებში, ძალიან მაღალია რუსული სახელმწიფოსა თუ სახელმწოფოსთან ახლო მდგომ ადამიანთა კაპიტალის წილი.
ამავე დროს, საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე თავს იკავებენ ამერიკელი და იგივე ევროპელი ინვესტორები. ეს, ჩემი აზრით, ისევ და ისევ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. ისინი ფრთხილობენ იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ცხადია, საქართველო არ ურიგდება არსებულ ვითარებას, მაგრამ პოზიციების დათმობას არც რუსეთი აპირებს. ხშირია ორივე მხრიდან კუნთებზე ყურების პრაქტიკა. ინვესტორი, რომელსაც ისედაც ბევრი რამის ეშინია, კაპიტალის დაკარგვის შიშით ცდილობს, თავი შეიკავოს საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისგან. ტრამპი, რომელზეც ჩვენ უდიდეს იმედებს ვამყარებდით, მისი ვიზიტი საქართველოში გადაიდო და მასთან დაკავშირებული გეგმებისაგან ჯერ მხოლოდ კონტურებიღა დარჩა.
- რამდენად კვალიფიციურად დაიგეგმა ბიუჯეტი? ოპოზიციურ ლიდერთა შეფასებით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი კორუფციული ნიშნებით ხასიათდება...
- თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტს აშკარად ეტყობა, რომ საქართველოში საარჩევნო ციკლი დაწყებულია. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება სოციალური და ისეთი ტიპის ხარჯები, რომლებიც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს, დაწყებულია უფრო მეტი თანხების გადატანა პიარ-აქტივობებისაკენ და არა რეალური ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისაკენ. რატომღაც ხელისუფლებამ სოციალური პრობლემების მოგვარება შემოდგომისთვის, ზუსტად საარჩევნო პერიოდისთვის გადაიტანა. ვგულისხმობ, სექტემბრიდან პენსიების მომატებას. ბიუჯეტს ეტყობა, რომ იგი სწორედ საარჩევნოდ შედგენილი ბიუჯეტია. ჩანს არა იმის სურვილი, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რომ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს შემოსავლების მიხედვით ცხოვრება, არამედ აშკარაა, რომ ბიუჯეტი გათვლილია იმაზე, რომ ამით ვიღაცამ პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური დივიდენტები მიიღოს.
- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ეკონომიკის სფეროში 5 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდით?
- პირველი - ალბათ, მთელ რესურს მივმართავდი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მეორე - ხელს არ შეუშლიდი და პირიქით, ხელს შეუწყობდი ჩვენს ბიზნესს, რომ თავისუფლად გავიდეს რუსულ ბაზარზე, მესამე - ხელს შეუწყობდი სოფლის მეურნეობისა და სოფლის კომპლექსურად განვითარებას და არა რომელიმე ერთი დარგისა და ერთი მიმართულების განვითარებას, მეოთხე – ვიზრუნებდი იმისათვის, რომ ქვეყანა მართლაც გახდეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი და ამ თვალსაზრისით თავი დაანებოს ქონებრივი და სხვა უფლებების დარღვევას.
- 2010 წლის შეჯამებისას ანალოგიურ კითხვაზე თქვენი პასუხი ასეთი იყო – "ისეთი გადაწყვეტილებებია მისაღები, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას დააჩქარებდა." რა გამოდის, წელი გავიდა და იგივე საკითხები ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი თემაა?
- საუბრის დასაწყისში ავღნიშნე, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით 2010 და 2011 წლებს შორის რაიმე თვისობრივი განსხვავება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, განსხვავება იყო, მაგრამ თვისობრივი განსხვავება არ ყოფილა. ჩვენ, ევროპასთან ურთიერთობის ერთი ეტაპი გადავლახეთ, ევროპამ დაიწყო ჩვენთან საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ეს ჯერჯერობით არ არის რეალური ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია საქართველო ევროპამდე მიიყვანოს. ჩვენ დღეს ისევ ეს პრობლემა გვაქვს. საქართველოსათვის ევროპასთან დაახლოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
743
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85