მერიის “ჯიხურული პროექტს” თითქოსდა მცირე ბიზნესი უნდა წაეხალისებინა, მაგრამ ამით მხოლოდ მსხვილებმა იხეირეს. გარდა ამისა, უგულავას ხელქვეითებს პირზე სულ სამუშაო ადგილების შექმნა ეკერათ. სინამდვილეში კი აქაც პირიქით მოხდა. თბილისში, “1000 ჯიხურის პროექტის” ფარგლებში ჩატარებული სავაჭრო ჯიხურების აუქციონის შედეგად, უკვე 150-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ასეთი შედეგების შემხედვარე უგულავა და სააკაშვილი, ალბათ, სიამოვნებისგან კატასავით კრუტუნებენ.
პრესის გავრცელების რამდენიმე სააგენტომ ვერცერთი აუქციონი ვერ მოიგო, რის შედეგადაც იძულებულია შეამციროს როგორც ჯიხურებში მომუშავე კადრები, ისე ოფისში დასაქმებული თანამშრომლები. პრესის გავრცელების კომანია “მაცნეს” იურისტი დალი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ “მაცნემ” ხუთ აუქციონში მიიღო მონაწილება, თუმცა ვერცერთი ლოტი ვერ მოიგო, რადგან აუქციონის შედეგად ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიის შემოსავალს გადააჭარბა.
“არა მარტო ჯიხურებში მომუშავე თანამშრომლები, არამედ ოფისის თანამშრომლებიც უმუშევრები რჩებიან, დაახლოებით, 80 ადამიანი. ამ დრომდე მერიამ 29 ჯიხური უკვე აიღო, ხვალ კი 23 ჯიხურს აიღებენ”, - განაცხადა იურისტმა და დასძინა, რომ “მაცნეს” დედაქალაქში სულ 70 საგაზეთო ჯიხური ჰქონდა.
“პლანეტა ფორტეს” დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი კი აცხადებს, რომ მისი კომპანიიდან ჯერ ჯერობით 40 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი, რადგან მერიამ უკვე აიღო მისი კუთვნილი 14 ჯიხური, ხვალ კი 8 ჯიხურს აიღებს.
“პალენტა ფორტეს” სულ 40 ჯიხური აქვს დედაქალქში და იმის გათვალისწინებით, რომ მერია მალე დანარჩენ ჯიხურებსაც აიღებს, სხვა თანამშრომლებსაც მოუწევთ სამსახურის გარეშე დარჩენა.
როგორც ჩანჩალაშვილმა “მედიანიუსს” განუცხადა, მას მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არ იყო ხელსაყრელი როგორც აუქციონზე გამოტანილი ჯიხურების ადგილმდებარეობა, ისე მათი ღირებულება.
“ყველაზე კარგ ადგილას მდებარე პრესის სარეალიზაციო ჯიხური დღეში, დაახლოებით, 200 ლარს ვაჭრობს. აქედან ჩვენი შემოსავალი საშუალოდ 20%-ია, ამას უნდა გამოვაკლოთ გამყიდველის ხელფასი და სხვა ხარჯები: გაზეთების დამხარისხებლების, მძღოლების, ტრანსპორტირების. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პრესის ერთი ჯიხურიდან დღეში, საშუალოდ, 5-7 ლარი თუ დარჩება სუფთა მოგება. ასეთ პირობებში ლაპარაკი იმაზე, რომ პრესამ თანაბარი კონკურენცია გაუწიოს ბიზნესის სხვა სახეობებს, სრულიად არარეალურია”, - ამბობს ჩანჩალაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრესის გათანაბრება სახინკლესა და საშაურმესთან უკიდურესი ცინიზმია ხელისუფლების მხრიდან. “როდესაც მერიის “კომისრები” საუბრობენ, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს თანაბარ პირობებში განიხილავენ, ეს იმდენად აბსურდულია, რომ ან უბრალოდ არ ესმით რას ამბობენ და სჩადიან, ან ამას აკეთებენ სავსებით შეგნებულად.
ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში “მეოთხე ხელისუფლების” პრობლემებზე, იმ სეგმენტზე, რომელიც აბალანსებს ხელისუფლებას და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ქართველი საზოგადოებისთვის, შაურმისგან განსხვავებით, მაგრამ მერიას სურს დაგვარწმუნოს, რომ გაზეთი - შაურმაა...
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პრესა ბევრად უფრო მომგებიანია, ის სოლიდური შეღავათებით სარგებლობს. XXI საუკუნეში თავისუფალი სიტყვის ფასი ძალიან დიდია საზოგადოებისთვის. რაც ახლა ხდება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ უფრო ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოში; და ეს წნეხიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ძლიერდება”, - აცხადებს ხუხაშვილი.
მერია კი უკვე იმ ჯიხურების აღებასაც გეგმავს, რაზეც ტენდერები ჯერ არ გამოცხადებულა. “აქ ერთი რამაა ნიშანდობლივი, ზოგიერთს ისეთი ადგილიდან იღებენ, სადაც აუქციონი საერთოდ არ არის გამოცხადებული. ერთი არის გუდამაყრის ქუჩა და ასევე მეტრო “სამას არაგველთან” აქ არის ჩემი ჯიხური, სადაც ფიზიკურად სხვა ჯიხური ვერ ჩაიდგმება, მით უმეტეს 6 კვადრატული მეტრის ფართობისა. ეს არის ძველი თბილისი რაიონი და აქ მდებარე ჯიხურები აუქციონზე ჯერ არ არის გამოტანილი”, - ამბობს ჩანჩალაშვილი.
მერიის მხრიდან კი კონკრეტულად ჯიხურების აღების ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი კომენტარი არ კეთდება.
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85