300-ლარიანი აპარატი თუ 500-ლარიანი ჯარიმა?

300-ლარიანი აპარატი თუ 500-ლარიანი ჯარიმა?


სულ რაღაც 10-12 დღეში უკეთუ მავანი მეწარმე ახალ სალარო აპარატს არ მოიგდებს ხელთ და თავის ორგანიზაციაში არ დაამონტაჟებს, მთავრობას 500-ლარიან ჯარიმას გამორჩება. “ჯიპიარეს” სისტემიანი აპარატების შეძენის ვადა იწურება, ხოლო საგადასახადოს მსტოვრები ქოფაკებივით იწყებენ წანწალს.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, სამსახურის სერვის-ცენტრები მუშაობის სპეციალური რეჟიმზე გადადიან, “ჯიპიარეს” სისტემის საკონტროლო სალარო აპარატების შეძენა დასვენების დღეებშიც იქნება შესაძლებელი.

გედევანიშვილის ინფორმაციით, ძველი სალარო აპარატები ახალი “ჯიპიარეს” სისტემის საკონტროლო სალარო აპარატებით 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩანაცვლდეს. უკვე დარეგისტრირებულია 60 000 ჯიპიარეს სალარო აპარატი.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად გადამხდელთა ერთი ნაწილი საერთოდ თავისუფლდება სალარო აპარატის ქონების ვალდებულებისაგან. საქმე ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს. მცირე მეწარმეების ახალი აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ჯიპიარეს” სისტემის საკონტროლო სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია, ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს ბანკის განვადებითაც. გედევანიშვილის განაცხადებით, თუკი პირველ იანვრამდე არ მოხდება სალარო აპარატის შეძენა, მეწარმეებზე საჯარიმო სანქციები გატარდება.

“დეიზი ტექნოლოჯის” წარმომადგენელი “ჯორჯიან ნეთვორქ სერვისი” უზრუნველყოფს პროგრამას, რომლის მიხედვითაც მოხდება გადამხდელების რეგისტაცია. შექმნილია სპეციალური ბაზაც, რომელშიც შევა მონაცემები ახალი საკონტროლო-სალარო აპარატებიდან.

“ჯორჯიან ნეთვორქ სერვისი” ტექნიკური ჯგუფი გადამხდელებს მოემსახურება შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებსა და ოფისებში. კომპანია გადამხდელებს ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრაშიც დაეხმარება და მომსახურება თვეში 5 ლარი ეღირება, ამ თანხაში შედის “ჯიპიარეს” კავშირის ღირებულებაც.

ახალი აპარატები “ჯიპიარეს” სისტემით აღჭურვა ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში “ონლაინ რეჟიმში” აღირიცხება. ინფორმაციის ცენტრალურ სერვერზე მიწოდება შემოსავლების სამსახურს აძლევს საშუალებას, რომ გაცილებით სწრაფად და უფრო ზუსტად განხორციელდეს კონტროლი. ახალი სალარო აპარატის საშუალებით შესაძლებელი იქნება რისკების კრიტერიუმების განსაზღვრა არა დეკლარაციების და გადასახადების მიხედვით, არამედ მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით.

საგადასახადო ექსპერტი ირაკლი შავიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი სალარო აპარატები შემოსავლების სამსახურს საქმეს გაუმარტივებს, ხოლო მეწარმეებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ექსპერტი ასევე, მიიჩნევს, რომ კონფედენციალურობა უნდა იყოს დაცული და არ არის აუცილებელი, რომ მეწარმის მიერ განხორციელებულ თითოეულ ოპერაციას ვიღაც უთვალთვალებდეს.

“ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული თითოეული ოპერაცია ცნობილია საგადასახადოსთვის. ეს, ბუნებრივია, არ არის კარგი. ჩემი ყველა ოპერაცია რატომ უნდა იცოდეს საგადასახადოს თანამშრომელმა? რატომ უნდა იყოს ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი? თუ საგადასახადო რამეზე დაეჭვდება, მივიდეს და ადგილზე შეამოწმოს. გარდა ამისა, რამდენჯერ უნდა შეიცვალოს სალარო აპარატები, ტექნოლოგიები იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება სხვა ალტერნატივა. ვიღაცამ შემოტანა დიდი პარტია და უნდა გაასაღოს”, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.

ზოგადად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი სისტემის დანერგვა დადებითის მომტანია მხოლოდ შემოსავლების სამსახურისთვის, ვინაიდან მას საქმე უმარტივდება, მეწრამეებს საქმე ურთულდებათ. გარდა ამისა, მათ არ უნდა აიძულებდნენ სალარო აპარატების წარამარა გამოცვლას, რადგან ზოგიერთ კომპანიას რამდენიმე სალარო აპარატი სჭირდება და ერთბაშად დიდი თანხის გაღება უწევს.