დევნილს პულტიანი ტელევიზორი თუ უპოვეს, სოციალური დაცვის პოლისს არ აძლევენ

დევნილს პულტიანი ტელევიზორი თუ უპოვეს, სოციალური დაცვის პოლისს არ აძლევენ

ხელისუფლებას დევნილები მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდება. ოცი წლის განმავლობაში ეს ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან და მთავრობის სათანადო ყურადღებას ვერ ეღირსნენ. არსებული ინფორმაციით, დევნილთა 340 კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან 180–ის ისევ ხმაურით და ძალადობით გასახლება მოხდება. ანალოგიური ვითარებაა ვეტერანთა ჰოსპიტალში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაშიც.

 

ამ თემაზე დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელ მანუჩარ სიგუას ვესაუბრებით:

 

– ვეტერანთა ჰოსპიტალში 14 წლის განმავლობაში ექვსი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამავდროულად ომის ვეტერანებიც არიან. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ცხოვრობენ ისეთ ოთახებში, სადაც ელემენტარული საარსებო პირობები არ არის. რემონტი დიდი ხანია არავის ჩაუტარებია.

 

მთავარი მოთხოვნაა, რომ რახან 14 წლის შემდეგ ქონების დაკანონება–დამტკიცება დაიწყო, მათი გადაყვანა თბილისში, ნორმალურ საცხოვრებელ ადგილას მოხდეს. ამდენი წლების განმავლობაში აქ, ამ მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი. კანონის თანახმად, ბინაც თბილისში ეკუთვნით.

 

რეალურად ამ ხალხს რას უპირებენ?

– აქაური სამედიცინო აპარატურა მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. არსებული მონაცემებით, ჰოსპიტალის დახურვას აპირებენ. თუ ეს მოხდება, აქ მცხოვრებ დევნილებსაც ქუჩაში გამოსახლება ემუქრებათ. მაგრამ დევნილთა სამინისტრო ვალდებულია, ოჯახების მიხედვით ამ დევნილების აღწერა ჩაატაროს. ამის მიხედვით მათ კანონიერად კუთვნილი ბინები გადასცეს.   

 

როგორია ხელისუფლების პოზიცია კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით?

– მთავრობას ვეტერანთა ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები დავიწყებული ჰყავს. ისინი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან. ვიმეორებ - მათი დაკმაყოფილება აქვე დედაქალაქში, სუფთა გარემოში უნდა მოხდეს. რადგან დღემდე ექიმზე და რეაბილიტაციაზე არიან დამოკიდებულნი.

 

ასევე სერიოზული პრობლემებია სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში. 340 ასეთი ობიექტი დღემდე არსებული საცხოვრებლის დამტკიცება–დაკანონებას ელოდება, ან შესაბამის შენობაში გადაყვანას, თუ კომპაქტური ჩასახლების ობიექტი ავარიულ მდგომარეობაშია.

 

კანონიც ითვალისწინებს, რომ თუ დევნილმა უფრო ნორმალურ გარემოში გადასვლა გადაწყვიტა, ეს შესაბამისად უნდა განხორციელდეს და ამ ხალხს დროულად უნდა მიხედონ. დევნილების საერთო მდგომარეობა კი დღესაც მძიმეა. ის გაჭირვება რაც ომისას გამოიარეს, ამ დრომდე მოჰყვებათ.  

 

რა ხდება იმ ობიექტებზე, სადაც ქონების ადგილზე დაკანონებას მოითხოვენ?

–  არის ობიექტები, სადაც მერის არჩევნებისას დაპირდნენ, რომ ეს კომპაქტური ჩასახლების ადგილები დაუკანონდებოდათ. ასეთია მაგალითად ვაჟა–ფშაველაზე, ყოფილი ცეკავშირის შენობა; დღემდე დაპირება არ შეუსრულებიათ. არანაირი საბუთი ქონების გადაცემაზე არ გაფორმებულა.    

 

ამასთან, ჩვენი მონაცემებით, ამ 340 ობიექტიდან 180–ის ისევ ხმაურით და ძალადობით გასახლება მოხდება. ამ უკანონობას ნელ–ნელა, ეტაპობრივად განახორციელებენ.

 

სად მოხდება მათი გასახლება?

– ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ ვერ ვფლობთ, რადგან მთავრობა დევნილების მიმართ მიყრუებულია. არაფერზე რეაგირებენ, ყურადღებას არ აქცევენ. დევნილთა სამინისტროს და კომპაქტურ ჩასახლების ადგილებს შორის კოორდინაცია დაკარგულია.

 

დევნილები რიგებში დგანან სამინისტროებში და ვერცერთ პასუხისმგებელ ჩინოვნიკს ვერ უკავშირდებიან. ისინი, როგორც წესი, ადგილზე არ იმყოფებიან. ყურმილი მუდმივად გადადებული აქვთ.

 

დღევანდელ საცხოვრებელ ობიექტებში რა მდგომარეობაა?

–  ბინები გარემონტებული არ არის. მე პირადად ასეთ კომპაქტურ ჩასახლებაში,  დელისის მესამე ქუჩაზე, სმენადაქვეითებულთა სკოლა–ინტერნატში ვარ, სადაც 130 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 120 დამტკიცება–დაკანონებას ითხოვს. ამაზე უკვე ორი წელია ვიბრძვით.

 

შენობა ნაწილობრივ ავარიულია. კომპაქტურ ჩასახლებაში რვა–ცხრა წლის განმავლობაში არანაირი შეკეთებები არ განხორციელებულა. ასეთი ობიექტების უმრავლესობა სწორედ ასეთ მდგომარეობაშია.

 

თქვენს მოთხოვნებზე ხელისუფლების მხრიდან რა დამოკიდებულებას ელით?

– იმედი გვაქვს, დევნილთა გაუსაძლის მდგომარეობაზე დაფიქრდებიან მაინც. დღეს ხელისუფლებას შეუძლია, რომ ყველა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში დევნილებზე სოციალური დაზღვევა გადასცეს. ჯანმრთელობის პოლისი მათ არ აქვთ.

 

დევნილს პულტიანი ტელევიზორი ან სხვა მსგავსი რამ თუ უპოვეს, სოციალური დაცვის პოლისს არ აძლევენ. უმრავლესობა ამასთან დაკავშირებით ჩივის, მაგრამ შედეგი არ არის. არის სხვა უხეში დარღვევებიც – ყველა დევნილი ბავშვის ფასიან განყოფილებაზე სწავლა ხელისუფლებამ უნდა დააფინანსოს, რაც რეალურად არ ხდება.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ფასიან განყოფილებაზე თუ ჩაირიცხა, დევნილის საბუთი საერთოდ არ მოქმედებს. რა ქნას ადამიანმა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს? თანხას ვერ იხდის და ბავშვი სახლში რჩება.

 

ხელისუფლება ამ პრობლემებზე უნდა დაფიქრდებს და დევნილები მარტო საარჩევნოდ არ გამოიყენოს.