ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"
გასულ შაბათს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი უნდა ჩატარებულიყო, შემოსული თანხა კი საჭამიასერის ეკლესიის მშენებლობას მოხმარდებოდა. სპექტაკლში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებს – ნინელი ჭანკვეტაძეს, ნანა ფაჩუაშვილს და სხვებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, მის გამართვამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ოზურგეთის თეატრს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და სპექტაკლი ვერ გაიმართებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრეს მონაწილეებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პრობლემები არა თეატრს, არამედ ხელისუფლებას ჰქონდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ თეატრს სცენის გაქირავება კატეგორიულად იმ მიზეზით აუკრძალა, რომ ოზურგეთში ოპოზიციონერი მსახიობების ჭაჭანება არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სამსახურის დატოვება მოგიწევთო.
ნინელი ჭანკვეტაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იმედოვნებს, რომ აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია.
– ქალბატონო ნინელი, როგორც ვიცით, თქვენ უნდა ჩამობრძანებულიყავით ოზურგეთში და საქველმოქმედო სპექტაკლი უნდა გაგემართათ...
– დიახ.
– რატომ ვეღარ ჩამოდიხართ?
– ვერ გეტყვით. გვითხრეს რომ რაღაც კაბელებია თეატრში გადაჭრილი, ვერ ხერხდება გაკეთება და ამიტომ გადაიდო.
– ჩვენ გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ თეატრის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, დარბაზი არ გაექირავებინა, რადგან თქვენ ოპოზიციონერი, “ქართული ოცნების” წევრი ბრძანდებით.
– არ მგონია, ასე იყოს. ბარბარობის დღესასწაულზე საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება ჩვენი ინიციატივა გახლდათ, რომ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დავხმარებოდით. მე ვიცი, რომ ვინც შემოგვთავაზა, ისინიც ძალიან მონდომებულები იყვნენ. ვიცი, რომ ბილეთებიც გაყიდულია და ხალხის გველოდებოდა.
– ქალბატონო ნინელი, თქვენი სპექტაკლის შესახებ ჟურნალისტებმაც კი ვიწრო წრეებიდან გაიგეს. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, არც აფიშები გაუკრავთ. ჩვენ გვაქვს "ქართული ხმების" კონცერტის მაგალითი, როცა მათ მიერ გამართულ ხსოვნის საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
– ეს არ იყო ხელისუფლების მხრიდან წამოსული იდეაა. ეს იყო ეკლესიის მშენებელი ქალბატონის და უფრო მეუფის იდეა. შეიძლება იმიტომ არ ხმაურდებოდა, რომ თვითონ მრევლმა შეიძინა ეს ბილეთები. ჩვენ უფასოდ ვთამაშობთ ამ სპექტაკლს და შემოსული თანხა ეკლესიის მშენებლობას მოხმარდებოდა. ბილეთები მინიმალურ ფასად გაიყიდა, რადგან ვიცით, რა საშუალებაც აქვთ ადამიანებს და გვინდოდა ყველასთვის მიგვეცა ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღების საშუალება. მე არ ვიცი, რა ხდება. ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგვირეკეს და სპექტაკლის ჩაშლის მიზეზი გვითხრეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭანკვეტაძემ.
შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ღონისძიების შესახებ არაფერი იცის. ამავეს ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ვაშაყმაძე. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ღონისძიების გამართვის შესახებ საქმის კურსში არ აღმოჩნდა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ოთარ კუტალაძეც, რომლის თქმით, ოზურგეთის თეატრში ბოლო სპექტაკლი 9 დეკემბერს გაიმართა და ამ ეტაპზე თეატრს დენის მიწოდების პრობლემა არ აქვს:
– კაბინეტებში შუქი ნამდვილად არის. თუმცა, რაღაც პრობლემა იყო. თქვეს, რომ დატვირთვას ვერ გაუძლებს ხაზები. რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებას, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემთვის, როგორც თეატრის მეორე პირისთვის, არავის არაფერი უთქვამს და არც აფიშა გამოუკრავთ. შეიძლება ამის შესახებ თეატრის დირექტორმა იცის, – გვითხრა კუტალაძემ.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ზაზა ჯინჭარაძე სამსახურში ობიექტური მიზეზების გამო, თითქმის ერთი თვეა, არ ყოფილა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თეატრის პრობლემების შესახებ არაფერი იცის.
1055
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85