ევროპის ეკონომიკური კრიზისი იმდენად გამძაფრდა, რომ სულ უფრო სერიოზულად განიხილება ევროს ზონის სრულად ან ნაწილობრივ დაშლის, ან სულაც ევროს გაუქმების მოსალოდნელი სცენარები. ამ სიტუაციაში, ცხადია, ისმება კითხვა, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისაც აქტივების ნაწილი, ან გარკვეული დანაზოგი ევროპულ ვალუტაში აქვს.
ანალიტიკოსთა აზრით, ევროში კაპიტალის მქონე ბიზნესმენებისათვის ძალიან ცუდი პერიოდი დგას. საქმე ისაა, რომ მათთვის სახეირო ვერ იქნება როგორც ევროს გაუქმება, ასევე ევროს ზონის გადარჩენა მისი ახლადმოჭრილი ფულის წვიმით მორწყვით, რადგან ამ შემთხვევაში ძლიერი ინფლაცია და ევროპული ვალუტის გაუფასურება გარდაუვალი იქნება.
ევროს ზონის დაშლის შემთხვევაში შეუძლიათ მშვიდად იყვნენ ის ბიზნესმენები, ვისაც აქტივები ძლიერ და სტაბილურ ქვეყნებში აქვთ განთავსებული. მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში, აგრეთვე ფინეთში, ჰოლანდიასა და ავსტრიაში. ბოლოს და ბოლოს, მათი აქტივები გადავა მყარ ფრანგულ ფრანკში, ან ლეგენდარულ გერმანულ მარკაში და ა.შ. მართალია, შესაძლოა, უცხოელებისათვის ვალუტის გაცვლის კურსი მთლად მომგებიანი არ იყოს, მაგრამ ეს უკვე სათვალავში ჩასაგდები წაგება არ იქნება.
ანალიტიკოსთა აზრით, დანარჩენი ქვეყნების ვალუტის კურსი 20 და მეტი პროცენტით დაეცემა. განსაკუთრებით ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ის არაევროსზონელები, ვინც მოგროვებულ ევროებს მუთაქებში, ან კიდევ თავისი ქვეყნის ბანკებში ინახავს. ცხადია, გაუქმებული ევროპული ვალუტის კონვერტირება ეროვნულ ვალუტებში მოხდება, მაგრამ დიდი დანაკარგით. გამორიცხული არ არის აქტივების დიდი ხნით გაყინვაც.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ევროს ზონიდან თუნდაც ერთი, პრობლემატური ქვეყნის გამოსვლა ევროპული ვალუტის კურსის გვარიანად დაცემას გამოიწვევს. შესაძლოა, ევრო დოლარზე დაბლაც კი დავარდეს. ასე რომ, სწორედ დროა დიდი თუ მცირე აქტივების მქონე პირებმა თავიანთი კაპიტალის გადარჩენაზე იფიქრონ.
მათთვის, ვისაც ევროში მცირე, ასე ვთქვათ, ოჯახური დანაზოგი აქვს, ევროპული უბედურებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ევროების თავიდან სამუდამოდ მოშორებაა. ცხადია, მიმდინარე ხარჯებისათვის არსებული მცირე დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში უნდა ინახებოდეს, ხანგრძლივად შესანახი ფული კი სჯობს ამერიკული დოლარი იყოს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დოლარმა ბევრი უბედურება გადაიტანა, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობა მას მაინც ნდობას უცხადებს.
გარდა ამისა, ექსპერტთა აზრით, კაპიტალდაბანდებისათვის სასურველი ვალუტაა ჩინური იუანი, ნორვეგიული კრონა და სინგაპურული დოლარი. და კიდევ, ცხადია, როგორც ყოველთვის, სრულიად საიმედო იქნება დანაზოგის ოქროში აკუმულირება.
ექსპერტთა აზრით, იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები ევროს ზონაში, ყველა ვარიანტში სასურველია რისკიანი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი და ირლანდია, კაპიტალის გამოტანა. ეკონომისტები ბიზნესმენებს ურჩევენ გამონთავისუფლებული თანხები ან მყარ აქტივებში დააბანდონ, მაგალითად, აშშ-ში, ან გერმანიაში, ან კიდევ დინამიურად განვითარებად ბაზრებში, როგორებიცაა მექსიკა, ბრაზილია, თურქეთი.
ანალიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უმჯობესია ბიზნესმენმა ახლო მომავალში აქციები ევროს ზონის მიღმა შეიძინონ. საერთოდ, უცხოურ ფონდებში დაბანდებისას დოლარში ნომინირებულზე არჩევანის გაკეთებას გვირჩევენ.
912
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85