ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდება

ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდება


ავტორიტეტული კონსალტინგური კომპანია McKinsey Global Institute (MGI)-ის აზრით, მსოფლიო მალე ძვირი რესურსების ეპოქაში შეაბიჯებს. 2030 წლისათვის საშუალო კლასის 3 მილიარდ ადამიანამდე გაზრდა ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებას მკვეთრად გაზრდის, ახალი ენერგიის, წყლისა და საკვების წყაროს ძიება კი ისედაც ძალიან გართულებული და ძვირადღირებული გახლავთ. 

მეოცე საუკუნეში პლანეტის მოსახლეობა 4-ჯერ, გლობალური შიდა პროდუქტის მოცულობა კი 20-ჯერ გაიზარდა. ყოველივე ამან ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილება 600-2000 პროცენტით გაზარდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, საბირჟო საქონელზე ფასები ორჯერ შემცირდა. მაგრამ, განვლილი ათწლეულის განმავლობაში ეს შემცირება მთლიანად ანაზღაურებულ იქნა.

McKinsey Global Institute-ის ანალიტიკოსთა აზრით, იაფი ფასების ეპოქა საბოლოოდ წარსულში დარჩა. არსებული პროგნოზით, 2010-დან 2030 წლამდე მსოფლიოს საშუალო კლასი (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვისაც შეუძლია დღეში 10-დან 100 დოლარამდე დახარჯოს) ამჟამინდელი 1,8 მილიარდიდან 3 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება. 

თავისთავად ცხადია, ამგვარი ზრდა მოთხოვნილების მატებას გამოიწვევს და ეს მაშინ, როცა რესურსების ახალი წყაროების ძიება ძალზე გართულებულია და ძვირი ჯდება და “რესურსთა რევოლუციაა” მოსალოდნელი. ერთი ტიპის რესურსზე დეფიციტი და ფასის ზრდა კი, დიდი შანსია, მეორეზე გადავიდეს. მაგალითად, კლიმატის დათბობის გამო წყალზე გაზრდილ მოთხოვნილებას ჰიდროელექტრორესურსების მოცულობის მასიური შემცირება მოჰყვება.

გაზრდილი მოთხოვნილების წარმოების პროპორციულად დაკმაყოფილებისათვის საჭირო იქნება 3 ტრილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც 1 ტრილიონით მეტია, ვიდრე ახლო წარსულში განხორციელებული ინვესტიცია. გარდა ამისა, მოსალოდნელია პოლიტიკური რისკები. მაგალითად, 2030 წლისათვის სასმელი წყლის მოხმარება 30 პროცენტით გაიზრდება და მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებში მისი დეფიციტი გამწვავდება. 

აქვე უნდა ითქვას, რომ სპილენძის ახალი საბადოების 80 პროცენტი მაღალი პოლიტიკური რისკების მქონე ქვეყნებში მდებარეობს, ხოლო გამოუყენებელი მოსავლიანი მიწების 75 პროცენტი ისეთ ქვეყნებშია, რომლებიც განუვითარებელი ინფრასტრუქტურითა და პოლიტიკური პრობლემებით გამოირჩევა. თანაც, ინვესტიციების განხორციელებას იმდენი დრო დასჭირდება, რომ ფული სულ უფრო ძვირი და ძნელად მიწვდომადი გახდება. კონსულტანტების აზრით, სახსრების მისაზიდად დამატებითი დანახარჯები წელიწადში 50-150 მილიარდს მიაღწევს.

თუ წარმოება არა მხოლოდ გაიზრდება, არამედ მისი ეფექტურობის ამაღლება მოხერხდება, მიმდინარე ფასებით 2,9 ტრილიონი დოლარის ეკონომიაა შესაძლებელი. ხოლო თუ ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში სუფსიდიებისა და სხვა შეღავათების გაუქმება მოხერხდება, ეკონომიამ უკვე შეიძლება წელიწადში 3,7 ტრილიონი დოლარი შეადგინოს.

მაგრამ მხოლოდ რესურსების გამოყენების ეფექტურობის ზრდის იმედად ყოფნა არ გამოვა. მაგალითად, ენერგეტიკაში ამით შეიძლება 20 QBTU (კვარდილიონი ბრიტანული სითბური ერთეული) დაიზოგოს, მაგრამ, სამაგიეროდ, დამატებით 400 QBTU ნავთობის, გაზის და ნახშირის მარაგის გამოლევის გამო გახდება საჭირო. ეფექტურობის ზრდისათვის წელიწადში დამატებით 900 მილიარდი დოლარის ინვესტირება იქნება საჭირო. 

თავისთავად ცხადია, შეიძლება გარკვეული შეღავათი იყოს გამოყენების ეფექტურობის ამაღლება. აქედან სამი – შენობების ენერგოეფექტურობა, მსხვილი ფერმების წარმოების ეფექტურობის ამაღლება და კვების პროდუქტების დანაკარგების შემცირება შესაძლო პოტენციალის მეხუთედს იძლევა. ხოლო განახლებადი ენერგიის წყაროზე აქცენტის გაკეთებას წლიური 260-370 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება. 

ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი სახის რესურსზე ხელის მიწვდენადობა ქვეყნისა თუ კომპანიის კონკურენტუნარიანობის საფუძველი ხდება. და რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს უფრო თვალშისაცემი გახდება.