მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ცემა-წამების ფორმები შეიცვალა - მორგში ჩაყვანა, ცემა და “დასკოჩვა“ თავზე დაფურთხებამ და მუქარამ ჩაანაცვლა. პლუს ამას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო, ოღონდ არა პატიმრის წამების, არამედ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე.
ამ სიახლეების შესახებ “ობიექტივს“ ბარათაშვილის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კახაბერ ბარათაშვილი 28 ნოემბრიდან მოყოლებული არაერთხელ სცემეს და აწამეს, რის შესახებაც პირველი სტატია სათაურით “პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს, თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“ გამოვაქვეყნეთ 29 ნოემბერს. ამას კიდევ სამი სტატია მოჰყვა - “პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“; პატიმარ ბარათაშვილის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა; პატიმარმა კახაბერ ბარათაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
ბოლოს როდის შეხვდით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა?
კახაბერ მუმლაძე: პატიმარს ბოლოს 16 დეკემბერს, N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში შევხვდი. ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუკეთდა და ჭრილობები შეუხორცდა, რის გამოც მსჯავრდებული ექიმ ზურაბ ცაცაშვილს ემადლიერება. არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, კახაბერ ბარათაშვილი ჩვეულებრივ საპატიმრო დაწესებულებაში არ გადაჰყავთ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თვითდაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 13 დეკემბერს გამომძიებელმა პავლე სამყურაშვილმა კახაბარ ბარათაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხა. ამ პროცესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად ვესწრებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მეც მოვითხოვე ბარათაშვილის წამების საქმეზე გამოძიების დაწყება, საპასუხოდ ჩვეულ ტაქტიკას მიმართეს - საერთოდ, როდესაც ცემა-წამების ფაქტი გახმაურდება და ვითარება გამძაფრდება ხოლმე, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს თავად მიმართავენ და საქმის გამოძიებას შეუსაბამო მუხლით იწყებენ. ასე მოხდა ბარათაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ კახაბერ ბარათაშვილი დაზარალებულად ცნონ და საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია მისცენ.
კახაბერ ბარათაშვილი ძალიან ემადლიერება სახალხო დამცველის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანეს და მასთან შაბათ-კვირასაც კი შედიან და ნახულობენ.
რა თქვა ბარათაშვილმა გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში?
- დეტალურად აღწერა მისი ცემა-წამების ფაქტები, კონკრეტული პირები დაასახელა; თქვა როგორ ითხოვდა 28 ნოემბერს ექიმის დახმარებას, რის შემდეგაც მორგში ჩაიყვანეს, სცემეს და “დასკოჩეს“; ასევე დეტალურად აღწერა მორგი (სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის სახით ამოცნობაც ჩატარდება); ბარათაშვილმა ოპერაციის შემდეგ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრა.
ნაოპერაციევ პატიმარს N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა, ვაჟა ცხვედიანმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ. ასეთი ფაქტი მეორედაც განმეორდა.
ეს როდის მოხდა?
- 7 დეკემბერს პატიმართან, მისივე თხოვნის საფუძველზე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები. მათი წასვლის შემდეგ დაიწყეს კახაბერ ბარათაშვილზე ზეწოლა.
დირექტორის სიტყვიერი ბრძანება შეასრულეს - ყოველდღე აფურთხებდნენ პატიმარს?
- ხელქვეითებს დირექტორის ეს უკანონო ბრძანება არ შეუსრულებიათ. ბარათაშვილმა 11-გვერდიანი ჩვენება მისცა, რომლის ასლის წამოღების საშუალება არ მოგვცეს, “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“.
პლუს ამას, “ემპათიას“ წასვლის შემდეგ პატიმარს ვაჟა ცხვედიანმა უთხრა - “მე შენ ბიჭო!.. ვის ეუბნები, მთავრობას?! იცი, რომ მე ვარ მთავრობა და ჩვენა ვართ მთავრობა?!“ ზუსტად ასე დააფიქსირა თავის ჩვენებაში ბარათაშვილმა ცხვედიანის სიტყვები. მას დაემუქრნენ იმითაც, რომ აკრძალულ ნივთს დაუდებენ და ამით დარჩენილ ერთ წელიწადს გაუხანგრძლივებენ.
უთხრეს ისიც, რომ თუ არ გაჩერდება, მის მეუღლეს ციხეში ჩასვამენ. ვაჟა ცხვედიანი პატიმრის შვილის ასაკითაც დაინტერესდა. როცა გაიგო, რომ გოგოა და არის 8 წლის, ამაზე ჩაილაპარაკა - “ძალიან კარგი, თუ გოგოა“. ეს კახაბერ ბარათაშვილმა მუქარად აღიქვა.
რა ასაკისაა N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი?
- ვაჟა ცხვედიანი დაახლოებით 30 წლის იქნება. იგი მსგავს ქმედებაში არაერთხელაა შემჩნეული, მაგრამ ამაზე პასუხს დღემდე არ სთხოვენ.
როგორ ექცევიან კახაბერ ბარათაშვილს ჩვენების მიცემის შემდეგ?
- ჩვენების მიცემის შემდეგ ცალკე საკანში გადაიყვანეს, სადაც ღამღამობით განათებას არ თიშავენ. პლუს ამას, მის საკანთან მორიგე დგას, რომელიც ყოველ 15 წუთში ერთხელ ზემდგომებს რაციის საშუალებით ატყობინებს ბარათაშვილის შესახებ. ასე რომ, განათებას თან ერთვის ხმაური, რომელიც რაციით ინფორმაციის გადაცემას ახლავს, რაც პატიმარს ძილის საშუალებას არ აძლევს.