გიორგი გირკელიძე, "გურიანიუსი"
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს, გასული კვირის პარასკევს ესტუმრა. საქართველოს პირველ პირს, დაახლოებით, 20 წუთზე მეტი დრო დასჭირდა შეკრებილ მოქალაქეებს მისალმებოდა და ხელი ჩამოერთვა მათთვის. შემდეგ ბავშვების გარემოცვაში გურიაზე ისაუბრა, რის შედეგად გავიგეთ, რომ გურიის აღმავლობა 2012 წელს იწყება.
მზადება სააკაშვილის ვიზიტისთვის
მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში "ავერსის" კლინიკას რომ გახსნიდა, ამის შესახებ "გურია ნიუსი" საკუთარ ვებგვერდზე ოთხი დღის უკან წერდა: "გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ეწვევა _ იგი ოზურგეთში "ავერსის კლინიკას" გახსნის. ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად გურიაში განსაკუთრებული სამზადისია _ ოზურგეთის ცენტრში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, გამუდმებით, დღისით და ღამით, სუფთავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სადაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ესკორტი ჩაიქროლებს. საგანგებო რეჟიმში ცდილობენ ისეთი პედაგოგის შერჩევას, რომელსაც ორატორული უნარი ექნება, რაც საშუალებას მისცემს საკადრისად შეასხას ხოტბა სააკაშვილს. ასევე, როგორც წყარომ გვითხრა, საჯარო სკოლის მოსწავლეები წითელი ბუშტებით შეეგებებიან ქვეყნის პრეზიდენტს. გარდა ამისა, სავალდებულოა, შეხვედრას დაესწროს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც გურიის რეგიონშია დასაქმებული, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათიდან სამსახურის დატოვება მოუწევთ _ მათ აქვთ საგანგებო მითითება, მქუხარე ტაში შეაგებონ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, _ გვითხრა წყარომ".
16 დეკემბრის დილა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, გურიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. რა ხდება პრეზიდენტის ჩამოსვლამდე _ დაჩქარებულად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის სამუშაოები წარმოებს, საგანგებოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა გაიაროს.
ქვეყნის პირველი პირი "ავერსის" ახლად აშენებულ კლინიკას გახსნის, შემდეგ კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვდება.
"გურია ნიუსისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გაზეთების გამავრცელებელს, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მუშაობს, პირველი საათის შემდეგ გაზეთების გაყიდვა აუკრძალეს. აქედან გამომდინარე, ოზურგეთში, პირველი საათის შემდეგ ცხოვრება რამდენიმე საათით უნდა "შეწყდეს". ამ დროის მონაკვეთში კი გურიის ხელისუფლება ეტყვის ქვეყნის პირველ პირს, რომ "ოზურგეთში და არამარტო აქ, ცხოვრება მშვენიერია“.
მზადება
რამდენიმე საათში ოზურგეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა. სამართალდამცავებმა თავისი ადგილი უკვე დაიკავეს _ მათ "ავერსის" კლინიკისკენ აიღეს გეზი. ოზურგეთელმა პოლიციელებმა დავალებები ნახევარი საათის წინ, გამჭვირვალე პოლიციის შენობის ეზოში, პირადად თავიანთი შეფისგან მიიღეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი შეეცდებიან პრეზიდენტამდე ის მოქალაქეები არ მივიდნენ, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა სურთ. როგორც წყარო ამბობს, საჯარო სკოლის მოსწავლეები "რეპეტიციას" გადიან _ როცა დამრიგებელი თვალს ჩაუკრავს, "მიშა", "მიშა" უნდა დასჭექონ!
აღსანიშნავია, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები კლინიკის გახსნის ცერემონიალზე არავის მიუწვევია.
შუადღე
ორ საათზე, "ავერსის" კლინიკის ეზოში შემსვლელებს განსაკუთრებული შემოწმება უტარდებათ. ეზოში შესვლა იმდენად გამკაცრებულია, რომ ბავშვებსაც ამოწმებენ.
ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი, 72 წლის ქალბატონი ეზოში შეღწევის მცდელობის დროს ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე 10 წუთის დაგვიანებით მივიდა.
პრეზიდენტის შესახვედრად და მადლობის სათქმელად ემზადებოდა ერთ-ერთი ოზურგეთელი ქალბატონი, რომელსაც ოზურგეთის გამგეობამ რამდენიმე თვის წინ სახლი შეუძინა.
ასევე, "ავერსის" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აქვე იმყოფება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმრავლესობა. მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე, იქ ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მივიდნენ.
ყველაზე აქტიური საჯარო მოხელე
ასეთი ნომინაცია რომ არსებობდეს, პირველობას არავის დაუთმობდა ოზურგეთის კულტურის ცენტრის 108 თანამშრომლის მამა-მარჩენალი კობა ბანძელაძე. ის ისე ენერგიულად გაიძახოდა _ "მიშა, მიშა, მიშა", არ არის გამორიცხული, რომ ახლა ხმის იოგების პრობლემა ჰქონდეს.
"მქუხარე, მქუხარე, მქუხარე ტაში"
ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში, "ავერსის" კლინიკას მიუახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, საყოველთაო და აუცილებელი შეძახილი _ "მიშა, მიშა" შესძახეს საჯარო მოხელეებმა და მქუხარე ტაშიც შემოკრეს, მაგრამ, არც ისე მაგრად, როგორც სხვა ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "ავერსის" კლინიკის გახსნაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ჩამოვიდნენ, მაგრამ აქ არ გამოჩენილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი, არც ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები შეგვიმჩნევია.
"პოლიხრონიონ"
ეს სიტყვები ოპოზიციონერმა მარინე სუნგულიამ მიხეილ სააკაშვილის მისამართით თქვა:
– სააკაშვილის შესახვედრად მისულ თუ იძულებით მოყვანილ საზოგადოებას შორის ვიმყოფებოდი იმ სურვილით, რომ პროტესტი გამომეხატა რაიმე ფორმით, რათა მეთქვა, რომ ჩემს ქალაქში მარტო სულანჯიები და თაბაგრები არ ცხოვრობენ.
ჩემდა გასაკვირად (მეგონა, ჩემი პოზიციის გამო, არ შემიშვებდნენ იმ ტერიტორიაზე სადაც პრეზიდენტი უნდა მისულიყო), რამდენიმე მეტრზე მივუახლოვდი პრეზიდენტს და ხმამაღლა დავიწყე ძახილი: "პოლიხრონიონ". ძალიან მალე მომიახლოვდა სამი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლებიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს ჰგავდნენ. მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ როცა ვუთხარი, წესრიგს ხომ არ ვარღვევ, "მიშას" ძახილი თუ შეიძლება, "პოლიხრონიონმა" რა დააშავა,-მეთქი. მკითხეს, ეგ რას ნიშნავს, ქალბატონო? მე ვუპასუხე, უფროსს ჰკითხეთ,-მეთქი. ვფიქრობ, იმან გადამარჩინა, რომ ვერ მიხვდნენ, ცუდს ვიძახდი თუ კარგს, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მარინე სუნგულიამ.
დარღვეული პროტოკოლი
პრეზიდენტის არაორდინალურობა გურიაშიც გამოვლინდა (ოზურგეთი, რითია ვითომ გამონაკლისი) _ პრეზიდენტმა პროტოკოლი მრავალგზის დაარღვია და პირდაპირ ქუჩაში, რიგით გამვლელებს შეხვდა, ხელი ჩამოართვა, გაესაუბრა და ის, რაც შეკრებილ ადამიანებს შეპირდა, აქ თითო-ოროლა ადამიანს გაუმეორა: "გურიის დრო მოვიდა!", _ უთხრა პრეზიდენტმა მათ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, 2003 წლიდან რატომ მოვიდა "ეს დრო" მაინცდამაინც ახლა.
2012 წელი: აპოკალიფსი – მსოფლიოში, აყვავება – გურიაში
თუ 2012 წელს მსოფლიოს აპოკალიფსს უწინასწარმეტყველებენ, გაისად გურიაში აღმავლობის და აყვავების პერიოდი დაიწყება _ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გურიის აღორძინების ფონდი შეიქმნება, რომლის სათავეში გურიის ყოფილი გუბერნატორი რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება. თუ ნიკოლაიშვილი ადრე თავისი ენერგიის 20 პროცენტს ახარჯავდა გურიას, ახლა მან პრეზიდენტისგან მიიღო დავალება, რომ 80 პროცენტი გურიას დაუთმოს. რამაზ ნიკოლაიშვილი რომ უფრო ხშირად გვესტუმრება, ეს უკვე ვიცით _ კვირაში დაახლოებით სამ დღეს იგი აქ გაატარებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკოლაიშვილს სხვა გზა არ დარჩენია, რადგან საარჩევნოდ გურია მას ჩააბარეს.
მიხეილ სააკაშვილმა გურულებს დიდი მადლობა გადაუხადა: _ მადლობის გარდა, მინდა გითხრათ, რომ ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც მე გამახარეთ დღეს. თქვენი გაბრწყინებული თვალებით, თქვენი ენთუზიაზმით, თქვენი გამოუსწორებელი, განსაკუთრებული გურული ოპტიმიზმით, განსაკუთრებული გვერდში დგომით, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით. უნდა ვთქვა, რომ ეს საავადმყოფო ჩემთვისაც მხოლოდ საავადმყოფო არ არის _ ჩემთვის არის ოცნების შესრულება. აღარ შეიძლება ათწლეულები, ბოლო წლები განსაკუთრებით, თუ კარგი ხდებოდა სადმე სხვაგან, ტელევიზორში გეყურებინა. თუ რამე ცუდი ხდებოდა, აქ ხდებოდა და ხშირად ტელევიზორიდან აჩვენებდნენ. არადა, გურია იმსახურებს წარმოუდგენელ რაღაცეებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ცხოვრობს ძალიან, ძალიან მაგარი ხალხი, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, როგორებიც საერთოდ მსოფლიო მასშტაბით შემხვედრია და არა მარტო საქართველოში. მეორე _ გურიას აქვს ყველაფერი, გურიას აქვს ზღვა, გურიას აქვს წარმოუდგენელი, თვალისმომჭრელი მთა, გურიას აქვს მშვენიერი კლიმატი, მცირემიწიანია, მაგრამ ის მიწა ძალიან მაგარია; გურიას ჰყავს ეს ბავშვები და ესენი არიან ყველაფერი. აღმოსავლეთ საქართველოში კახეთზე არის აქცენტი მომავალ წელს, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ჩემთვის გურიის წელიწადი, წელიწადი, როდესაც გურია ყველამ უნდა წამოვაყენოთ ფეხზე. ჩვენ ვქმნით გურიის აღორძინების ფონდს, საპრეზიდენტო ფონდს, რომელსაც მინდა სათავეში ჩავუყენო რამაზ ნიკოლაიშვილი, მაგრამ მე ვუხელმძღვანელებ ამას, რამაზთან ერთად. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს გურიაში არ იყოს ცუდი გზა. აი, თუნდაც ასეთი გზები, ახლა რომ ვნახე, ხვრელებიანი, ჩაბარდება წარსულს; არ უნდა იყოს არც ერთი ოჯახი, სადაც არ იქნება შესული გაზი, სადაც არ იქნება გამრიცხველიანება, ყველგან უნდა იყოს გამთბარი და განათებული სახლები; არ იყოს არც ერთი სოფელი, სადაც არ დაიწყება წყალმომარაგების სისტემის მოგვარება. ისე კი არა, როდესაც სისხლი გაგვიწამეს იმ კომპანიებმა, მაგრამ მაინც გავაკეთებინეთ და მივიყვანეთ ბოლომდე; არ უნდა დარჩეს არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც არ ექნება ჯანდაცვის პაკეტი, რომელსაც არ ექნება სოციალური დახმარება.
და რაც მთავარია, ასევე ჩემთვის, მომავალ წელს კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ ბათუმის, ანაკლიის სასწაულზე, არამედ უნდა გაკეთდეს ურეკის სანაპირო, იმიტომ, რომ ურეკი განსაკუთრებულია და ურეკს კარგა ხანია მოაკლდა ხელი. გვირგვინი ამ ყველაფრისა იქნება მომავალ ზაფხულში. ყველას გპატიჟებთ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ბახმაროობაზე, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ბახმაროობა კი არ იქნება, ეს იქნება ბახმარო, ზაფხულის საქართველოს მთის თვალწარმტაცი კურორტი. ასე რომ, მეგობრებო, ბევრი რამ გაკეთდა _ ჩვენ დავამარცხეთ აქ კრიმინალი, ჩვენ დავამარცხეთ უშუქობა, ჩვენ დავიწყეთ უგზოობის ამოძირკვა, მაგრამ მთავარი არის წინ. მე მაქვს განცდა, რომ ბევრად მეტი უნდა გაკეთებულიყო აქამდე, ასჯერ მეტი არის გასაკეთებელი. ასე რომ, რამაზ ნიკოლაიშვილი ადრე თუ გურიას ახმარდა მისი ენერგიის 20 პროცენტს, 80-ს კი საქართველოს, ახლა მოდით, გურიას მოახმაროს 80 პროცენტი. იმდენი ენერგია აქვს, რომ დარჩენილი 20 პროცენტი საქართველოს ეყოფა.
სოფლის მეურნეობის პროგრამები, განათლების სფეროში პროგრამები, სპორტის სფეროში პროგრამები, სტადიონები, გაუკეთებლები აღარ უნდა დარჩეს აქ. რაღაც სპორტდარბაზები გაკეთდა, მაგრამ კიდევ უნდა გაკეთდეს, ყველა სკოლა უნდა შეიღებოს და გარემონტდეს. ერთი სიტყვით, აქ ცხოვრება უნდა იყოს ყველაზე მაგარი სტანდარტის. საავადმყოფო გვაქვს ისეთი, რომ ჰოლანდიაშიც არ არის ასეთი, დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი დონის. ცხოვრება გვექნება ისეთი, როგორც მაგარ ევროპულ ქვეყნებში, გზები გვექნება ისეთი, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში. განათლებაც უნდა იყოს ყველაზე მაგარი. აქ ისეთი მასწავლებლები ჰყავთ... წეღან გამოვიარე და ჩავხედე თვალებში. ცოტა ხელი შევუწყოთ ამ მასწავლებლებს და მსოფლიოში ყველაზე მაგარ განათლებას მისცემენ ჩვენს ბავშვებს, ცოტა მეტად გადავამზადოთ, ცოტა მეტი ხელფასი მივცეთ, გამოცდებით ჩავაბარებინოთ, სერთიფიკატები გავატარებინოთ და ნახე, რა მაგრად გაუმჯობესდება აქაც სწავლის დონე.
ეს არის ცალკე განსაკუთრებული რეგიონი საქართველოსი, რომელსაც აქვს ყველაფერი. მთავარი რამე სჭირდება – ბევრად უფრო კარგი ცხოვრება და ჩვენ აქ შევქმნით ბევრად კარგ ცხოვრებას, ჩვენ დავამთავრებთ გაჭირვებას და ჩვენ დავიწყებთ გამდიდრებას. ამაში ვარ დარწმუნებული! – ჩვეული პათოსით ისაუბრა პრეზიდენტმა, რის შემდეგ "ავერსის" ახალგახნილი კლინიკა მოინახულა.
კლინიკის გახსნის შემდეგ საქართველოს პირველი პირი სამხარეო ადმინისტრაციაში გურულ ჩინოსნებს შეხვდა, რის შემდეგ მან რამდენიმე ჩინოსანთან ერთად ქართული კერძები რესტორან "ქალაქურში" დააგემოვნა.
"ნეტავ, პრეზიდენტი ხშირად ჩამოდიოდეს გურიაში"
ეს სიტყვები ჩვენ არ გვეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტამდე ოზურგეთს ფუსფუსის არნახულმა ტალღამ გადაუარა _ საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან საქმიანი ატმოსფერო იგრძნობოდა: გზების შეკეთება, საახალწლო მზადება, ქუჩების დასუფთავება დღეში ორჯერ და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ხალხმა გულდაწყვეტით ნატრულობდა _ "ნეტავ პრეზიდენტი ხშირად ჩამოდიოდეს გურიაში!"
1190
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85