ჩარლზ კლოვერი, "Financial Times"
რუსეთის საშუალო კლასს 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ წინა თაობის მსოფლიო ლიდერთა იმედები გაემართლებინა. შაბათს, სწორედ ამ უცნაურმა სოციალურ-ეკონომიკურმა ჯგუფმა, როგორც ჩანს, საკუთარი ხმა ჰპოვა.
იმ დაახლოებით 50 ათას ადამიანს შორის, რომელიც მოსკოვში მიტინგზე შეიკრიბა, რათა 4 დეკემბრის არჩევნების გაყალბება გაეპროტესტებინა, iPhone-ის ტელეფონებისა და Dolce & Gabbana-ს ფირმის სამოსის სიმრავლემ აჩვენა, რომ ეს კომუნისტი-პენსიონრების ან ანარქისტების რიგითი დემონსტრაცია არ იყო. შეკრებილთა დიდ ნაწილს, არა მთავრობის დამხობა, არამედ მისი გამოფხიზლება სურდა.
„ჩვენ რევოლუცია არ გვინდა“, – განაცხადა მთარგმნელობითი ფირმის განვითარების დირექტორმა მარია პროვკინამ, რომელიც თავის პირველ პოლიტიკურ საპროტესტო აქციაზე თეთრი ხელჩანთით და თეთრ სათვალეში იდგა. „ჩვენ გვინდა მხოლოდ ის, რომ ჩვენი ხმები სამართლიანად დათვალონ“.
მაშინ, როდესაც შაბათის მიტინგში ყველა სოციალური ფენის და პროფესიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ყველაზე გამაოგნებელი იმ მომიტინგეთა სიმრავლე იყო, რომლებიც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევიან, ადრე არჩევნებში არასდროს მონაწილეობდნენ და მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკური პროცესის პასიური მომხმარებლები იყვნენ.
პოლიტიკურად აქტიური საშუალო კლასის ერთ-ერთ წინასწარმეტყველად მოსკოვის სტრატეგიული კვლევების ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტი მიხეილ დმიტრევი იქცა. მას დასცინეს, როდესაც თებერვალში ფოკუს-ჯგუფის კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც ცხადყო, რომ შემოდგომაზე რეჟიმი „ლეგიტიმურობის კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდებოდა. ქალაქის საშუალო კლასი, რომელიც მოსკოვის მოსახლეობის 40%-ს და სხვა მსხვილი ქალაქების 20-30%-ს წარმოადგენს, „პოლიტიკური დეტონატორია, რომლის დაშლაც შეუძლებელია“, წერდა ის ივლისში, გაზეთ „ვედომოსტი“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. თუმცა დღეს მისი პოზიცია აბსოლუტურად რეაბილიტირებულად გამოიყურება.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურად შეგნებული საშუალო კლასის დაბადება, რომელიც შეძლებდა რუსეთის ავტორიტარული მმართველობისკენ უკუსვლის პრევენციას, ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებელი, მოუხელთებელი და ყველაზე ხშირად პროგნოზირებადი ფენომენი იყო.
1990-იან წლებში კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს და რუს დემოკრატს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების იმედი ჰქონდა. თეორიის თანახმად, მათ უნდა შეექმნათ ახალი საშუალო ფენა, რომელსაც ქონება ექნებოდა და ამ შეძენილი ქონებისთვის იბრძოლებდა.
ეს არ მოხდა, დიდწილად კი იმის გამო, რომ „რეფორმებს“ უკუშედეგი მოჰყვა – მოსახლოების დიდი ნაწილი გაღატაკდა და შეიქმნა ასტრონომიულად მდიდარი ოლიგარქების კლასი, რამაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში „კაგებე“-ს ყოფილი პოლკოვნიკი ვლადიმერ პუტინი მოიყვანა. ირონიულია, მაგრამ პუტინის ავტორიტარული ეპოქა დასჭირდა იმის შექმნას, რასაც დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ საშუალო კლასი, რომლის რეალური შემოსავლები 1999-დან 2009 წლამდე 142%-ით გაიზარდა.
პუტინის მმართველობის პერიოდში გაჩენილი საშუალო კლასი პერიფერიებზე ჯდომით და დაკვირვებით კმაყოფილდებოდა. „მათ შეუძლიათ დააკვირდნენ იმას, თუ როგორ გამოთქვამენ პროტესტს მთავრობის მიმართ კომუნისტები ან კიდევ ვინმე სხვა, მაგრამ თავად ამაში მონაწილეობას არასდროს მიიღებენ. პოლიტიკა ეს არის ის, რაც ტელევიზიით ხდება“, – განაცხადა კრემლის ყოფილმა პოლიტტექნოლოგმა გლებ პავლოვსკიმ.
მაგრამ ამ თვეში გამართული საპარალმენტო არჩევნები, რომელზეც, ოფიციალური მონაცემების თანახმად, პარტია „ერთიანი რუსეთის“ მხარდაჭერამ 49%-მდე იკლო, გარდამტეხ მომენტად იქცა. გაყალბებასთან დაკავშირებული დამაჯერებელი მტკიცებულებების გამო, იმ ადამიანებმა, რომლებიც მანამდე პოლიტიკურ პროტესტში არ მონაწილეობდნენ, თავი მოტყუებულებად იგრძვნეს. კრემლმა ბრალდებებს ძალით უპასუხა, როდესაც მთელი კვირის განმავლობაში დემონსტრაციებს არბევდა და წნეხი მხოლოდ შაბათის მიტინგის ჩატარებაზე შეასუსტა.
პავლოვსკიმ განაცხადა, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც პირველად მონაწილეობდა არჩევნებში, განრისხდა. „უცბად აღმოჩნდა, რომ პოლიტიკა არ არის მხოლოდ ის, რაც ტელევიზით ხდება, რომ ის შეეხო მათ, მათ მეგობრებს, ახლა ისინი ამაში მონაწილეობენ“, – თქვა მან.
ყველას არ სჯერა „საშუალო კლასის დაბადების“ ჰიპოთეზის. სოციოლოგმა ალექსეი ლევინსონმა, რომელიც დმიტრიევის თეორიას აკრიტიკებს, განაცხადა, რომ პროტესტს, გაცილებით ფართო ბაზა გააჩნდა, რის გამოც, მათ რომელიმე სოციალურ ჯგუფს ვერ მივაკუთვნებთ.
ნაციონალისტი-სკინჰედები ძვირფას ქურქებში გამოწყობილი დიასახლისების გვერდით იდგნენ, რომლებიც, სვაროვსკის ფირმის ქვებით ინკუსტრირებული მობილური ტელეფონებით საუბრობდნენ.
„ეს მართლაც ჭრელი საზოგადოება იყო და არა ინტერესთა ერთი ჯგუფი ან კლასი. დიახ, იქ იყვნენ საშუალო კლასის წარმომადგენლები, მაგრამ იმის გამო იქ არ მდგარან, რომ ამ კლასის წარმომადგენლები არიან“, – მიაჩნია ლევინსონს. „მიზეზი, დიდი ალბათობით, მორალური გახლდათ. საუბარი იყო მორალსა და მოვალეობაზე, და არა კლასობრივ ინტერესებზე“.
რასაც არ უნდა ებიძგა მომიტინგეებისთვის პუტინის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, მათ შეცვალეს რუსული პოლიტიკის მიმართულება. ოდესღაც ყველაფერი კრემლის „პოლიტიკური ტექნოლოგიების“ ირგვლივ ბრუნავდა. ახლა ქუჩებში რაღაც სპონტანურობა იგრძნობა, კრემლი კი ცდილობს დაეწიოს მას.
foreignpress.ge
930
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85