გილაურის ოცნებებს მეღვინეები მხარს ვერ აუბამენ

გილაურის ოცნებებს მეღვინეები მხარს ვერ აუბამენ

ნიკა გილაური, ქართულ დელეგაციასთან ერთად, თურქეთში ოფიციალურ სამუშაო ვიზიტს დაიწყებს და დიდი იმედი აქვს, რომ ამ ისლამურ ქვეყანაში 1 მილიონ ლიტრ ქართულ ღვინოს გაყიდის.  ქართული ღვინისთვის თურქეთში გამოყოფილი ვირტუალური კვოტის სრულად ათვისება პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა. გილაურის მითითებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება.

 

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდებიდან და მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკულ-ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში. დაგეგმილია შეხვედრა თურქ ბიზესმენებთან, რომელზედაც განიხილება საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხები.

 

„ჩვენ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე გვაქვს მოწერილი ხელი. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთში მილიონი ლიტრი ღვინო ყველანაირი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ღვინოზე საბაჟო მოსაკრებელი საკამოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მხოლოდ 40-50 ათასს, მაქსიმუმ 60 ათას ლიტრის კვოტას ვითვისებთ“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან თურქეთში 66 ათას 768 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის მონაცემებით, რვა თვეში საქართველოდან თურქეთში 10 ათას 242 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. პროცენტული თვალსაზრისით ეს საკმაოდ დიდი ნახტომია, თუმცა მთლიან საექპორტო მოცულობაში, „თურქული წილი“ მიზერულია. 2010 წლის პირველ 7 თვეში ღვინის ექსპორტმა 9 მლნ ბოთლს გადააჭარბა და აქედან თურქეთში მხოლოდ 0,7 პროცენტი გავიდა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ქართულ ღვინოზე თურქეთში დიდი მოთხოვნა არ არის და აქედან გამომდინარე, 1 მილიონიანი კვოტის ათვისება ვერ მოხდება.

 

როგორც ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განმარტავენ, დღეისათვის თურქეთში სანდო პარტნიორის მოზიდვა ჭირს და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობისთვის მხოლოდ წვრილი თურქული კომპანიები არიან მზად.  ისინი კი დიდი სანდოობით ვერ სარგებლობენ. თავად ადგილობრივი ღვინის კომპანიები ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივას დადებითად უყურებენ, თუმცა საკითხვს ფრთხილად ეკიდებიან.

„თელიანი ველის“ დირექტორის განცხადებით, თურქული ღვინის ბაზარი ახალია და იმისთვის, რომ გაირკვეს, ღირს თუ არა იქ მუშაობა, კვლევაა ჩასატარებელი. „თელიანი ველში“ კვლევის ჩატარებას აპირებენ, მაგრამ ჯერ იმ ბაზრებზე მუშაობას ამჯობინებენ, სადაც ღვინის კულტურა განვითარებულია.

 

„თელავის ღვინის მარანის“ ხელმძღვანელის განცხადებითაც, რელიგიის გამო თურქეთში ღვინის კულტურა სათანადოდ არ არის განვითარებული და პარტნიორების მოძებნაც ჭირს. „იმისთვის რომ გავყიდოთ, მყიდველი უნდა იყოს“, - აცხადებენ „თელავის ღვინის მარანში“.