ყველაფერი დალაგდა და პაზლის არეული ელემენტებმა ერთმანეთი მონახეს.
რაც მთავარია, საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღი – 5 მაისი!
სარეკლამო ბანერებზე იქნება წითლად დახატული 5/5!
მერე რა, რომ შაბათია! ჩვენთვის ყველა დღე ხომ შაბათია!
არა, იყო მსჯელობები და სხვა ვარიანტებიც. ყველაზე ეგზოტიკური ვარიანტი იყო 14 ოქტომბერი (რაც, ფორმალურად მაინც, საარჩევნო პროცესის დაგეგმილ ვადებში ჩატარებას გულისხმობდა), როცა მოქალაქეთა ნაწილი ეკლესიებში წავიდოდა, დიდი ნაწილი - მცხეთაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი – საარჩევნო უბნებზე… მაგრამ ეს თარიღი საკმაოდ მალევე დაიწუნეს.
შედარებით დიდხანს და უფრო სერიოზულად განიხილებოდა 5 აგვისტოს ვარიანტი. კვირა დღეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დიდი ხანია დასასვენებლადაა იქნება გახეკილი სოფლებში, მთაში თუ ზღვაზე. ამ თარიღის მომხრეები გეგმავდნენ, ჰიდრომეტცენტრის მეშვეობით გავრცელებულიყო ცნობა, რომ 8 აგვისტოს მზეზე მაგნიტური ქარიშხალი, რადიაციული ფონის უპრეცედენტო გაზრდა, და სხვა რაიმე კატაკლიზმები იქნებოდა მოსალოდნელი და მოსახლეობას, განსაკუთრებით, – პენსიონერებს, მოუწოდებდნენ სახლებში დარჩენილიყვნენ…
მაგრამ, საბოლოოდ მაინც 5/5-მ აჯობა და აი, რატომ:
- ჯერ ერთი, ერთი კი არა, ორი ხუთიანია!!
- 2 მაისს ორმაისობა ჩატარდება ქუთაისში, გაიხსნება პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის საყვარელი შადრევანი, რაც არჩევნების წინ ”ნაცმოძრაობის და ხალხის ერთობის” ამაღლებულ ფონს შექმნის.
- 6 მაისს პოლიციის დღესთან დაკავშირებით უკვე 3 მაისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიწყება პოლიციის აღლუმის მოსამზადებელი წვრთნები, რაც მოსახლეობისათვის ძალის დემონსტრირების ლეგალური საბაბი იქნება.
- დაბოლოს, ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მიშა სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და რომ მრავალჯერ გამეორებული 26 მაისიდან საქართველოს ახალი პარლამენტის ქუთაისში მუშაობის დაწყება შემთხვევითი ფრაზა არ იყო…
მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც შეირჩა 5 მაისი, სულ სხვაა.
სააკაშვილი მიხვდა (ძალიან ბევრჯერ გაუმეორეს და სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მიმხვდარიყო), რომ არავინ არ აპირებს მის მიერ სერიოზული კონკურენტის გზიდან უკანონოდ ჩამოცილების მცდელობაზე თვალის დახუჭვას. ის, რომ ქეთრინ ეშტონიც და ობამას ადმინისტრაციაც ყურადღებით ადევნებენ თვალს, მოხდება თუ არა ბიძინა ივანიშვილისათვის აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივით წართმეული მოქალაქეობის დაბრუნება, ეჭვს არ იწვევს. რაოდენ არ უნდა ჯიუტობდეს მიშა, მას მაინც მოუწევს ამ ნაბიჯზე წასვლა, რაც გია ნოდიამ თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად შეცდომად ჩაუთვალა მის საყვარელ ხელისუფლებას. ის ერთადერთი ფრაზა, როცა პრეზიდენტმა ივანიშვილი ახსენა – ”ივანიშვილი ჩვენთვის კარგია – ფორმაში ყოფნას გვაიძულებს!”, უკვე უკანდახევის აღიარებაა – სხვანაირად წარმოუდგენელი ცინიზმია კონკურენტის ასეთ ”სარგებელზე” საუბარი, თუ მას, ყურით მოთრეული მიზეზით, პოლიტიკურ რინგზე არ უშვებ…
მაგრამ მიშა შეეცდება, რომ მოქალაქეობის განმეორებით მინიჭება (ესეც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სწორედ განმეორებით მოწყალების მოღება და არა – საკუთარი შეცდომის აღიარება) ისე მოხდეს, რომ ივანიშვილს არ ეყოს დრო პარტიის სტრუქტურების და ნორმალური სარეკლამო კომპანიის ჩასატარებლად. ამიტომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც სააკაშვილი არჩევნების ვადას დანიშნავს, ის გამოაცხადებს, რომ მიმდინარეობს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის იურიდიული პროცედურების დაზუსტება, მაგრამ თავად აქტის გამოცემას მხოლოდ მარტში, ან სულაც – აპრილში მოაწერს ხელს.
არჩევნების გადმოტანის მიზეზი მეორე თავსატეხია, რაზეც ნაცმოძრაობის ტვინებში თათბირი და ძიება გრძელდება. ისე, ყურადღება მიაქციეთ ჩანგალთსარდალ ბაქრაძის მიერ გახმაურებულ ვითომ უმნიშვნელო განცხადებას – 2012 წელს რუსეთი ომს ვეღარ დაიწყებს, ძალიან ბევრი ფული ჩადო ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობაშიო!!! – ეს ოლიმპიადის იმედად ყოფნა რამეს ხომ არ გაგონებთ ახლო წარსულიდან?!!!… მე პირადად, ძალიან ცუდად მაგონებს იმ ოლიმპიურ სიმშვიდეს, რომლითაც დიდი სოფლების აღებას გვამცნობდა ჩვენი მაკე-დონელი…
გადაწყდა ისიც, რომ საგარეო ვექტორი უმნიშვნელოვანეს მიმართულებად უნდა იქცეს, თუმცა აქ ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ადეიშვილი და ბოკერია თვლიან, რომ უცხოელ დიპლომატებთან მუშაობის ტვირთი სწორედ ბოკერიაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ სააკაშვილი ამას ვერ ეგუება. მას არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი საერთაშორისო დიდების მზე ჩაესვენა. ამიტომ ჯერ კიდევ ცდილობს, რომ მეორეხარისხოვანი ვიზიტებით და სხვადასხვა კონფერენციებზე გამოსვლებით და საქართველოს ფანტასმაგორიული წარმატებების მოყირჭებული გაცვეთილი ფრაზების კანონადით, დასავლელ ლიდერებისთვის ხელის ჩამორთმევის და მიღებებზე ფოტოს გადაღების ფორმით ისევ აღიდგენს ძველ შარავანდედს… ამიტომაც ეცდება, რომ მხოლოდ ბაქრაძეს და ვაშაძეს (როგორც დედოფლადგასვლის ამბავში დასაჭურისებულ პაიკებს) ანდოს საგარეო ვიზიტები და განცხადებები – აკი დღეს კიდეც გაუმხილა ვაშაძემ მთელ მსოფლიოს ის, რისი აღიარებაც სააკაშვილს კატასტროფულად „რცხვენია“ – რომ თურმე მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს გეგმაში პრემიერ-მინისტრობა! ძალიან მაინტერესებს მსოფლიოში იმ ლიდერის ან ანალიტიკოსის აღმოჩენა, რომელსაც სჯერა, რომ სააკაშვილი თავის გეგმებს ვაშაძეს ანდობს! ვლადიმერ სოკორი, სერგეი ილარიონოვი, რაფაელ გლუქსმანი და სხვა ანგაჟირებული ფიგურები არ მაქვს მხედველობაში – ეგენი, რა თქმა უნდა, დაუჯერებენ ვაშაძეს და საერთოდ მაგათ მაგ განცხადებამდეც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ სააკაშვილი თავის რეპუტაციას პუტინის იმიტირებით არ შებღალავდა! ნეტარ არიან „მორწმუნენი“…
საშინაო მიმართულებაც დალაგდა – მართალია, ოპოზიციურად მონათლული აგენტ ენვერ-2-ის, ანუ ეროსი-2-ის დეზავუირება გახდა საჭირო, მაგრამ რამდენადაც ხელისუფლებამ სატელიტიდან „მაესტროს“ გათიშვა მოახერხა, „მაესტროს“ მფლობელებსა და ჟურნალისტებს ნერვები სერიოზულად მოუშალა, მაესტროსათვის ლიცენზიის ჩამორთმევის წინაპირობა შექმნა და ამ არეულობაში გურიაTV-ც გადასანსლა,… როგორც ჩვენი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ამბობს, ეს გამართლებული შეწირვა იყო…
საშინაო პიარის მთავარი მიმართულება ჯანდაცვა გახდა! არცერთი დღე საავადმყოფოს გაუხსნელად! ზოგჯერ დღეში 2 საავადმყოფოც კი იხსნება! ვინ მუშაობს იქ, ვინ მკურნალობს, როგორი ფასებია?.. – ამას არავინ კითხულობს. საერთოდ საავადმყოფოების გახსნა ისეთ აჟიოტაჟის, თაყვანისცემის და ბელადის წინაშე მეტანიობის ფონზე მიდის, რომ ივანოვის „явление Христа народу“ მონაგონია!
ახალი სავადმყოფოები + ახალი აღმაშენებელი + ახალი ბათუმი + ლაზიკა/ევრიკა = გოელრო-ს! ანუ სტაბილურობის ოაზისს კრიზისით დანთქმულ და გაუბედურებულ მთელ მსოფლიოში! ინვესტორებო, მთელი ქვეყნისა შეერთდით და მოგროვდით საქართველოს საზღვრებთან, სადაც ბადემომარჯვებული გილაური და თვალებაჟუჟუნებული ვერა დაგხვდებიან! პირველი მერცხალიც, სააკაშვილის მთავრობასთან თავისი სახელით წარმატებულად მოვაჭრე დონალდიც, უკვე ჩამოდის!
გარდა დამშეული მოსახლეობის 30-ლარიანი ვაუჩერებით მოსყიდვის მრავალნაცადი ხერხისა (რაზეც 24 მილიონი ლარი დაიხარჯება – თითქოსდა, ბიზნესის წახალისების საფუძვლით), უფრო სერიოზული გეგმებიც დაიგეგმა და ხორციელდება.
მაგალითად, (კერძოდ, ობამას ადმინისტრაციის) საგარეო მხარდაჭერის მოსაპოვებლად – ავღანეთში მოხდება პენტაგონის ჩანაცვლება ქართული საჯარისო შენაერთებით! წარმოგიდგენიათ – ობამამ ჯარები გაიყვანა, ხოლო მიშა – ქართულ შენაერთებს ზრდის! ხომ ვიცოდით, რომ ავღანეთს ვერც რუსეთი და ვერც ამერიკა ვერ ააშენებდნენენ საბოლოოდ – აგერ, მაინც ჩვენს იმედად დარჩნენ ავღანლები! ოღონდ სკამზე დატოვონ და მეძუძურ დედებს არ გააგზავნის მიშა საომრად?! გააგზავნის! ეგეც გამართლებულ შეწირვად ჩაითვლება ბოკერიას მხრიდან!
ლაზიკას აშენებაც იქ ჩასასახლებელი თურქი-მესხების დასაბრუნებლად თურქეთისაგან მიღებული მილიარდებით იგეგმება – საკაშვილი თან 2012 წლისათვის ევროსაბჭოსათვის თურქი-მესხების დაბრუნების დაპირებას შეასრულებს, თან ერდოღანს თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში რამდენიმე ასეულ ათასს თურქ მესხს რომ დაუსახლებს, როგორი მადლობელი იქნება ერდოღანიც და მთელი თურქეთიც, ხომ წარმოგიდგენიათ?! აქამდე აჭარის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და ხელებს იფშვნეტდნენ – დღეს უკვე ფოთზეც თამამად შეუძლიათ იოცნებონ!.. არ გჯერათ, რომ მიშა ამას იზამს? და რატომ არ გჯერათ? თავად არ თქვა, იქ ძირითადად ლტოლვილები უნდა დავასახლოო? და როდესმე დააზუსტა – რომელი ლტოლვილები? თავად არ თქვა, ინვესტიციები უცხოეთიდან იქნება მოზიდულიო? – და როდესმე დააზუსტა, საიდან და რომელი ინვესტიციები? ამ საშინელი კრიზისის ჟამს ვინ იყო, რომ სხვა ქვეყანაში ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობას აფინანსებდა? ასტანა დაუფინანსა ყაზახეთს უზბეკეთმა, თუ ბრაზილია – ბრაზილიას არგენტინამ?
რადგან ქართული ჯარი ერაყსა და ავღანეთს დაიცავს, ამიტომ საქართველოში სავალდებულო ერთწლიანი გაწვევის მასშტაბები გაიზრდება და მალე ერთწლიანი გაწვევა ორწლიანით შეიცვლება!
საახალწლოდ ხელისუფლებამ ახალი 1000-1000 ლარიანი ბეგარა დააწესა – ყველა სავალუტო ჯიხური, აფთიაქი და მარკეტი ამ ბეგარას გადაიხდიან, რაც დროულად ჩაეშვება ჯერარგამოცხადებული არჩევნების ყულაბაში! ახალი წლის შემდეგ კი არჩევნების დაფინანსებას ლამის საერთოდ აკრძალავენ, რომ მხოლოდ თავად იხეირონ და სხვებს ხელფეხი შეუკრან!
მუშავდება უფრო თამამი და ადრე თითქოს წარმოუდგენელი პროექტებიც – მაგალითად მთავრობა აპირებს (ინტერესთა კონფლიქტის სავსებით გამართლებული მიზეზით) სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე 2012 წელს ჩამოართვას მათ მიერვე აშენებული საავადმყოფოები!.. და უცხოელ ინვესტორებს მიჰყიდოს! თუმცა ეს ღონისძიება არჩევნების შემდეგ იგეგმება და უფრო სერიოზულად მისი შერბილებული ვარიანტი განიხილება, რომ ნაცმოძრაობის მარჩენალ ქართულ სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს 50%-ზე ნაკლები წილი მფლობელობაში დაუტოვონ და მხოლოდ საკონტროლო პაკეტები გაჰყიდონ უცხოელებზე…
და გემიც მიცურავს!
მერე რა, რომ წყალი ლამის კიჩომდეა, კაპიტანი გონზე აღარაა, მეზღვაურები იხრჩობიან, გემბანზე ხანძარი მძვინვარებს და მაშველ ნავებში მხოლოდ ბობოლების ოჯახების ადგილია!.. მთავარია – ორკესტრი ისევ უკრავს, შამპანურიც იღვრება, ჰიმნიც ისმის, ხალხი მღერის წაგებულ/მოგებულ ომზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, რომელთა დაბრუნებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეხლა ვართ… და ეკრანზეც გადის ლამაზი ფილმი – ლამაზ ქალაქებზე, ლამაზ შადრევნებზე და ლამაზ მომავალზე, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებამ მოიგონა, დაწერა, დადგა და… თავადვე დაასამარა…
P.S. თუმცა, არის ორი „თუმცა“
ა) 2003 წლის დასაწყისშიც მსგავსი გამარჯვების გეგმები ჰქონდათ მოქალაქეთა კავშირის მესვეურებს, მაგრამ ის მოხდა, რასაც არავინ ელოდა – ყველაფრის მსურველმა მთავრობამ ბრიშტი მიიღო და რაც მთავარია, უცხოეთმა არ „გაუპრავა“ ერთგულ შევარდნაძეს არჩევნები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს სააკაშვილის საერთაშორისო რეიტინგი შევარდნაძის 2003 წლის საერთაშორისო რეიტინგს აღემატება, რაც უფრო დიდხანს ეგონებათ ასე – მით უკეთესი!..
ბ) 2011 წლის წლის დასაწყისში არაბული ქვეყნების დესპოტებსაც ხელებს უკოცნიდნენ, „ქვეყნის იმედს“ უძახდნენ და ყიჟინით მოსდევდნენ ასეულები, მაგრამ მერე აღმოჩნდნენ, რომ ამ ასეულების ენთუზიაზმს ათასეულები და მილიონები არ იზიარებდნენ და ეს ამბავი კიდევ უფრო უარესად დამთავრდა…
სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ კიდეც რომ მოიგოს, მაინც წააგებენ.
და რაც უფრო გვიან წააგებენ, მით უფრო საზარელი იქნება ეს წაგება… უბედურება იმაშია, რომ „უმაღლესი მხედართმთავრის“ დანგრეული ფსიქიკა უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება… ადრე დედა იყო უკანასკნელი ტრანქვილიზატორი… ახლა უკვე ესეც აღარ ჭრის…