პოლ კრუგმანი, "The New York Times"
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ საქმე გვაქვს დეპრესიასთან. რა თქმა უნდა, ჯერ არ ჩანს, რომ დიდი დეპრესია სრულად განმეორდება, თუმცა ეს ნაკლებად სანუგეშოა. უმუშევრობის დონე ამერიკასა და ევროპაში კატასტროფულად მაღალ ნიშნულზეა. ლიდერები და ინსტიტუტები სულ უფრო კარგავენ მოქალაქეების ნდობას. დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.
რაც შეეხება ამ უკანასკნელ შენიშნვნას, მე პანიკას არ ვტეხ. როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფრონტზე, მნიშვნელოვანია, რომ არ გავებათ ხაფანგში „საქმე არც თუ ისე ცუდადაა“. უმუშევრობის მაღალ დონესთან შეგუება მხოლოდ იმიტომ, რომ მას 1933 წლის დონისთვის არ მიუღწევია, არ შეიძლება; არ შეიძლება შემაშფოთებელი პოლიტიკური ტენდენციების იგნორირება მარტო იმიტომ, რომ არცერთი ჰიტლერი არ ჩანს.
მოდით, იმაზე ვისაუბროთ, თუ რა ხდება ევროპაში – არა იმიტომ, რომ ამერიკაში ყველაფერი კარგადაა, არამედ იმიტომ, რომ ფართო საზოგადოებას არც თუ კარგად ესმის ის, თუ რამდენად სერიოზულია ევროპაში მიმდინარე პროცესები.
პირველ რიგში, ევროს კრიზისი ევროპულ ოცნებას კლავს. საერთო ვალუტამ, რომელსაც ქვეყნები ერთად უნდა შეეკრა, პირიქით, სასტიკი გაღიზიანების ატმოსფერო შექმნა. "The New York Times"
უფრო კონკრეტულად კი, მოთხოვნამ სულ უფრო მეტ ეკონომიაზე, დამაბალანსებელი ძალისხმევების გარეშე, რომელიც ეკონომიკური ზრდის წახალისებისკენ იქნებოდა მიმართული, ორმაგი ზიანი მოიტანა. ეს გზა, როგორც ეკონომიკური პოლიტიკა, გაზარდა რა უმუშევრობის დონე და ნდობა ვერ აღადგინა; დღეს საერთოეკონომიკური ვარდნა აბსოლუტურად რეალურია, იმ ფონზეც თუკი ფინანსური კრიზისის უშუალო საფრთხე შეკავებულ იქნა. გარდა ამისა, ამ ზომებს საშინელი ბრაზი მოჰყვა, და ბევრი ევროპელი განრისხებულია იმით, რაც სამართლიანად თუ უსამართლოდ (ან გარკვეული დოზით ორივე ერთად) აღიქმება გერმანიის ძალის მკვეთრ განხორციელებად.
არცერთი ის ადამიანი, რომელიც ევროპის ისტორიას იცნობს, ამ გაღიზიანების ტალღას შეშფოთების გარეშე ვერ შეხედავს. თუმცა ამაზე უარესებიც ხდება.
მემარჯვენე შეხედულებების პოპულისტები ძალას იკრებენ, დაწყებული ავსტრიიდან, სადაც „თავისუფლების პარტია“ (რომლის ლიდერსაც ადრე ნეონაცისტებთან ჰქონდა კავშირები) არჩევნებში ფეხდაფეხ მიჰყვება ტრადიციულ პარტიებს, დამთავრებული ფინეთით, სადაც ემიგრანტების მოწინააღმდეგე პარტიამ „ნამდვილი ფინელები“ შარშან აპრილის არჩევნებში წარმატებული შედეგი აჩვენა. და ეს ხდება მდიდარ ქვეყნებში, რომლებიც კრიზისს წარმატებულად უმკლავდებიან. სიტუაცია კიდევ უფრო შემაშფოთებელია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უფრო ღარიბ ქვეყნებში.
გასულ თვეში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა დოკუმენტურად ასახა ის, რომ „ახალი ევროპის“ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეუერთდნენ, დემოკრატიამ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგა. არ არის გასაკვირი, რომ დემოკრატიისადმი რწმენა ყველაზე მეტად იმ ქვეყნებში შეირყა, რომლებიც ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ყველაზე ცოტა, ერთ ქვეყანაში – უნგრეთში – სწორედ ახლა დემოკრატიული ინსტიტუტები ილახება.
უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტია „იობიკი“ („უკეთესი უნგრეთისთვის“) – ნამდვილი 1930-ანი წლების კოშმარია: ის ბოშების და ებრაელების წინააღმდეგია და გასამხედროებული დანაყოფიც კი ჰყავს. მაგრამ უშუალო საფრთხის მატარებელი მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ფიდეშია“.
შარშან პარტია „ფიდეშმა“ პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა, ნაწილობრივ ეკონომიკური მიზეზების გამო: მართალია უნგრეთი ევროს ზონაში არ შედის, მაგრამ ის სერიოზულად დაზარალდა უზარმაზარი ვალებისგან უცხოურ ვალუტაში, და გულწრფელად რომ ვთქვათ, მაშინდელი მმართველი მემარცხენე-ლიბერალური პარტიების არამეურნე მმართველობისა და კორუფციის გამო. ახლა „ფიდეში“, რომელმაც გასულ გაზაფხულზე მის ხელთ არსებული საპარლამენტო მანდატების დახმარებით ახალი კონსტიტუციის მიღება მოახერხა, როგორც ჩანს, ხელისუფლების პარმანენტული შენარჩუნებისთვისაა განწყობილი.
ის ამას რთული გზებით აღწევს. პრისტონის უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კიმ ლეინ შაპელმა, რომელიც ყურადღებით აკვირდება უნგრეთის სიტუაციას, მიამბო, რომ „ფიდეში“ ოპოზიციის ჩასახშობად შეფარულ მეთოდებს იყენებს. შემოთავაზებული საარჩევნო კანონი ითვალისწინებს თაღლითურ ზეწოლას საარჩევნო უბნებზე, რომლის მიზანიც სხვა პარტიებისთვის მთავრობის ჩამოყალიბების საქმეში ხელშეშლაა; სასამართლოების დამოუკიდებლობა დისკრედიტირებულია, რადგან სასამართლოები სავსეა პარტიის ერთგული მხარდამჭერებით; სახელმწიფო მედია პარტიის რუპორის როლს ასრულებს, ხოლო დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იყენებენ. გარდა ამისა, კონსტიტუციის შემოთავაზებული დამატება, სინამდვილეში, ქვეყნის წამყვან მემარცხენე პარტიას კანონის მიღმა დააყენებს.
ეს ყველაფერი კი ევროპის შუაგულში დემოკრატიის საფარქვეშ ავტორიტარული მმართველობის აღდგენას ნიშნავს. და იმის მაგალითია, თუ რა შეიძლება მოხდეს უფრო ფართო მასშტაბებში, თუკი ეს დეპრესია გაგრძელდება.
გაურკვეველია, რისი გაკეთება შეიძლება უნგრეთის ავტორიტარიზმისკენ სვლასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, მაგრამ, პრინციპში, ეს ევროპის საქმეა. ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა შანსი არ დაეშვა ხელისუფლების უზურპაცია დასაწყისშივე – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუცია პარლამენტში იმ მომენტში გაიტანეს, როდესაც უნგრეთს ევროკავშირის ექვსთვიანი პრეზიდენტის პოსტი ეკავა. დღეს ამ სიტუაციის შემობრუნება, გაცილებით რთულია. თუმცა, სჯობს ევროპელმა ლიდერებმა რამე იღონონ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც იბრძვიან.
და ისინი უნდა დაფიქრდნენ ასევე თავიანთ წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, დემოკრატიისგან მეტი უკანდახევა იქნება – და ევროზონის დაშლა შეიძლება ყველაზე მცირე პრობლემად იქცეს.
foreignpress.ge
949
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85