დღეს ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, მწვანეშუშებიანი პოლიციის შენობის წინ „მაესტროს“ თანამშრომელთა საპროტესტო აქცია „SOS_ “მაესტრო” საფრთხეშია” პლაკატებისა და საყვირების ფონზე გაიმართა. მომდევნო საპროტესტო აქცია უკვე სამშაბათს, 20 დეკემბერს, 15.00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან იგეგმება. „მაესტროს“ თანამშრომლებს გამოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა პლაკატები, ერთ-ერთ მათგანზე ეროსი კიწმარიშვილისა და ვანო მერაბიშვილის სურათები გვერდიგვერდ იყო გამოსახული და „რუსთავი 2“-ისა და 022-ის იდენტობას მიუთითებდა.
ტელეკომპანიის მესვეურები პოლიტიკოსებთან, არასამთავრობოებთან და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ერთად, მოუწოდებენ სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და დაატოვებინონ ტელეკომპანიის შენობა ერისი კიწმარიშვილსა და მასთან ერთად შეჭრილ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, ტელევიზია კი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს. მით უფრო, რომ 7 დეკემბერს ასეთი გაფრთხილება ეროსი კიწმარიშვილმა უკვე მიიღო, რაც დღემდე არ ხორციელდება.
ამასთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშუალებები გაწევრიანდებიან. ღლონტმა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სოლიდარულნი იყვნენ იმ მედიასაშუალების მიმართ, რომელზეც ზეწოლა განხორციელდება. ცნობისთვის, მედიაგაერთიანება 19 დეკემბერს 12.00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაფუძნდება.
„ამ მედიაგაერთიანებას უნდა ჰქონდეს ისეთი პრინციპი, როგორიც აქვს ნატოს. კერძოდ, ნებისმიერ მედიასაშუალებაზე განხორციელებული დარტყმის დროს ამ ორგანიზაციაში შემავალი ყველა მედიასაშუალება ერთიან რეაგირებას უნდა ახდენდეს. რაც დღეს „მაესტროში” ხდება, არ არის ორი მხარის, ეროსი კიწმარიშვილისა და “მაესტროს” დამფუძნებელთა დაპირისპირება და ამ ყველაფრის სათავე მიხეილ სააკაშვილია,“ - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.
Presage.tv-სთან საუბარში მამუკა ღლონტმა მედიაგაერთიანების შექმნის არსი დააკონკრეტა.
„ეს იქნება საორგანიზაციო ჯგუფი, რის შემდეგაც „ფეისბუკით“ კი აღარ დავუკავშირდებით ერთმანეთს, არამედ ამ ჯგუფს ექნება დავალება, მოაწყოს აქცია, დაწეროს წერილი, მიმართვა და ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. „რუსთავი 2“, „იმედი“, „რეალტივი“, „აიტივი“ მედია არ არის, არამედ მედიაგაერთიანებაში ველოდები „კავკასიას“, „პალიტრას“, „უცნობს“, რადიო „მაესტროს“, „რეზონასს“, „ასავალ-დასავალს“, „ალია-ჰოლდინგს“. ჩვენი შემდგომი გეგმები არის ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა.
ეს იმ ფონზე, როდესაც ეროსი აცხადებს, რომ მისკენაც არის სიმართლე?
- სიმართლე სასამართლოში დაამატკიცოს, გადავუხდით კომპენსაციას.
იგი ივანიშვილის ფულსა და 30 ვერცხლსაც ახსენებს.
- ეროსის პირველი გამოსვლა, თუ გახსოვთ, ასეთი იყო, რომ ღლონტმა ჩამიშალა ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება, იმიტომ, რომ ივანიშვილს შეხვდა და უთხრა, ფული არ მინდაო. დღეს კი ეროსი ამბობს, ღლონტი ფულს დახარბდაო. თუ მაშინ ფული არ მინდოდა, ახლა რაღაზე დავხარბდი?
ფიქრობთ, გამოიყვანენ ეროსის იმ შენობიდან?
- ეროსის გამოყვანა არაა მთავარი. მოდით, ასე ვთქვათ, მთავარია, გამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ოფისიდან. 30 ნოემბერს ჩვენს ოფისში გადმოძვრა არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ - მიხეილ სააკაშვილი. სამშაბათს მთელი მედია იკრიბება, ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჯიხურების აღების, პრესის შეზღუდვის მოწინააღმდეგენი და „მაესტროს“ გულშემატკივრები არიან. აქციების კი არა, ცუნამის ტალღას დავიწყებთ. თუ გაინტერესებთ, საკმარისი იქნება თუ არა აქციის მონაწილეთა რაოდენობა ცუნამის მოსაწყობად, შეგახსენებთ, რომ ხუთი კაცით მოვუგეთ ლიცენზია. თავიდან ხუთი პირაკრული კაცი ვიდექით პარლამენტის წინ. ამდენად, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ხარისხია მთავარი.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილს შეუძლია მის წინააღმდეგ საჩივრით ჰააგის სასამართლოსაც კი მიმართოს.
„საერთოდ არ მაინტერესებს ეროსის შეხედულებები, წარმოადგინოს დოკუმენტები და მორჩეს დემაგოგიურ ტლიკინს. ახლა დროებით შესულები ვართ რადიოს ოფისში და მომავალში გავფართოვდებით, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გავიუმჯობესებთ. რაც ოფისშია დატოვებული, იმას სასამართლოს ძალით გამოვიტანთ, რაც ახალი გვექნება საყიდელი, ვიყიდით და გავაკეთებთ ახალ, სრულფასოვან „მაესტროს“, როგორც არსებობდა ისტორიის მანძილზე. შავი ბუღალტერია - ასეთი ცნება ეროსიმ ალბათ თვითონ იცის, რას უნდა ნიშნავდეს და თვითონ აწარმოებს ცხოვრებაში. მე შავი ბუღალტერია საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს“.
ეროსის მხარეს თუ არის სიმართლის ნატამალი?
- ეროსისკენ არის მარტო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სიმართლე მისკენ არ არის. ივანიშვილის ფული თვალებს უბნელებს თავად ერასტი კიწმარიშვილს, თორემ ჩვენ ყოველთვის ასე შეჭირვებულად მოვდიოდით. ღმერთის იმედით, გვყავს დამფუძნებელი, ქალბატონი მაკა ასათიანი, რომელიც ფინსურად გვერდში გვიდგას დ ამ ეტაპზე არ ვსაჭიროებთ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დახმარებას.
თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავთ ივანიშვილის დახმარებას?
- ბიძინა ივანიშვილი კი არა, მამუკა ღლონტი როგორც აცხადებს, მიხეილ სააკაშვილიც რომ დაგვეხმაროს, მის თანხას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებთ დანიშნულებისამებრ.
როგორ გგონიათ, ეროსის შემდგომი ბედი რა იქნება, მას გამოიყვანენ დაკავებული შენობიდან?
- სამწუხაროდ, ეროსის ბედიც მიხეილ სააკაშვილის ხელშია, რასაც გადაწყვეტს სააკაშვილი, იმას გაუკეთებს ეროსი კიწმარიშვილს.
Presage.tv “მაესტროს” მხარტდასაჭერად შეკრებილ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობოებს ესაუბრა.
მსახიობი ვასიკო ოდიშვილი მიიჩნევს, რომ სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილი ადამიანის გამოყვანა უშუალოდ პოლიციის მოვალეობაა, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება.
„მე არ ვიცი, აწყობს თუ არა პოლიციას, გამოიყვანოს ეროსი კიწმარიშვილი დაკავებული შენობიდან, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ მათზე უშუალოდ დაკისრებულ მოვალეობას პოლიციელები არ ასრულებენ. ვერც იმას გიპასუხებთ, თამაშობს თუ არა ეროსი სააკაშვილის თამაშს, რადგან პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. მთავარია, რომ აქციები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ყველანი ერთად დავდგებით. ეს მარტო მედიას არ ეხება. ხმამაღლა ნათქვამ სიტყვად ნუ მიიღებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ „მაესტროს“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ამას აუცილებლად მოჰყვება სხვა მედიასაშუალებებზე ზეწოლაც. თუ რეაგირება არ მოხდა და არ გავერთიანდით, ეს იქნება საქართველოში თავისუფალი სიტყვის სამუდამოდ დასამარება“, - აცხადებს ვასიკო ოდიშვილი.
„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია „მაესტროს“ ჟურნალისტებისთვის მუშაობის საშუალების მიცემას მოითხოვს.
„ჟურნალისტებს მუშობის საშუალება არ აქვთ და იძულებულნი გახდნენ, გარეთ გამოსულიყვნენ. ამიტომაც ჩვენც ვუერთდები ამ პროტესტს, რომ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეთ. ახლა ვინ, რამდენი და როგორ გაფლანგა, ეს გაარკვიონ სხვა მოედნებზე და არა ოფისის ასეთი დაკავებით, რასაც ხელისუფლება აშკარად უჭერს მხარს. შესაძლოა, ეროსის მარტო თანხის მოტივი ამოძრავებდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მას რომ მხარს უჭერს, ეს ფაქტია“.
პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას „ბარბაროსას გეგმის“ ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.
„სამწუხაროდ, „მაესტრო“ არ არის ერთადერთი ტელეკომანია, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ზეწოლა. ტელეკომპანია „გურიაც“ ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც იგი ჩამოერთვა კანონიერ მფლობელს. რამდენიმე თვის წინ კი ტელეკომპანია „თრიალეთის“ წინააღმდეგ მთელი რიგი ძალადობრივი მოქმედებები განხორციელდა, რამაც აიძულა ტელეკომპანიის ერთ-ერთი მმართველი, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საფრანგეთისთვის მიემართა. როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან ეს აღვირახსნილი კამპანია დაუფარავად გრძელდება, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ სარკმელი დემოკრატიისკენ, რომელიც იმზირება თითოეული ჩვენი მოქალაქის ფანჯრებიდან, დახშულ იქნეს“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, ხელისუფლება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოვიდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ხელისუფლება ყველა გზას, რესურსს იყენებს იმისთვის, რომ მართალი სიტყვა დაახშონ.
„ჩვენ, პოლიტიკოსები, ადრე ვსარგებლობდით ტელემაესტროს ეთერით, ამიტომ დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ნაშთს, რომელიც ფაქტიურად ოკუპირებულია, გვერდში დავუდგეთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“.
რეჟისორი გოგა ხაინდარავა აცხადებს, რომ ტელეიმედის მაგალითი არ უნდა განმეორდეს „მაესტროს“ შემთხვევაში.
„ერთხელ უკვე დავთმეთ და ყაჩაღებს დავუთმეთ „იმედი“, „მაესტროს“ კი არაფრით დავთმობთ, რადგან დღეს ეს ტელეკომპანია ქართველი ხალხი გულია, საიდანაც სიმართლე გადაიცემა“.
გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ქართველ ჟურნალისტებს სურდათ, მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ბეჭდურ მედიას ებრძვის არა გიგი უგულავა, არა რიგითი პოლიციელი, ან ქონების მართვის სამმართველოს თანამშრომელი, არამედ - პირადად მიხეილ სააკაშვილი, რათა არჩევნების პერიოდში მას ნერვები აღარავინ მოუშალოს.
ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის თქმით, მისთვის ცხადია, თუ ვის მხარესაა სიმართლე, ამიტომაც „მაესტროს“ გვერდით დგომა ამჯობინა.
„ეროსი კიწმარიშვილის შენობაში ყოფნა და ყველა ის დანარჩენი ხულიგნობა, რასაც ის სჩადის, აბსოლუტურად უკანონოა. ეროსი არ თმობს პოზიციას. ამიტომ ის უნდა დარჩეს შენობაში, თავის პოზიციასთან ერთად, დანარჩენი, მაქსიმალურად უნდა მოახერხოს „მაესტრომ“, რომ გავიდეს ეთერში, სატელიტზე და უფლებამოსილი პირი, ვინც შეიძლება ელაპარაკოს თუნდაც სატელიტის პარტნიორს, არის მხოლოდ რეალური „მაესტროს“ დირექტორი და არა რომელიღაც მითიური მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, რომელთანაც „მაესტრომ“ კონტრაქტი გაწყვიტა“.
ამასთან, ლუბა ელიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეროსი კიწმარიშვილს ხელისუფლება ეხმარება, თანაც ეს დახმარება იმ დროს კი არ დაიწყო, რაც ეროსი შენობაში მოკალათდა, არამედ იმთავითვე, ეს ყველაფერი ხელისუფლების დაგეგმილი გახლდათ.
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების უფლებების დაცვის საქმეში ერთადერთი და მთავარი ფარი არის თავისუფალი მედია, მათ შორის, „მაესტრო“.
„სამწუხაროდ, იშვიათად შემორჩა ასეთი ტელეკომპანიები, რომლებიც ახერხებენ, ამ მძიმე და ავტორიტარულ გარემოში თავისუფალნი იყვნენ. აშკარა კანონდარღვევასთან დაკავშირებით პოლიციის უმოქმედობა, ტელევიზიაში შეჭრა, მაუწებლობისთვის ხელის შეშლა მეტყველებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მოქმედებები ხელისუფლებისთვის მომგებიანია“.