ღირს თუ არა ციხიდან გამოსასვლელი საშვი 73 მილიონი ამერიკული დოლარი და დასრულდა თუ არა საქართველოში ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებული სკანდალი?- ეს კითხვა საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის. შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზევ ფრენკელი შეიწყალა.
სააკაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც კომპანია „ტრამექსი“, რომელთანაც დაკავშირებულები არიან ფუქსი და ფრენკელი დათანხმდა, ჩამოიწეროს 73 მილონი დოლარი იმ 98 მილიონიდან, რომლის გადახდაც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა.
შარშან აპრილში 61 წლის რონი ფუქსი და 64 წლის ზევ ფრენკელი 7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემაში სცნეს დამნაშავედ, რომელსაც ისინი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს იმისთვის აძლევდნენ, რომ არბიტრაჟის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული კომპნესაციის გადახდა დაჩქარებულიყო.
კომპანია „ტრამექსის“ საქმე იმ ნავთობ და გაზსადენთან დაკავშირებით წარმოიქმნა, რომელიც საქართველოს გავლით თურქეთში გადის.
საქართველოს ხელმძღვანელობამ შეწყალება შეაფასა, როგორც ჰუმანური აქტი, რომელიც ბიზნესმენების, ფრენკელისა და ფუქსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო ნაკარნახევი. ისრაელის პრესის ინფორმაციით კი, ამ საკითხს ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ლობირებდა, რომელსაც ახლო მეგობრობა აკავშირებს რონი ფუქსთან.
Jerusalem Post-ის ინფორმაციით ახლა ორივე ბიზნესმენი იერუსალიმში იმყოფება. თუმცა ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი მომენტი, რომითაც მომხდარი შეიძლება აიხსნას. იმ დღეს, როდესაც ბიზნესმენები თავისუფლებაზე გამოვიდნენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისმა კომპანია „ტრამექსთან“ და ფუქსის ბერძენ საქმიან პარტნიორთან იოანის კარდასოპულოსთან კონფლიქტი დაარეგულირა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეთანხმების შედეგად, რომელიც კომპანია „ტრამექსსა“ და ხელისუფლებას შორის შედგა, კომპენსაციის თანხა, რომელიც ბიზნესმენების გათავისუფლების მომენტისთვის 110 მილიონ დოლარი იყო, 73 მილიონი დოლარით შემცირდა. საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება 2010 წლის მარტში საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრმა გამოიტანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრუქტურაა და ვაშინგტონში მდებარეობს.
საქართველოს მთავრობა ამ სისხლის სამართლებრივ დევნასა და კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არბიტრაჟში არსებულ დავას შორის კავშირს დიდი ხანია უარყოფს. თუმცა, გადაუხდელი კომპენსაციის აჩრდილი მაინც დასდევს საქმეს ფუქსისა და ფრენკელის მიერ ქრთამის შეთავაზების შესახებ.
კერძოდ, ამ პროცესმა ქართული სასამართლო სისტემის მისამართით გაახმიანა ბრალდებები, რომ ის ხელისუფლების მსახურია. პასუხად პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „კორუფციის აღმოფხვრის კუთხით რეგიონში ლიდერია“. მან უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ დავაზე და სახლემწიფოს მიერ დაფინანსებული არხის „პიკის“ ინფორმაციით ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა: „ეს არ არის ჩემი საქმე. ეს სასამართლოს საქმეა“.
„მომენტი, რომელიც სააკაშვილმა შეწყალების განკარგულებაზე ხელმოწერისთვის შეარჩია, აძლიერებს ამ ეჭვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეირ სასამართლო სისტემის კონტროლის შესახებ“, - აღნიშნავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
იურისტის ვარაუდით, სამინისტროს განცხადებამ „ნათლად აჩვენა“, რომ საქმე ფრენკელისა და ფუქსის წინააღმდეგ იყო მანევრი, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის არ გადახდის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. „ამ დაპატიმრებამ ბიუჯეტს 70 მილიონი დოლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა“, - ამტკიცებს იურისტი.
მოსფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრის საიტზე განთავსებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ შეწყალებას ხელი მხარეებს შორის სამი თვის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მოეწერა.
პრეზიდენტ სააკაშვილის აპარატში აღნიშნავენ, რომ შეწყალების შესახებ განკარგულებას არაფერი აქვს საერთო საარბიტრაჟო სასამართლოში განხილულ საქმესთან. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ბიზნესმენების განთავისუფლება „ჰუმანური მოსაზრებებით“ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა.
სექტემბერში, თბილისის იზოლატორიდან 200 კილომეტრში მდებარე ციხეში გადაყვანისას ზევ ფრენკელს გულის შეტევა დაემართა. იზოლატორში ის ფუქსთან ერთად იმყოფებოდა.
ფუქსის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, უცნობი ნიღბიანების მიერ დაშინების გამო გადატანილი სტრესის წყალობით ორივე ბიზნესმენი უძილობით იტანჯებოდა.
მისივე განცხადებით, დაკავებულთა მდგომარეობა მხოლოდ ისრაელის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ გაუმჯობესდა. მსჯავრებულებს ტელეფონით, ინტერნეტით და სკანერით სარგებლობის ნება დართეს.
ადვოკატი ფიქრობს, რომ შეწყალება მოულოდნელი მოვლენა არ ყოფილა. სააპელაციო სარჩელის უარყოფის მიუხედავად, ბიზნესმენები „შეწყალებას ელოდნენ პირველივე დღეებიდან“, თუმცა „ჩვენ არ ვიცოდით ზუსტად როდის მოხდებოდა ეს“, - აღნიშნავს ის.
მომხდარი, ჩანს სულაც არ აისახა საქართველოსადმი ფუქსის ინტერესზე. კბილაშვილის განცხადებით, ბიზნესმენი საკუთარი დაკავების და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შესახებ წიგნს წერს და „ოფიციალური“ მოწვევის მიღების შემთხვევაში, საქართველოში ვიზიტსაც გეგმავს.