„გურია TV”-ს ამბები -  „TV მზის“ ამბების გაგრძელება?!

„გურია TV”-ს ამბები - „TV მზის“ ამბების გაგრძელება?!

ხელისუფლებამ თავის კონტროლს კიდევ ერთი ტელეკომპანია დაუქვემდებარა, - მიიჩნევენ გურიის ტელევიზიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ  ტელეკომპანია „მზის“, თრიალეთის“, „TV 25-ის“, „მაესტროს“ შემდეგ მათი რიგიც დადგა. საქმე არც ისე მარტივადაა და ჩვენი ინფორმაციით, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს საქმეში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გამოჩენას. თუ გავითვალისწონებთ, რომ გურიის ტელევიზიის ყოფილი მთავარი პროდიუსერი ელდარ მდინარაძე ოდესღაც ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი გახლდათ (რომელიც თავის დროზე ბიზნესმენმა ხელისუფლებას დაუთმო), ცხადია, „ნაციონალებს“ ეჭვები გაუჩნდებოდათ ტელეკომპანია გურიის სამომავლო დაფინანსების მიმართაც. მართალია, ელდარ მდინარაძე  Presage.tv-სთან საუბარში გურიის ტელევიზიის ოპოზიციურ განწყობილებას და ივანიშვილის ინტერესს გამორიცხავს, მაგრამ ხელისუფლებამ სამომავლოდ თავი რომ დაიზღვია, აშკარაა.     

 

„ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა „ნაციონალური მაუწყებლები“ და დროთა განმავლობაში პრობლემები აქა-იქ შემორჩენილ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსაც შეუქმნა. ზოგიერთი ტელეკომპანიის ჩუქება, ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე, უფასო ჩუქებით დასრულდა, როგორც „მზის“ შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი, როგორც ეს TV 25-თთან მიმართებით მოხდა, მაუწყებელმა მაინც შეძლო არსებობის შენარჩუნება,“- განმარტავენ ტელეკომპანია „გურიას“ წარმომადგენლები.

 

გურიის ტელევიზიასთან მიმართებით ხელისუფლების განსაკუთრებულ გააქტიურებას თავად ამ ტელევიზიის მესვეურები საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებენ. მათი აზრით, იმ დროს, როცა გურიის ტელევიზიაში მენეჯმენტი გაძლიერდა და ტელეკომპანიის მაუწყებლობის თვისებრივი გაუმჯობესების პერსპექტივა დაისახა, ხელისუფლებამ მყისვე აამუშავა ნაცადი მეთოდები, პროცესუალურ ნორმათა დარღვევით გააცოცხლა უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „გურია TV”-ს ადრინდელ მეპატრონეებს შორის 1991 წლიდან პერიოდულად მიმდინარე დავის საქმე და საბოლოოდ, არხის კანონიერ მესაკუთრეს, ხათუნა სიორიძეს, 100 %-იანი წილი ჩამოართვა. ამის გამო ტელეკომპანიის მესვეურები სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ საქმის გაგრძელებას და წუხან, რომ ამ ხნის მანძილზე გურიის მხარე მიუკერძოებელი და ხარისხიანი ტელეკომპანიის გარეშე დარჩება.    

 

„გურია TV”-ს ყოფილი მფლობელების, ხათუნა და მერაბ სიორიძეების ადვოკატი უზენაეს სასამართლოში ფაქტების გაყალბებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე უზენაესი სასამართლოდან მათთვის არ გადაუციათ მოთხოვნილი დოკუმენტები, მაშინ, როცა მათ, როგორც მხარეებს, ამ დოკუმენტების გაცნობის უფლებას არავინ უნდა უზღუდავდეს. „ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები, რომ ჩვენზე ათდღიანი შეზღუდვა გავრცელდეს,“ - აცხადებს ადვოკატი და ხელისუფლების ინტერესსა და  დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის დევნაზე საუბრობს.

 

რუსეთის მოქალაქის, მარინა ვასილიევასა და მერაბ სიორიძეს შორის საქმიანი ურთიერთობა იყო. 90-იან წლებში ვასილიევამ ტელეკომპანიის განვითარებისთვის კონკრეტული თანხა- 10 მილიონი რუბლი ჩადო. მართალია, ვასილიევა არ ყოფილა მფლობელი, მაგრამ 50 %-იანი მოგების წილი მასზეც უნდა გადანაწილებულიყო. „ვარდების რევოლუციამდე“ ვასილიევამ სასამართლოს მიმართა, სიორიძემ ჩემს მიერ ჩარიცხული თანხა მიითვისაო და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 308 756 აშშ დოლარი მოითხოვა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მარინა ვასილიევას სარჩელი დააკმაყოფილა. სიორიძეებმა გადაწყვეტილება ქუთაისის  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 2006 წლის 24 ივლისს სასამართლომ მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობის გამო ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარინა ვასილიევა გახდა. მოგვიანებით მერაბ სიორიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 2010 წლის 11 თებერვალს სასამართლომ 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რის საპასუხოდაც ვასილიევამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც საკითხი ვასილიევას სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაშინდელი 10 მილიონი რუბლი შეადგენს 308 756 აშშ დოლარს. სიორიძის მხარე აცხადებს, რომ ვასილიევასთვის ამ თანხის გადასახდელად მზად იყო, თუმცა მოულოდნელად ვასილიევამ ტელეკომპანია 80 ათას აშშ დოლარად, ანუ მოთხოვნილ თანხაზე 240 ათასი დოლარით ნაკლებად, ვინმე მერაბ საბაძეს დაუთმო.

 

Presage.tv ესაუბრა  „გურია TV”-ს ყოფილ მთავარ პროდიუსერს ელდარ მდინარაძეს.

 

ტელეკომპანიასთან მიმართებით თქვენ ხელისუფლების ინტერესზე საუბრობთ. ტელეკომპანია „გურია“ ოპოზიციურ განწყობას ავლენდა?

- ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მცნებები, რას  ნიშნავს „ოპოზიციური განწყობის ტელევიზია“ და სხვა?

 

იმას, რასაც ხელისუფლება ოპოზიციურად აღიქვამს.

- არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. მე ვიყავი ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ჩემთან მოდიოდნენ, როცა ოპოზიციაში იყვნენ და თავის აზრს გამოთქვამდნენ. არავის შექმნია დისბალანსი. ერთი შემთხვევა მაინც მითხრან, რომ მათ არ მიესცათ დრო, როცა უნდოდათ დროის დათმობა. თვით იმ პერიოდშიც კი, როცა „მზის“ მეპატრონე ჩხარტიშვილი იყო, ზოგჯერ მეპატრონეც ცუდ კონტექსტში იყო მოხსენიებული. დაბალანსებული, წესიერი ტელევიზია არ არის ოპოზიციური ტელევიზია, მე მაგას არ გავაკეთებ არცერთ ვარიანტში. მაგრამ ისეც არ მოხდება, რომ ტელევიზია გახდეს პროპაგანდის იარაღი და საშუალება, ეს არ არის ტელევიზიის დანიშნულება.

 

ანუ „გურია TV”-სთვის პრობლემების შექმნა ტელეკომპანია „მზის“ ამბების გაგრძელებაა?

- ეს იყო დიდი ხნის წინ, როცა „მზე“ წაიღეს და ხმაც არავის ამოუღია, რომ იქნებ, ჩვენ არ გვესმოდა, რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდით, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ ვიფიქრეთ, რომ რაღაც დიდი რეფორმები ხდება ქვეყანაში და სხვა გაქანება, არეალი და საშუალება მივეცით. წაიღეს ეს ტელევიზია და „მზე“ დღეს ისეთი ტელევიზიაა, რასაც უყურებთ.

 

გამოდის, რაკი ტელეკომპანია „მზის“ ხელისუფლებისთვის გადაცემას დათანმდით, მიესალმებოდით კიდეც ამ ტელევიზიის გადაცემას?

- მე რატომ მივესალმებოდი ტელეკომპანია „მზის“ საბუთების წაღებას და ჩემს მიერ შექმნილი ტელევიზიის წაღებას?

 

მაშინვე გამოხატეთ საკუთარი უარყოფითი პოზიცია?

- რა პოზიცია უნდა გამომეხატა? მოვიდნენ და წაიღეს და ერთი ლარი არ არის გადახდილი შიგნით. ახლა დისკომფორტს განვიცდი, რადგან ამჟამად რაც ხდება გურიის ტელევიზიის გარშემო, ეს ყველაფერი ჩემი ინიციატივით დაიწყო. მინდოდა, ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩემი გამოცდილება დამეხარჯა, ოზურგეთში კარგი ტელევიზია შექმნილიყო. გადაწყდა, რომ დახმარებას მივიღებდი მეგობრებისგან, რათა ეს ტელევიზია ამოქმედებულიყო, დავინიშნე პროდიუსერად, მეორე დღეს კი ეს ამბავი მოხდა.

 

ვინ იყვნენ თქვენი მეგობრები, ვისაც უნდა დაეფინანსებინა გურიის ტელევიზია? ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილი?

- გაინტერესებთ, ამის უკან ხომ არ იდგა ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილი?! არამარტო ვანო ჩხარტიშვილი, სხვებიც... ერთი ადამიანისთვის ძნელი იყო ამ თანხის „აწევა“. ჩემი ძმისგანაც მივიღე დახმარებაზე თანხმობა (რომელსაც ბიზნესი აქვს). როცა დამეხმარებოდნენ, ამას საჯაროდ გავხდიდი, დასამალი არაფერი მაქვს. საკმარისი გზა გავიარე ცხოვრებაში და არავის „რუპორი“ არ გავმხდარვარ. უბრალოდ, მინდოდა ის პატარა ტელევიზია ამუშავებულიყო, რასაც ოზურგეთი და გურია იმსახურებს. მარინა ვასილიევა-ხარაბაძისთვის 308 ათასი დოლარის გადასახდელად მზად ვიყავით, ამ დროს კი მან თავისი წილი დათმო 80 ათასად. ვინ დგას ამის უკან, არ ვიცი. ამჟამად ტელევიზია თითქმის არც ფუნქციონირებს, კვირაში სამი ათწუთიანი გამოშვება აქვს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განადგურებულია. ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, სიორიძეები ამ ტელევიზიის მფლობელები იქნებოდნენ და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

 

Presage.tv ესაუბრა „გურია TV”-ს ყოფილი მფლობელის ადვოკატს თედო კობახიძეს.

 

როგორც ვიცი, სტრასბურგისთვის აპირებთ მიმართვას, მაგრამ მანამდე გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვთ...

- ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „გურიის“ საქმეზე, ამ შემთხვევაში, სიორიძებიისა და მარინა ვასილიევა-ხარაბაძის დავასთან დაკავშირებით, საქმის მასალების გაყალბება მოხდა. შემდგომ აღნიშნული დავა სიორიძეების მხარემ წააგო და ტელეკომპანიის 100 %-იანი წილი გადაეცა მარინა ვასილიევა-ხარაბაძეს. ამჟამად მარინა ვასილიევამ აღნიშნული წილი ხელშეკრულებით დაუთმო ვინმე მერაბ საბაძეს და დღეის მდგომარეობით, ბატონი საბაძე არის ტელეკომპანია „გურიის“ 100 %-იანი წილის მფლობელი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ 30 ნოემბრიდან დღემდე უზენაესი სასამართლოს მხრიდან ხდებოდა ჩვენი მხარის მოტყუება, თითქოს საქმე იყო განხილული.

 

შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე იყო გაგზავნილი უკვე ქუთაისის სააოპელაციო სასამართლოში, შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე არ ყოფილა გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, უკვე ორი დღის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საქმეზე თურმე საერთოდ არ ყოფილა დამდგარი განჩინება და არ ყოფილა საქმე დასრულებული. ამის შემდეგ, როდესაც 6 დეკემბერს სრული მოცულობით გადამიღეს საქმის მასალები და 9 დეკემბერს გადმომეცა აღნიშნული საქმის მასალები, უკვე  9 დეკემბერს ჩვენ გვეცნობა, თითქოს 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქმეზე უკვე გადაწყვეტილება იყო გამოსული, რითაც ჩვენ აღნიშნული საქმე წავაგეთ. ყველაფერი ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლების მხრიდან და კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას (დაწყებული საქმის წარმოებაში მიღების განჩინებიდან, დამთავრებული გადაწყვეტილებამდე), უკანონო და დაუსაბუთებელია. ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავთ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე, საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა რესურსს რომ ამოვწურავთ, ჩვენი მხარე მზად არის, საქმე გააგრძელოს საერთაშორისო რესურსზე, ანუ სტრასბურგშიც წავიღებთ საქმეს.

 

ასევე, ამ პერიოდში მივმართავთ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და ვაცნობებთ, როგორ ილახება დამუკიდებელი მედიის უფლებები საქართველოში. ჩვენი ღრმა რწმენით, და საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ამ ყველაფერში ჩართულია ხელისუფლება. ამის თქმის საშუალებას საქმეში ასახული გარემოებები გვაძლევს. ამიტომ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რომ უზენაესი სასამართლოს მხრიდან - მოსამართლეთა კორპუსის, ასევე, აპარატის თანამშრომელთა მხრიდან, საქმის გაყალბება დღემდე მიმდინარეობს. ამდენად, მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გამოძიებიას დაწყებას.

 

მარინა ვასილიევა 308 756 აშშ დოლარს ედავებოდა თქვენს კლიენტს, რის გადახდასაც აპირებდით.

- დიახ, თანახმა ვიყავით, ეს თანხა მთლიანად გადაგვეხადა, რადგან გვინდოდა, დავა მორიგებით დასრულებულიყო. ჩემს მხარეს აინტერესებდა ტელევიზია და თანახმა იყო, საერთოდ გადაეცა აღნიშნული თანხა. აქედან გამომდინარე, იმის საჭიროება აღარ იყო, რომ წილი გადაცემულიყო. რასაც ედავებოდა ეს ადამიანი (ქეშ-ფულს), ჩვენი მხარისგან მზადყოფნა იყო, ეს ქეში თანხა გადაცემოდა და არა წილი. ხოლო სასამართლოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ თანხა არ გადაგვეცა და ჩვენ დაგვაყენეს იმ რეალობის წინაშე, რომ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, ჩაგვერიცხა ეს თანხა.

 

რატომ დაუთმო მარინა ვასილიევამ ტელევიზიის წილი 80 ათას აშშ დოლარად მერაბ საბაძეს, მაშინ, როცა 308 756 აშშ დოლარს გედავებოდათ?

- დიახ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 80 ათას აშშ დოლარად დაუთმო, ანუ 240 ათასად ნაკლებად, ვიდრე დავობდა.

 

თუ გამართულად არ მუშაობდა ტელევიზია, რატომ დააინტერესებდა ხელისუფლებას?

- რათა იქ არ შესულიყო სხვა ხედვის, ამ შემთხვევაში, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი.

 

ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

- არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ივანიშვილი, თუ ბერეზოვსკი, მთავარია, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა სხვა ხედვის ადამიანი მართვის გუნდში.

 

კონკრეტულად სად იკვეთება ხელისუფლების ინტერესი?
- ინტერესია იქ, რომ წილი გადაცემულიყო კონკრეტულად მარინა ვასილიევა-ხარაბაძეზე და ჩვენ არ მიგვეცა მისთვის ის თანხა, რასაც ის ითხოვდა, ანუ უზენაესმა სასამართლომ მოგვისპო გზა, რომ მხარესთან მოვრიგებულიყავით. ამიტომ შევიტანთ საჩივარს, რომ დაიწყოს წინასწარი გამოძიება გაყალბებაზე.