მგლები, ანაკლია და ექსტრემალები

მგლები, ანაკლია და ექსტრემალები


“იქ, სადაც უწინ ჩხაოდა ტურა, ჩვენ ავაშენეთ ასპირანტურა” - ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ ასე იწონებდა თავს საბჭოთა ხელისუფლება ხალხის წინაშე. მას შემდეგ მართლაც ბევრმა წელმა და წყალმა ჩაიარა, მაგრამ ვითარება საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ “იქ, სადაც ახლა არის ჰოტელი, ხვალ-ზეგ იქნება მგლების “სოფელი”. 

ვიღაცას ეს შეიძლება მართლაც სახუმაროდ მოეჩვენოს, მაგრამ ვითარება ამის თქმით საფუძველს ნადვილად იძლევა. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მგლები მთელი საქართველოს მთიანეთსა და მთისწინეთში დათარეშობენ. ახლა კი არათუ ბარში ჩამოვიდნენ, ზღვისპირეთსაც მიაშურეს და „საერთაშორისო“ დონის კურორტ ანაკლიასთან მოიკალათეს. ეტყობა, სააკაშვილის ტრაბახმა გარეული ცხოველების ყურამდეც მიაღწია და საკუთარი თვალით გადაწყვიტეს არსებული ინფრასტრუქტურის მონახულება.

13 დეკემბრის ღამეს ანაკლიის მახლობლად, სოფელ ერგეთაში მგლებმა ცხენები დაგლიჯეს. როგორც სოფლის მაცხოვრებელი თამილა ლომიშვილი აცხადებს, რამდენიმე დღის წინათ მგლებმა 4 ცხენი შეჭამეს, წუხელ კი მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდა.

“მოსახლეობა შეშინებულია, რადგან ცხოველების გარდა, მგლები საფრთხეს ადამიანებისთვისაც წარმოადგენს. ბავშვებს სკოლაში ყოველდღიურად 6-7 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით და გვეშინია, თავს მგლები არ დაესხან, შესაბამისად, მათ სკოლაში ვეღარ ვუშვებთ”, - განაცხადა ლომიშვილმა. მისივე თქმით, მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის და დახმარებას ითხოვს.

სააგენტო “პირველი” ვითარებაში გასარკვევად ერგეტას რწმუნებულს სოსო გულიას დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს უკვე ეცნობა და სოფელში მონადირეებს ელოდებიან.

ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა პრეზიდენტი სააკაშვილს ანაკლიას მსოფლიოს ტურისტულ ცენტრებს ნიცასა და კანს ადარებს და აცხადებს, რომ ბათუმი იმავე არქიტექტორის მიერ არის აშენებული, ვინც ნიცა ააგო. თანაც სააკაშვილი ორივე ქალაქში გაისად ტურისტების მოზღვავებასაც ელოდება.

მგლები კი არა მარტო ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ბევრ სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში დათარეშობენ. თუშეთში, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად განიხილება, მგლები შინაურ ცხოველებს თითქმის ყოველდღიურად ესხმიან. ასეთივე ფაქტია კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარასა და თითქმის ყველა რეგიონში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მაგრამ ამაოდ.
მგლებს ხელისუფლება აგერ უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ებრძვის. ასე რომ, ანაკლიასთან გამაგრებულ მტაცებელ ცხოველებთან შერკინებაც, სავარუდოდ, მთავრობის მიერ შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის მარცხით დასრულდება. გამოდის, რომ თითქოს გამოსავალი არ არსებობს. 

თუმცა, როგორც ამბობენ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მაგალითად, სასწრაფოდ, ანუ მომავალ ზაფხულამდე ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია უნდა გადაკეთდეს ღია ზოოპარკად. ამ ზოოპარკში მგლები თავისუფლად ინავარდებენ, ხოლო ტურისტები ერთდროულად ევროპული დონის კურორტზეც დაისვენებენ, ზოოპარკსაც მოინახულებენ და ექსტრემალურ ტურიზმსაც ეზიარებიან. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ასეთ ზოოპარკში მოსეირნე ტურისტს მგელთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების სრული გამოვლენა მოუწევს როგორც სპრინტში, ისივე საშუალო და გრძელ დისტანციებზე სირბილში. ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფაც პიკური იქნება, შესაბამისად, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები სრული პაკეტით ისარგებლებენ. 

და იცით, რამდენს იხდიან ექსტრემალური ტურებისთვის ცნობილ ტუროპარტორებთან? ანდა იცით, რამდენს იღწვიან კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები იმისათვის, რომ “იქსთრიმის” მოყვარულებს სპეციალური გარემო რომ შეუქმნან? ჰოდა, ჩვენ ბუნებამ მოგვცა ასეთი შანსი და არ გამოვიყენოთ?