პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისთვის მოსახლეობასთან სატელევიზიო დიალოგის გამართვა ყოველწლიურ რიტუალს წარმოადგენს. თუმცა წლევანდელ დიალოგს უჩვეულო სიმწვავე დაჰკრავდა - პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფონი ის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო, რომელიც 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.
მოსახლეობასთან სატელევიზიო დიალოგის დროს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ იმ ხალხის ნაწილს, ვინც 4 დეკემბრის არჩევნების შედეგი გაყალბებულად მიიჩნია და საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა, ამისათვის ფულს უხდიდნენ. პუტინი თვლის, რომ არჩევნების შედეგი ზუსტად ირეკლავს ქვეყანაში არსებულ „ძალთა ბალანსს“.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაცემულ ტელედიალოგში პუტინი პირველად გამოეხმაურა იმ ათიათასობით პირს, რომლებმაც შაბათს მონაწილეობა მიიღეს ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ აქციაში. ისინი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაყალბდა: „ის, რომ ხალხი თავის შეხედულებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, - ეკონომიკის, სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში, - აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, ცხადია, თუკი ყველა კანონის ჩარჩოებში მოქმედებს. მოველი, რომ ასეც იქნება. ტელევიზორით ვიხილე დემონსტრანტები - ძირითადად ახალგაზრდები, აქტიურები, თავიანთი პოზიციით, რომელსაც ისინი ცხადად და გასაგებად აყალიბებენ. ეს მახარებს. და თუკი ეს არის პუტინის რეჟიმის შედეგი, მაშინ საქმე კარგ მოვლენასთან გვქონია.“
ამასთან, პუტინმა ირონიული შენიშვნა გამოთქვა იმ დემონსტრანტების მისამართით, რომლებსაც სოლიდარობის ნიშნად თეთრი ლენტი ეკეთათ. ეს შიდსთან ბრძოლის პროპაგანდა მეგონაო, განაცხადა და დასძინა, უკაცრავად, მაგრამ ჩავთვალე, რომ კონტრაცეპტივები ეკეთათ, ოღონდ ვერ გავიგე, უცნაურად რატომ ჰქონდათ გაშლილიო.
პუტინმა ასევე რამდენიმე განცხადება გააკეთა რუსეთის საშინაო საქმეებში დასავლეთის ჩარევაზე და მიანიშნა, რომ დემონსტრანტების ნაწილს იქ მისვლისთვის ფულს უხდიდნენ. ვიცი, რომ სტუდენტებს გარკვეული თანხა გადაუხადეს. კარგია, თუკი რაღაცის გამომუშავება შეძლესო“, - განაცხადა მან. პუტინმა სხვა დემონსტრანტებს მოუწოდა, ოპოზიციას არ მისცეთ თქვენით მანიპულირების საშუალებაო.
პრემიერ-მინისტრმა უარყო ბრალდებები, რომ არჩევნების შედეგი გაყალბდა. ამ შედეგით მის პარტიას, „ედინაია როსიას“, ხმათა 50 პროცენტზე ოდნავ ნაკლები მიენიჭა, რაც უფრო ცოტაა, ვიდრე წინა არჩევნების შედეგი იყო, თუმცა, ცხადია, „ედინაია როსია“ ყველა სხვა პარტიაზე ბევრად მეტი მანდატის მფლობელი იქნება: „ჩემი აზრით, ამ არჩევნების შედეგი ერთმნიშვნელოვნად ასახავს ქვეყანაში რეალურად არსებულ ძალთა ბალანსს. და არც ისაა გასაკვირი, რომ მმართველმა პარტიამ - „ედინაია როსიამ“ - გარკვეული პოზიციები დაკარგა. ჩვენ ხომ კრიზისის ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. შეხედეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ბევრი მიიჩნევს პირველ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც ხელისუფლებას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა. ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს და კრემლში დაბრუნდება - 2008 წელს ამ პოსტის დმიტრი მედვედევისთვის გადაბარების შემდეგ.
პუტინი 15 დეკემბრის ტელედიალოგში ამ არჩევნების პატიოსნად ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მისთვის ჩვეული პროვოკაციული სტილით, ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინსაც გამოეხმაურა, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რუსეთს არაბული გაზაფხული უახლოვდებაო. „შეგახსენებთ, რომ ის ვიეტნამში იბრძოდა. ხელები ხალხის სისხლით აქვს დასვრილიო“, - განაცხადა პუტინმა მაკკეინზე, რომელმაც ხუთ წელიწადზე მეტი დაყო სამხედრო ტყვედ ჩრდილოეთ ვიეტნამში, სადაც ის წამების მსხვერპლიც გახდა. „მას ეკრანებზე სისხლიანი კადრების ყურება მოსწონს - ისეთის, როგორიც კადაფის მკვლელობა იყოო“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის ლიდერებმა ბოლომდე არ იბრძოლეს, რათა თავიდან აეცილებინათ ამ ქვეყნის დაშლა.
რუსეთის ინტერნეტსივრცეში პუტინის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქტიურად განიხილებოდა სიტყვები „პუტინი“, „მაკკეინი“ და „კადაფი“ - ისევე როგორც „ბოტოქსი“, იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომ პუტინმა ახლახან პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა.
„მორჩა. ეს დასასრულია. პუტინი საერთოდ ვერ გრძნობს რეალობას. და ეს ყველასთვის სულ უფრო გასაგები ხდება. ხალხისთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენებას დიდი მონდომება სჭირდებოდაო“, - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც თავი ოლეგ კოზირევად წარადგინა.
780
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85