მსჯავრდებულ ნიკოლოზ მირზაშვილს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩამოხრჩობით ემუქრებიან, ხოლო მისი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს კი ჰპირდებიან, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. ამის შესახებ თავად მამუკა ნოზაძემ გვითხრა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე 9 დეკემბერს “ობიექტივის“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნე პირველი წერილი სათაურით - პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, “დასკოჩეს“ და სცემეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ წამების ამგვარი ფორმების გამოყენების მიზეზი გახდა მსჯავრდებულ მირზაშვილის მხრიდან მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა.
იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვა ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტის გახმაურებას, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისე N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, მამუკა ნოზაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში მსჯავრდებულ მირზაშვილის შესახებ არაფერი წერია. იქ მხოლოდ იმის წაკითხვა შეგიძლიათ, რომ “არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მორაგბეთა კლუბ “თსუ-ს“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებმა ამხანაგური მატჩი გამართეს“ და რომ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად რუსთავის №16 დაწესებულებაში პურის საწარმო გახსნა“...
ჯერჯერობით არც სახალხო დამცველის ვებგვერდზე (ახალი ამბების ჩამონათვალში) დევს რაიმე ინფორმაცია, ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოლოს 13 დეკემბერს შეხვდა.
მამუკა ნოზაძე: 9 დეკემბერს “ობიექტივზე“, “პრესაგე.ტვ“-ზე, “ღია ბოქლომსა“ და 12 დეკემბერს გაზეთ “ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული სტატიები N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს “ყურადღებით“ წაუკითხავთ. დირექტორმა მის კაბინეტში განმიცხადა, რომ ის, რაც დაიწერა, მოგონილია და რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ დავამტკიცებთ. ასეთი ცინიკური დამოუკიდებულება უკვე ადასტურებს მის დანაშაულებრივ ქმედებას.
სანამ დირექტორი ამას მეტყოდა, მანამდე ამ თემაზე ნიკოლოზ მირზაშვილს ესაუბრნენ, ისეთი ფორმით, როგორც მათ სჩვევიათ, ოღონდ ამჯერად არ უცემიათ.
რა უთხრეს პატიმარს?
- პატიმარს უთხრეს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია წაიკითხეს და თუ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, ჩამოახრჩობენ. როგორც ნიკოლოზ მირზაშვილმა განმიცხადა, პირდაპირ ასე უთხრეს - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩვე“.
მიმდინარე წლის ნოემბერში მან მოძღვარს უთხრა, რომ თუ მას ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, ეს არ იქნებოდა მისი გაკეთებული. ამის შესახებ 8 ნოემბერს პროკურატურას წერილობით ვაცნობე. ახლა ჩემთან საუბრისას მირზაშვილმა იგივე გაიმეორა. მითხრა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, თავის მოკვლას არ აპირებს და თუ მას საკანში ჩამომხრჩვალს იპოვნიან, ეს მისი გაკეთებული არ იქნება.
აცნობეთ თუ არა ევროპულ სასამართლოს, მირზაშვილის წამების ფაქტზე?
- ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი წერილი უკვე თარჯიმანთან არის და 20 დეკემბერს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სტრასბურგში გავგზავნი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მორიგი განცხადება 12 დეკემბერს შევიტანე, რომლის ასლსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ევროპულ სასამართლოში გადავგზავნი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მირზაშვილის წამების ფაქტს დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, ევროპულ სასამართლოს ვაცნობებ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის წამების ფაქტის შესახებ, იმის აღსანიშნავად, თუ წამების როგორ მეთოდებს ამკვიდრებენ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში, სადაც ამავდროულად კლანური მმართველობაა გამეფებული, ისევე, როგორც ზოგადად ციხეთა სისტემაში.
მაგალითები დაასახელეთ.
- კი ბატონო - N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი არის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური. ამ დაჯგუფებაში შედიან გიორგი ავსაჯანიშვილი და ალექსანდრე თოლორდავა. პატიმრების ცემა-წამება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება უშუალოდ ვაჟა ცხვედიანის მითითებებით ხდება.
ცხვედიანის ცოლი იქვე, გლდანის N8 დაწესებულებაში მუშაობს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძის ძმა ვაჟა ცხვედიანთან, რეჟიმის განყოფილებაში მუშაობს...
ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. ისინი ხელმძღვანელობენ ყაჩაღური, ძალადობრივი და ფაშისტური მეთოდებით. მათ მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი წამების მეთოდები არის პიკი ოცდამეერთე საუკუნეში.
რა რეაგირება მოჰყვა თქვენს მიერ 9 დეკემბერს, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც უფლებადაცვით სფეროსთან შეხება აქვს?
- მირზაშვილის წამების ფაქტით მხოლოდ პრესის ჟურნალისტები დაინტერესდნენ. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (მათ შორის ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას“) პროტესტი უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში არსებულ ყველანაირ უკანონობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. რეალურად კი ახლა მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულები, პარლამენტართა რაოდენობა გაიზრდება თუ იგივე დარჩება და ვის რამდენი მანდატი შეხვდება.
არადა, ამაზე მნიშვნელოვანია იგივე ნიკოლოზ მირზაშვილის სიცოცხლე, იგივე კახაბერ ბარათაშვილის სიცოცხლე, რომლის მიმართაც წამების დაახლოებით იგივე მეთოდები გამოიყენეს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ადგილას მიხეილ სააკაშვილი, რომ იყოს, მირზაშვილისა და ბარათაშვილის წამების ფაქტებზე აურზაურს ატეხდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით - ადვოკატს, პატიმრის ოჯახის წევრებს შეხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის პატიმრის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დაინტერესდებოდა და მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ ხდება დანაშაულზე რეაგირება და როგორ მფარველობს ხელისუფლება ციხის ჯალათებს.
პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, თუ ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებით მართლაც არიან დაინტერესებულები, ვფიქრობ, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მირზაშვილი აწამეს, ბარათაშვილი, ბაგრატიონი, თუ რომელიმე ცნობილი ოჯახის შვილი. ის რომ ციხეში ადამიანს აწამებენ, არის ქვეყანაში საგანგაში მდგომარეობის მანიშნებელი და ამ ფონზე უფლებადამცველების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასიურობა საკვირველია. მინდა საპატრიარქოსაც მივმართო, რომ ამ წამებაზე, ძალადობაზე ხმა აიმაღლონ.