სოფლის მცხოვრებს თავის გამოკვებაც კი არ შეუძლია

სოფლის მცხოვრებს თავის გამოკვებაც კი არ შეუძლია

სოფლის მეურნეობის განვითარების დონე კატასტროფულ მაჩვენებელს აღწევს. საერთოდ თუ აქვს ამ დარგს პერსპექტივა საქართველოში ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არადა საქართველოს მოსახლეობის 47% სოფელში ცხოვრობს და ამ დარგშია დასაქმებული.

 

სოფლის მეურნეობა, მრეწველობასთან ერთად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიწა, სოფელი და სასოფლო სამეურნეო წარმოება, ქართველი კაცისათვის განსაკუთრებული ფასეულობებია. საქართველო უძველესი აგროკულტურის, ვაზისა და ხორბლის კულტურის ქვეყანაა. შესაბამისად, მიწათმოქმედება ჩვენთვის არა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესის და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ფაქტორია. არადა, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 3/5-ზე მეტი.

 

ექსპერტის, სოსო არჩვაძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაში 2003 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც 1,7%-ით და მეტად. შესაბამისად, წლიდან წლამდე მცირდება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. 2009 წლისთვის იგი, 1996 წელთან შედარებით, ზუსტად 4-ჯერ, ხოლო 2003 წელთან შედარებით, 2.3-ჯერ შემცირდა და მხოლოდ 8.3 პროცენტი შეადგინა.

 

ეს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობაზე მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57 პროცენტი, დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულების 30.5 პროცენტი. ბოლო წლებში აღნიშნული თანაფარდობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, თუმცა უმუშევართა საერთო რაოდენობაში სოფლად მცხოვრებთა წილი საგრძნობლად გაიზარდა - 2003 წლის 20.8 პროცენტიდან 2009 წლის 26.4 პროცენტამდე.

 

აღნიშნული პროპორციები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში უკიდურესად დაბალია, იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ეროვნულ დონეს და ეს ჩამორჩენა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად, შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე - დამატებული ღირებულების სიდიდე, საშუალოდ, ერთ დასაქმებულზე - შეადგენს 10.8 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში - თითქმის 27.0 ათასი ლარი, - ამბობს სოსო არჩვაძე.

 

მისი თქმით, შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში თუ 1998 წელს შეადგენდა საშუალო ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 45 პროცენტს, 2003 წელს იგი დაეცა 30 პროცენტამდე, ხოლო 2009 წელს - 13 პროცენტამდე.

 

აღსანიშნავია, რომ თუ ამ დარგის შრომის მწარმოებლურობას შევადარებთ სხვა დარგების საშუალო მწარმოებლურობას, აღმოვაჩენთ, რომ 1998 წელს შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 4-ჯერ ჩამორჩებოდა ამ დარგების საშუალო მაჩვენებელს, 2003 წელს- 7.4-ჯერ, ხოლო 2009 წელს - უკვე თითქმის 19-ჯერ.

 

ამჟამად სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება, დაახლოებით, 70 აშშ დოლარის ეკვივალენტური დამატებული ღირებულება, რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე 7 პროცენტით ნაკლებია.

 

აღნიშნული დარგის ჩამორჩენაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილად მოდის მხოლოდ 21 პროცენტი (საშუალოდ ქვეყანაში - 6 პროცენტი), ხოლო ამ შინამეურნეობათა აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 28 პროცენტი ღებულობს სასაქონლო სახეს, დანარჩენი 72 პროცენტი - ნატურალური შემოსავლებია.

 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი – არსებობს ძალიან მგრძნობიარე ინდიკატორი, რომ მოცემული ქვეყნის რამდენი მცხოვრების გამოკვება შეუძლია სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს თავისი საქმიანობით. განვითარებული ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს აღწევს. ფორმალურად სოფლად ერთ დასაქმებულზე ჩვენთან ქვეყნის 4.2 მცხოვრები მოდის (1988 წელს - თითქმის 7 მცხოვრები), მაგრამ თუ რეალურად დამატებული ღირებულების მოცულობას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ აღმოჩნდება, რომ დღევანდელ პირობებში ერთ დასაქმებულს საშუალოდ თავისი გამოკვებაც კი არ ძალუძს. რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში, ვაჭრობა, მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა.

 

არჩვაძის ინფორმაციით, დღეისათვის ადგილობრივი წარმოების წილი გამოყენების საერთო მოცულობაში შეადგენს: ხორბალი - 7.2%, სიმინდი - 76%, კარტოფილი - 82.8%, ბოსტნეული - 67.1%, ხორცი - 45.7%, რძე - 88.7%, კვერცხი - 96.4%. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2/3-ს, ხოლო თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5-ს შეადგენს.

 

სოფლის მეურნეობა რომ ამ მთავრობის ინტერესს არ წარმოადგენს, ამაზე განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელიც მიუთითებს. სოფლის მეურნეობის წილად ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების მხოლოდ 0.7 პროცენტი მოდის.

და ბოლოს, სპეციალისტების განცხადებით, თუ სურს მთავრობას, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესდეს და ქვეყანაში შიმშილმა არ დაისადგუროს, უნდა შემუშავდეს ამ დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია. ბიუჯეტიდან კი სოფლის მეურნეობის დაფინანსება მინიმუმ 4,5%-მდე, ანუ ოთხჯერ და მეტად უნდა გაიზარდოს. სახელმწიფოს მონაწილეობით კი უნდა შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კომერციული რისკების დაზღვევის გამართული და ეფექტურდა ფუნქციონირებადი სადაზღვევო სისტემა.