ტელეკომპანია

ტელეკომპანია "გურიას" განაჩენი მოსამართლის მანტიაში გამოწყობილმა "პროკურორმა" გამოუტანა


18 თვის წინ, ხელისუფლება ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც მისთვის ყველაზე უმნიშვნელო ტელეკომპანიებიც კი განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენდნენ.

18 თვის წინ, ხელისუფლებას არ ჰყავდა ოპონენტი, რომელიც საჯაროდ განაცხადებდა, რომ დაეხმარებოდა ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას.

18 თვის წინ, ხელისუფლებისთვის კანტი-კუნტად შემორჩენილი დამოუკიდებელი მედიასივრცეები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

რატომ მაინცდამაინც 18 თვე? იმიტომ, რომ სწორედ ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა უზენაეს სასამართლოს ტელეკომპანია "გურიას" საქმე თაროზე შემოდებული.

არადა, კანონის თანახმად, საკასაციო პალატას განხილვის ექვსთვიანი ვადა აქვს. "გურიას" საქმე 2010 წლის 17 მაისს იქნა წარმოებაში მიღებული და გადაწყვეტილება, მაქსიმუმ, 2010 წლის 18 ნოემბერს უნდა დამდგარიყო, მაგრამ 18 თვესა და დარღვეულ ვადებს არავინ შეუწუხებია....

ალბათ, კიდევ ამდენივე ხანი ექნებოდათ ეს საქმე განუხილველი და საერთოდაც არ გაახსენდებოდათ, რომ არა რამდენიმე ფაქტორი.

პირველი, რამაც უზენაეს სასამართლოს 18 თვის შემდეგ ამ საქმის მყისიერი განხილვა გადააწყვეტინა, თანაც მხარეთა დასწრების გარეშე, ის გარემოება გახლდათ, რომ ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ტელეკომპანიის შესყიდვაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ტელეკომპანიას ვანო ჩხარტიშვილის სახელსაც უკავშირებდნენ.

მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კი ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თავისუფალი მედიის როლი, ცდილობს, რეგიონებში არ დაუშვას ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების გამოჩენა, რომელიც, შესაძლოა, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გურიის ტელევიზიის ყოფილი მფლობელის, მერაბ სიორიძისა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის მარინა ვასილევა-ხარაბაძის დავას. ხარაბაძე მერაბ სიორიძეს 308 000 აშშ დოლარს ედავებოდა და ამასთანავე, ითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც გურიის ტელევიზიის 100-პროცენტიანი წილი მერაბ სიორიძემ მის შვილს ხათუნა სიორიძეს გადასცა.

ტელეკომპანია "გურიას" გარშემო 1991 წელს დაწყებული დავის შედეგი, უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა ცნობილი.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია "გურიას" 100%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქე, მარინა ხარაბაძე-ვასილევა გახდა და მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხათუნა სიორიძის ადვოკატის თედო კობახიძის განმარტებით, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რადგან ხათუნა სიორიძეს არ ჰქონდა ჩაბარებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქმე იხილებოდა. კობახიძის თქმით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება ვინმე მალხაზ საბაძე.

უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ტელეკომპანიას ახალი და საზოგადოებისთვის უცნობი მფლობელები ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მედიისგან და ამ საქმიანობისგან საკმაოდ შორს მდგომები და საქმის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი მთავარი მიზანი ტელეკომპანიიდან ფულის ამოღებაა.

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ტელეკომპანიის მფლობელებად ის ადამიანები ვიხილოთ, რომლებიც კარგად ფლობენ ტელევიზიის მართვის ბერკეტებს, ოღონდ ხელისუფლების სასარგებლოდ.

აურზაური "გურიის" გარშემო ასე დაიწყო...

სიორიძის გაყალბებული ხელმოწერა და 10 მილიონი რუსული რუბლი 

1991 წელს, მარინა ვასილევამ ტელეკომპანიის განვითარებისთვის 10 მილიონი რუსული რუბლი ჩადო და ტელეკომპანიის 50%-იანი მეწილე გახდა.

2003 წელს, ვასილევამ პროკურატურას მიმართა – სიორიძემ ჩემ მიერ ჩარიცხული თანხა თაღლითური გზით მიითვისა და ამით ზიანი მომაყენაო. მან ოზურგეთის სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება – მერაბ სიორიძისთვის 308 756 აშშ დოლარის დაკისრება და ხათუნა და მერაბ სიორიძეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, მაგრამ საქმის განხილვა შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. თუმცა, მანამდე, მერაბ სიორიძე პროკურატურამ დააკავა და საქმეში მის მიერ ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებაც დევს.

ამ დავის პარალელურად, მერაბ სიორიძემ ტელეკომპანიაში არსებული თავისი 100%-იანი წილი მის შვილს, ხათუნა სიორიძეს აჩუქა. მას შემდეგ, რაც მარინა ვასილევამ შეიტყო, რომ სიორიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოს მიმართა სამოქალაქო სარჩელით.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ვასილევას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ამასთან, ოზურგეთის სასამართლომ მერაბ სიორიძის მიერ ხათუნა სიორიძისთვის ტელევიზიის ჩუქების ხელშეკრულებაც გააუქმა.

ეს გადაწყვეტილება სიორიძეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2006 წლის 24 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობას კი საქმეში ჩადებული საბუთი ადასტურებდა მისივე ხელმოწერით, თითქოსდა, მან სასამართლოდან გაგზავნილი უწყება ჩაიბარა.

არადა, იმ პერიოდში, მერაბ სიორიძე საქართველოში არ იმყოფებოდა და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის შესახებ იცოდა. ოფიციალური მონაცემებით, მან საქართველო 2006 წლის 2 ივლისს დატოვა და 2008 წლამდე საქართველოში არ შემოსულა.

ვინ გააყალბა მისი ხელმოწერა, დღემდე დაუდგენელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა და მარინა ვასილევამ ტელეკომპანია "გურიას" ასპროცენტიანი წილი აუქციონზე შეიძინა.

მოგვიანებით მერაბ სიორიძემ, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გაასაჩივრა 2006 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ იმ მოტივით, რომ მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო.

2010 წლის 11 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წელს ოზურგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა და მერაბ სიორიძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რის საპასუხოდაც მარინა ვასილევამ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

ამ ამბავში მეტად საინტერესოა ერთი დეტალი: 1991 წელს, სიორიძესა და ვასილევას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვასილევას მოგების 50% კვარტალში ერთხელ უნდა მიეღო. მას ეს მოგება არც თავიდან მიუღია და არც შემდეგ. მაგრამ, რატომღაც, 12 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მიყენებული ზარალი გახსენებოდა და დავა 2003 წლიდან დაიწყო.

თავდაპირველად მან სამტრედიის პროკურატურას მიმართა და 2003 წელს, მერაბ სიორიძე დაიჭირეს. მას ბრალი თაღლითობაში წარედგინა და ნაწილობრივ დამნაშავედ სცნო კიდეც თავი, ანუ დაეთანხმა ბრალს 10 000 000 რუსული მანეთის თაღლითური გზით მითვისების თაობაზე.

2004 წელს ის მეორედ დაკითხეს და უკვე აღარ ცნო თავი დამნაშავედ. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2005 წლის 14 ივნისის დადგენილებით, მერაბ სიორიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ის სასამართლო დავები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელთა საბოლოო შედეგი სულ რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოში დადგა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! 

ასეთი ვერდიქტი გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ მარინა ხარაბაძე-ვასილევას სასარგებლოდ 18-თვიანი დუმილის შემდეგ.

მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლო საკასაციო წესით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხილავს საქმეს.

სწორედ 18-თვიანი დუმილის შემდეგ გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ, რომ ტელეკომპანია "გურიას" საქმე მისი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.

რატომ გახდა ესოდენ დიდი მნიშვნელობის საქმე, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულების ბათილობასა და ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა?!

რატომ გადააწერეს საკმაოდ გამოცდილი მოსამართლის, მაია სულხანიშვილის საქმე ვასილ როინიშვილს?!

რატომ იმსჯელეს ამ საქმეზე დაჩქარებული წესით და ვის ჩააბარეს ესოდენ მივიწყებული საქმე?!

საქმის განმხილველი შემადგენლობის მომხსენებელი მოსამართლე და თავმჯდომარე გახლდათ კოტე კუბლაშვილის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ვასილ როინიშვილი.

ავტობიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როინიშვილის მოღვაწეობის დიდი ნაწილი პროკურატურას უკავშირდება 2004-დან 2009 წლის ჩათვლით: 11.2008 – 10.2009 – მთავარი პროკურორის მოადგილე; 12.2006– 12.2008 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 06.2004 –12.2006 – საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 02.2004 – 06.2004 –საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.

როგორც ჩანს, მედიის ბედს სხვას არავის ანდობენ, თუ არა პროკურატურის გამოცდილ მუშაკებს და არც ის არის შემთხვევითი, რომ სასამართლომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი კანონისმიერი ვალდებულება, ხელი შეეწყო მხარეებისთვის მორიგების მიღწევაში.

ადვოკატ თედო კობახიძის თქმით, დავასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და შესაძლებელი იყო საქმე მორიგებით დასრულებულიყო, რის გამოც საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა, მორიგების შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანდა ან საერთოდ შეუძლებელს გახდიდა.

უზენაესმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მორიგება არ შემდგარიყო... ამ ეტაპზე, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

სტრასბურგამდე კი ძალიან შორი გზაა გასავლელი...

P.S. მასალის მომზადების პერიოდში ჩვენ დავუკავშირდით მარინა ხარაბაძე-ვასილევას წარმომადგენელს, ნანა აფხაიძეს, რათა მათი მხარის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ის არ გახლდათ მარინა ვასილევას ადვოკატი. მას შემდეგ, რაც განვუმარტეთ, რომ ყველა ოფიციალურ საბუთში ის იყო მოხსენიებული, აღარ უარუყვია ეს ფაქტი. თუმცა, გაგვიცხადა, რომ მისი მარწმუნებლის ნებართვის გარეშე ის ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ აუკრძალა მას მარინა ვასილევამ მედიასთან კონტაქტი, განაცხადა, რომ რაიმე სახის აკრძალვა არ ჰქონია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს: "მე თვითონ მიკავშირდება ხოლმე მარინა ვასილევა და ვკითხავ, რამდენად მიზანშეწონილიად მიაჩნია მას კომენტარის გაკეთება, მანამდე კი ვერაფრით დაგეხმარებით".

რაც შეეხება რაიმე სახის გარიგებას მერაბ სიორიძესთან, ნანა აფხაიძემ თქვა, რომ ამის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.