ზვიად მახარაძე, "რეზონანსი"
გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, თითქოს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ შეხვედრაზე ქართულმა დიპლომატიამ მორიგი "გარღვევა" განახორციელა და საქართველოს "ასპირანტი ქვეყნის" (ფთზშკფტე სწგტეკნ) სტატუსი "მიენიჭა", მორიგი პიარი აღმოჩნდა.
მეტიც, ამ შეხვედრაზე საქართველოს წევრობა-არწევრობა განსახილველ საკითხს საერთოდ არ წარმოადგენდა.
ნატოს კომუნიკეში მართლაც ოფიციალურად ასახულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და დაფიქსირებულია ახალი სტატუსი "ასპირანტი," თუმცა როგორც "რეზონანსს" ბრიუსელში ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, ტერმინის - "ასპირანტი ქვეყანა" ოფიციალური განსაზღვრება ანუ ლეგალური აღწერა ნატოს ლექსიკონში არ არსებობს. ტერმინი "ასპირანტი" არ შეიცავს რაიმე იურიდიულ მნიშვნელობას და იგი აღწერილობითი ხასიათისაა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს სურვილი გახდეს ნატოს წევრი, თუმცა ასპირანტი ქვეყანა ოფიციალურ და სამართლებრივ დონეზე არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ქვეყნისაგან.ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სიტყვა "ასპირანტი" გამოხატავს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნატოს ბუდაპეშტის შეპირება ძალაშია და კარი კვლავ ღიაა.
არადა, რამდენიმე დღის წინ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთელ მსოფლიოსა და ქართველ ხალხს ამცნეს ნატოსაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯის შესახებ. მინისტერიალის განცხადებაში უწყინარი და უმნიშვნელო ჩანაწერი მოინათლა კიდევ ერთ დიდ წარმატებად და ახალი სტატუსის მიღებად.
ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ პირველმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა ხდება. როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ბარამიძემ განმარტა, რომ ეს არის სპეციფიკური ტერმინი.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ საქართველო დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს.
ნატოსათვის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად კვლავ ავღანეთი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით ხორციელდება ივლისში დაწყებული ადგილობრივი ძალებისათვის კონტროლის გადაცემის პროცესი.
ნოემბრის ბოლოს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ავღანეთის ძალები თავის თავზე აიღებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას კიდევ ექვს პროვინციაში, შვიდი პროვინციის დედაქალაქსა და 40 რაიონში. ეს კონტროლის გადაცემის მეორე ეტაპია და როგორც მინისტერიალის განცხადებაშია აღნიშნული, მისი დასრულების შემდეგ ავღანეთის მოსახლეობის ნახევრის უსაფრთხოებას უკვე ადგილობრივი ძალები დაიცავენ.
ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხდნენ, განსაზღვრონ ნატოს პოლიტიკა გარდამავალი ეტაპის დამთავრების შემდეგ. ჩიკაგოს სამიტისთვის მომზადდება ავღანეთის დახმარების ახალი გეგმა. როგორც გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ნატომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ავღანეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და ალიანსი იზრუნებს, რომ ეს ძალისხმევა ფუჭი არ აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა და კოალიციაში მონაწილე ქვეყნებმა უკვე განაცხადეს სამხედრო კონტინგენტების შემცირების შესახებ. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 ათსი ჯარისკაცის გამოყვანა. მომავალი წლის ბოლოსთვის 33 ათასი ამერიკელი დაბრუნდება სახლში, ეს კი წელს ივნისში, ავღანეთში მყოფი 101-ათასიანი კონტინგენტის თითქმის მესამედია.
გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, ჯარების გამოყვანა შეიძლება დაგეგმილ 2014-წელზე ადრეც კი დასრულდეს. ავღანეთში დარჩება მხოლოდ რამდენიმე სამხედრო ბაზა. ახალ გრაფიკს შეერთებული შტატები ჩიკაგოს სამიტზე წარადგენს.
ჯარების გამოყვანის პროცესი უკვე დაწყებულია. წლის ბოლომდე ქვეყანას დატოვებს კოალიციის 14 ათასი ჯარისკაცი. აქედან ამერიკაზე მოდის 10 ათასი, კანადაზე - 2 850, საფრანგეთზე - 400, ბრიტანეთზე - 400, პოლონეთზე - 200, დანიასა და სლოვენიას 120-120 მებრძოლი გამოჰყავთ.
დიდი ბრიტანეთი სასწრაფოდ ადგენს ჯარების გამოყვანის ახალ გარფიკს, რომლის მიხედვით 4000 ჯარისკაცი დაბრუნდება სახლში 2013 წლის ბოლოს, იგივე რაოდენობა 2014 წლის განმავლობაში.
2014 წლისათვის ბულგარეთს დაგეგმილი აქვს 600-კაციანი კონტინგენტის 4-ჯერ შემცირება. ყანდაღარში დარჩენილი მცირე კონტინგენტი ავღანეთის არმიის წვრთნით იქნება დაკავებული.
ფინეთი აპირებს 50 ჯარისკაცი დააბრუნოს სამშობლოში. ამის სანაცვლოდ დაგეგმილია ფინანსირების გაზრდა და ჩრდილოური ქვეყანა აქტიურ მონაწილიობას მიიღებს პოლიციური ძალების გაწვრთნაში.
საფრანგეთმა ოქტომბერში 200 ჯარისკაცი გამოიყვანა და წლის ბოლოსათვის კონტინგენტს იგივე რაოდენობით შეამცირებს. 2013 წლისათვის კონტინგენტი მეოთხედით შემცირდება.
გერმანია მომავალი წლის თებერვალისათვის 500 ჯარისკაცს გამოიყვანს, ხოლო 2013 წლის იანვრისათვის 5350 - კაციანი კონტინგენტი 4400-მდე შემცირდება.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად, ქვეყნის 1500-კაციანი კონტინგენტი ავღანეთს 2012 წლის დასაწყისში დატოვებს.
ნატოსა და კოალიციაში მონაწილე ქვეყნების მიერ სამხედრო კონტინგენტების შემცირების ფონზე უცნაურად გამოიყურება ჩვენი ხელისუფლების გადაწვეტილება, გაზარდოს საქართველოს მონაწილეობა უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში. ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 937 ქართველი მებრძოლია და მომავალ წელს მათი რაოდენობა სულ მცირე 650-ით გაიზრდება (თუმცა საუბარია კონტინგენტის გაორმაგებაზეც).
არადამაჯერებლად ჟღერს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადება (რომელიც მან რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა): "2014 წელს მოკავშირეები ვტოვებთ ავღანეთს. ამიტომ აბსოლუტურად გარანტირებული უნდა ვიყოთ, რომ დავტოვებთ ქვეყანას, სადაც ადგილობრივ არმიას და სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლებათ შეინარჩუნონ დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა."
782
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85