"ვერსიის" მასალების მიხედვით
"11 დეკემბერს მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში გაიმართა, თუმცა საზოგადოებას მაინც დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები - რას გააკეთებს და კონკრეტულად როგორ იმუშავებს მოძრაობაში შექმნილი 11 თემატური ჯგუფი, ვინ არიან მისი ლიდერები, აპირებს თუ არა ივანიშვილი პარტიის შექმნას და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებთან. უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე განმარტებების მისაღებად ბიძინა ივანიშვუილის მრჩეველთა საბჭოს წევრებს დავუკავშირდით", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას იწყებს! / შედგა თუ არა შეთანხმება სოზარ სუბართან და რა საკითხზე იწყება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მთაწმინდის რეზიდენციაში.
"როგორც 11 დეკემბერს ითქვა, ჩვენ წარმომადგენლობები რაიონებში გვეყოლება, პარალელურად დედაქალაქშიც გავფართოვდებით, დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. შეიქმნება თემატური ჯგუფებიც. სხვათა შორის თემატური ჯგუფები აბსოლუტურად ყველა არსებულ დარგს მოიცავს. მთავარია, რეალურად შევქმნათ ის სისტემები რომლის ფარგლებშიც ქვეყანა ფეხზე დადგება და უმოკლეს ვადებში გაძლიერდება. მე ვარ და ვიქნები საზოგადოებრიც მოძრაობაში, გამგეობის წევრი ვარ და თვალყურს ვადევნებ ჯგუფების მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდები სხვა ორგანიზაციებთან ვითანამშრომლო. ყველა საკითხი ფაქტობრივად დამუშავებულია. უახლოეს დღეებში თემატურ ჯგუფებში მუშაობას დავიწყებთ. თითოეული ჯგუფის პრეზენტაცია გვექნება და თითოეული მათგანის შემადგენლობასა და სამუშაო გრაფიკს შეიტყობთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" გამგეობის წევრი ირაკლი სესიაშვილი და შეკითხვას - "გამოდის, ისევ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ და ცალ-ცალკე ყველა თემატური ჯგუფის პრეზენტაციას ველოდოთ?" - პასუხობს:
"ის შეგრძნება, რომ მსგავსი თემატური ჯგუფები ადრეც არსებობდა, მაგრამ რეალურ შედეგს საზოგადოება ვერ იღებდა, ძალიან მალე გაგიქარწყლდებათ - ამ კონკრეტულ შედეგს ყველა მალე დაინახავს".
"დიდხანს ვმსჯელობდით, პრეზენტაციაზე სტრუქტურებში მოწვეულ პირთა წარმოჩენა მომხდარიყო თუ მთავარი აქცენტი მოძრაობის მიზანზე გაკეთებულიყო. საბოლოოდ, არჩევანი მიზნის წარმოჩენაზე გაკეთდა და მიზანს მივაღწიეთ კიდეც - საზოგადოებას მოძრაობის მთავარი გზავნილები გავაცანით. საზოგადოებრივი მოძრაობა ორი მიმართულებით გაშლის მუშაობას, რაც გაჟღერდა კიდეც პრეზენტაციაზე - შეიქმნება დარგობრივი თემატური მიმართულებები და ადამიანებს საშუალება მიეცემათ პირადად მიიღონ მონაწილეობა ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევის შემუშავებაში. რაც შეეხება დამატებით ჩვენს სამუშაოებს, ბატონი ბიძინა შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებს - გია ცაგარეიშვილს, კარლო კოპალიანს, თამაზ დიასამიძეს და დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ასევე შეხვდა სოზარ სუბარს. საჯარო შეხვედრები გაგრძელდება პოლიტიკურ პარტიებთანაც", - აცხადებს მრჩეველთა საბჭოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
"შემიძლია გითხრათ, ბატონი ბიძინა, სავარაუდოდ, არ შეხვდება იმ პარტიებს, რომლებიც თავად გამორიცხა თანამშრომლობის ასპარეზიდან. დანარჩენებთან შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელია. უბრალოდ, ახლა დაკონკრეტება გამიჭირდება. სოზართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაკეთდება განცხადება. გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების შეინაარსი, რომელიც შეჯერებული იყო სულისკვეთებით - ამ კაი კაცს, რა გინდა "ქართულ პარტიაში"... ჯერჯერობით შეხვედრა შედგა, მაგრამ დეტალები მომავალში იქნება ცნობილი", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი და შეკითხვას - "გავრცელდა ინფორმაცია, რომ მრჩეველთა საბჭო თემატურ ჯგუფებში გადანაწილდა. თქვენ რომელ ჯგიფში იმუშავებთ?" - პასუხობს:
"მრჩევლები მუშაობას აგრძელებენ, დარგობრივ ჯგუფებში კოორდინატორების ფუნქცია გვექნება. შესაბამისად, უკვე გადავდივართ კონკრეტული პროდუქტის შექმნაზე. მე ვარ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და სამართლის დარგობრივ ჯგუფში, რომელსაც მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს".
"დიდი სამუშაო პროცესი იწყება. ეს რუტინაა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმომადგენლობების, ოფისების გახსნა, პარტიის დაფუძნება, არჩევნებისთვის მომ ზადება ყველა საჭირო ინსტრუმენტით. საჭიროა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილი გაყალბების მექანიზმების საწინააღმდეგო მექანიზმების შექმნა, საზოგადოების მომზადება და ჩართვა ამ მოძრაობაში... ვინც ბრჭყვიალა, ლოზუნგებად ქცეული ფრაზების, ქცევების, დაპირებებისა და ცარიელი განცხადებების მოლოდინში იყო, როგორც ჩანს, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტანდარტების ხელმძღვანელობს. საწყენად არ ვამბობ, რაღაც კლიშეები ჩასახლდა ამ ადამიანების გონებასა და გემოვნებაში, ვისზეც მოქმედებს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა. ბიძინა ივანიშვილი სხვა ტიპის ლიდერია. რაზეც მან ისაუბრა, ნუთუ ეს არ იყო მკაფიო გზავნილები მომავლის ხედვაზე? ყველა თემას შეეხო, ყველა წუხილს და საზრუნავს - რა აკლდა ინფორმაციის თვალსაზრისით?" - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია.
782
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85