"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ ამ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" იქცევა საზოგადოების კონსოლიდაციის საყრდენ ძალად. მოახერხებს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს და რომელთა მიზანიც იმგვარი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაა, რომელიც ქვეყანას ხანგრძლივ სტაბილურობას მოუტანს. ამის იმედი გააჩინა ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დღეს კი ამ მოძრაობის დაფუძნებამ. ბიძინა ივანიშვილი მაინც ჩამოაყალიბებს პარტიას, იმის მიუხედავად, აღუდგენენ მოქალაქეობას თუ არა, შესაბამისად, პოლიტიკური ძალაც სამსუბიექტიან ალიანსად ჩამოყალიბდება, რომელიც კონკრეტულ სახეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად მიიღებს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართული ოცნება" დაფუძნდა, რა იქნება შემდეგ? / "მალე აუცილებლად გატყდება ის მონოლითი, რაც აქამდე "ნაცმოძრაობის" სახით არსებობდა".
"ამასთანავე, ჩვენ ვაპირებთ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობას, რისი კონტურებიც თანდათანობით გამოიკვეთება. "თავისუფალმა დემოკრატებმა" დავიწყეთ ჩვენი აქტივისტების მომზადების პროცესი. ველოდებით ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბებას და შემდეგ ერთობლივად განვაგრძობთ ამ საქმიანობას. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ამომრჩევლის აღრიცხვა პრინციპით "კარდაკარ", ვქმნით ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მხარდამჭერთა აღრიცხვის გარდა, ამ ხალხის საარჩევნო უბანთან მიყვანას უზრუნველყოფს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც რეალურად კონკურენტულ გარემოს შექმნის "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ორპოლუსიანი არჩევნები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"მე უკვე შევთავაზე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და საქართველოს ხელისუფლებასაც, შევქმნათ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებობდა წინა ადგილობრივ არჩევნებამდეც. ამ ჯგუფში შევლენ სამართალდამცავ სტრუქტურათა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფაქტს განიხილავენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ამაზე ველაპარაკე ჩვენს მეგობრებს შეერთებულ შტატებშიც, როგორც ვიცი, ხელისუფლებაც არ ამბობს უარს. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განხორციელდება და იქცევა ერთ-ერთ ბერკეტად, რომლითაც თავს დაიცავს ქართველი საზოგადოება. გარდა ამისა, მე და ჩემი თანაპარტიელებიც ვაპირებთ ვიყოთ ყველა რეგიონში და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც პოლიტიკური ნიშნით დაიჩაგრება", - განაგრძობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.
"არ დავუშვებ, რომ ამ რეპრესიულმა რეჟიმმა ქართველი საზოგადოება კვლავ შიშში ამყოფოს! პირადი მაგალითით მივცემ ადამიანებს იმის სტიმულს, რომ რეალურად გახდნენ ქვეყნის მომავლის მშენებლობის მონაწილენი. მალე აუცილებლად გატყდება ის მონოლითი, რაც აქამდე "ნაცმოძრაობის" სახით არსებობდა - აშკარაა, რომ საზოგადოებაში შიში ტყდება, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რეგიონებში, რაც აუცილებლად გატეხავს სააკაშვილის რეპრესიულ რეჟიმს. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ ეუთოსა და ევროკავშირისგან, ამ მოლაპარაკებაში ამერიკის სენატორები და კონგრესმენებიც არიან ჩართული, განხორციელდეს ტელემაუწყებელთა გრძელვადიანი მონიტორინგი, ეს ერთხელ უკვე მოხერხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ამჟამად ეს, სულ ცოტა, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე უნდა დაიწყოს. ეს გრძელვადიანი მონიტორინგი მოგვცემს საშუალებას, საზოგადოებამ გააკონტროლოს ტელემაუწყებლობა და ის, თუ რა ზეგავლენა აქვს ხელისუფლებას მედიაზე, შესაბამისი ფაქტების გამჟღავნებისას უნდა ვიზრუნოთ მათ აღმოფხვრაზეც. ეს მონიტორინგი ისეთი გამოცდილი ორგანიზაციის ექსპერტების ჩართვით უნდა განხორციელდეს, როგორიც არის, მაგალითად, ტელეკომპანია ბი-ბი-სი", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა როგორც ქართველი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით, რომ ვაპირებთ მოეწყოს საერთაშორისო ფორუმი მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. სააკაშვილი ვერ გაბედავს, რომ არ გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი. მან მშვენივრად იცის, რომ ასეთ შემთხვევაში იზოლაციაში აღმოჩნდება, ისედაც ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს მსოფლიოში და ახლა იზოლაცია ხელს არ აძლევს. დავბრუნდი ამერიკიდან, სადაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გავმართე როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთან და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ყველა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ უჭერენ მხარს, არამედ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ისინი არიან მომხრე იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს", - დასძენს ირაკლი ალასანია.
"ბიძინა ივანიშვილმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი საგარეო პოლიტიკაში ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა, აქ ინტერპრეტაციების საშუალება არავისთვის მიგვიცია. დიახ, ვთქვი, რომ სააკაშვილის პირობებში ნატოში გაწევრება უფრო გაჭიანურდება-მეთქი. ორი წლის წინ მისმა სწორედ წინდაუხედავმა, არადიპლომატიურმა და იმპულსურმა საერთაშორისო ნაბიჯებმა შეუშალა ხელი საქართველოს მაპ-ის მიღებაში", - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "დღეს არსებობს იმედი, რომ ნატოს მომავალ, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მაპ-ს მიანიჭებენ... თუ ეს მართლა მოხდა, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არ იქნება?" - პასუხობს:
"ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი საზოგადოების დამსახურება იქნება, საზოგადოებისა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ჩვენ ქუჩაში აღარ ვწყვეტთ პოლიტიკურ საკითხებს. დღეს რომ ქუჩაში არეულობა არ არის, სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამსახურებაა, რომელსაც მეც წარმოვადგენ".
761
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85