არსებობს რვაფეხა, ორმოცფეხა და კეზერაშვილი, რომელსაც იმაზე მეტი საცეცი აღმოაჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. რაგინდარა სახეობის ბიზნესში არ აქვს ამ კაცს ხელ-ფეხი შეყოფილი. მისი გამოჩენა ამა თუ იმ სექტორში, კონკრეტული ბიზნესის მონოპოლიზაციას (რასაკვირველია კეზერას სასარგებლოდ) იწვევს. ასე იყო ხორცის ბიზნესის დროს, ლატარიების შემთხვევაში; ასე არის სარეკლამო ბიზნესის კონტროლის დროს და ასე იქნება ნავთობპროდუქტების უზარმაზარი ბიზნესის შემთხვევაში (აქ კეზერაშვილის მოწინაღმდეგეები მსხვილი ზვიგენები კი არიან, მაგრამ იგი არავის ეპუება).
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სარეკლამო ბაზრის კვლევა განახორციელა და საინტერესო ანგარიში წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილი ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელის მეშვეობით აკონტროლებს.
როგორც სარეკლამო ბაზართან დაკავშირებიული ანგარიშში არის ნათქვამი, ამის გამო ქვეყნის სარეკლამო სექტორი კონკურენციისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობით ხასიათდება. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აღმოაჩინა, რომ პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რამდენიმე ოფშორული კომპანია მათი რეალური მფლობელების სახელებსა და ფინანსურ ნაკადს მალავს.
“სექტორის გამჭვირვალობას ხელს უშლის კომპანიების ოფიციალური მფლობელობის საეჭვოდ ხშირი ცვლა და ცრუ მფლობელის პრაქტიკის ხშირი გამოყენება. სატელევიზიო გაყიდვების სახლი “ჯენერალ მედია” ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე ფაქტო მონოპოლიას ფლობს, თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში კი დომინანტი პოზიცია “აუთდორ.ჯი”-ს უკავია. კერძო სექტორში თვითცენზურის გარემოა შექმნილი და რეკლამის დამკვეთებს ხშირ შემთხვევაში მათი ბიზნესისათვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით არ სურთ ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი”, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
კვლევამ აჩვენა, რომ კერძო სექტორში თვითცენზურის გარემოა შექმნილი და რეკლამის დამკვეთებს, მათი ბიზნესისთვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით, არ სურთ ითანამშრომლონ ისეთ მედიასაშუალებებთან, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობა 43 და 46.5 მილიონ აშშ დოლარს შორის მერყეობდა. ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ და სარეკლამო ბაზრის ყველაზე დიდ სექტორად რჩება, რომელზეც მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 78 პროცენტი მოდის. რადიოსადგურებზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 7 პროცენტი იხარჯბა, გარე რეკლამის წილი დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს, ხოლო ჟურნალ-გაზეთების წილი 4 პროცენტია. ინტერნეტ რეკლამების წილი დაახლოებით 1 პროცენტს შეადგენს და, შესაბამისად, 1 მილიონ დოლარსაც ვერ აღწევს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალოს. როგორც თბილისში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია “კავკასიისა” და ოპოზიციურ ტელეარხ “მაესტროს” წარმომადგენლებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუცხადეს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეკლამის დამკვეთები ამ არხებთან დადებულ კონტრაქტებს, პოლიტიკური ზეწოლის გამო, რამდენიმე დღის შემდეგ აუქმებდნენ. მსგავსი შემთხვევები წარსულში ყოველკვირეულ ჟურნალ “ლიბერალისა” და ბათუმში გამომავალი გაზეთ “ბათუმელების” გამომცემლებსაც ჰქონიათ.
“ქვეყანაში თავისუფალი და კონკურენტული სარეკლამო სექტორის არარსებობამ, შესაძლოა, ასევე გააუარესოს ისედაც არათანაბარი გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, თუ ოპოზიციურ და მმართველ პარტიებს პოლიტიკურ რეკლამასთან თანაბარი წვდომა და პირობები არ ექნებათ”, - ამბობს კვლევის ავტორი მამუკა ანდღულაძე.
ბეჭდური რეკლამის სექტორი მაინც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის და ამის დასადასტურებლად ჟურნალების “ტაბულასა” და “ლიბერალის” მაგალითი მოჰყავთ. საზოგადოებრივ - პოლიტიკური ჟურნალები: “ტაბულა” “ლიბერალის” წინააღმდეგ 2009 წელს მისი დაარსების შემდეგ, ჟურნალ “ტაბულაში”, რომლის რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მეუღლეა, რეკლამის დამკვეთები შთამბეჭდავი რაოდენობის მთლიან გვერდზე განსათავსებელ რეკლამებს ათავსებენ.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მთავრობისა და მედისაშუალებებისათვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მთავრობისათვის მომზადებული ერთ-ერთი რეკომენდაცია ის არის, რომ სამთავრობო სტრუქტურები მედიისა და სარეკლამო ბაზრის ფუნქციონირებაში არ უნდა ჩაერიონ და ამ ბაზარზე არსებული კონკურენცია არ უნდა შეზღუდონ. სამთავრობო უწყებებმა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა თავი უნდა შეიკავონ ერთი რომელიმე მედიასაშუალების მეშვეობით მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის წარმოებისგან და უნდა უზრუნველყონ, რომ მედიასაშუალებებზე გადასახადების გადამხდელთა ფული სამართლიანად, საკონკურსო წესით და გამჭვირვალედ განაწილდეს.
940
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85